კახა კალაძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე - ფაქტი, რა თქმა უნდა, ცუდი და არასასიამოვნოა - გამოძიება ყველაფერს დაადგენს

ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის ფაქტები არასასიამოვნოა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა - არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სპეკულაციაა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.

„შეეშვით ამ სულელურ სპეკულაციებს. არ მაინტერესებს თქვენი სპეკულაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა