მეგი დიასამიძე - პროკურატურის ბრალდებას ვერ დავეთანხმები, მედავებოდნენ ისეთ ფაქტს, რაც არც კი ვიცოდი, წარწერა არ გამიკეთებია - გირაოს გადავიხდი თუ არა, ადვოკატებთან შევათანხმებ

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებული მეგი დიასამიძის განცხადებით, მას კალაძის ბანერი არ დაუზიანებია, წარწერები არ გაუკეთებია და შესაბამისად არც ბრალს არ ეთანხმება.

ამის შესახებ მან სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მეგი დიასამიძის თქმით, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებულ 2000-ლარიან გირაოს, ადვოკატებთან ერთად გადაწყვეტს.

„გირაოს გადავიხდი თუ არა, ამას ადვოკატებთან შევათანხმებ აუცილებლად, მათთან გავივლი კონსულტაციას და ყველაფერი ისე მოხდება. ველოდებოდი თუ არა [აღნიშნულ გადაწყვეტილებას], სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ვერ ვიგებდი მეორე მხარე რას აკეთებდა და ამას თვითონ ადვოკატებიც ვერ იგებდნენ. რომელი მუხლი იყო კონკრეტულად, არ მესმოდა და რადგან მუხლი არ მესმოდა, ვერ ვხდებოდი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. როდესაც უშუალოდ ადვოკატები ვნახე დარბაზში, იქ მითხრეს, რომ გირაოს ითხოვს პროკურატურა და როცა გირაო მოითხოვეს, გავთავისუფლდებოდი თუ არა, არ მქონდა ზუსტად ინფორმაცია და მოლოდინი არ მქონდა გათავისუფლების, სიმართლე რომ გითხრათ.

პროკურატურის ბრალდებას და გამომძიებლების ბრალდებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. არ დამიზიანებია და ვერანაირად ვერ დავეთანხმები, ცხადია. მედავებოდნენ ისეთ ფაქტს, რაც არც კი ვიცოდი, არც კი გამიკეთებია, წარწერა არ გამიკეთებია“, - განაცხადა მეგი დიასამიძემ.

მან ჟურნალისტებთან დაკავების მომენტში სამართალდამცველების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„განყოფილებამდე მთელი გზა მეკეთა ხელბორკილი და თურმე ყოფილა შესაძლებლობა, რომ ბორკილები საერთოდ არ მქონოდა მანქანაში. ბორკილების მოხსნაზე უარი მითხრეს. პოლიციელების მხრიდან არანაირ სექსუალურ და რელიგიურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ცინიკურ დამოკიდებულებას ადგილი ჰქონდა საუბრის დროს აქციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მეგი დიასამიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, დიასამიძე დარბაზიდან გათავისუფლდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება