ადვოკატებმა ლევან ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა, მოლოდინი არ აქვთ იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის, თუმცა საბოლოო მიზანი არის ის, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავების საქმეზე სიმართლე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დადგინდეს.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ფიქრია სიქტურაშვილმა გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო. ეს არის მოსამართლე, რომელმაც ლევან ხაბეიშვილის დაკავების განჩინება გასცა და აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებაც მანვე გამოიტანა. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ არა იმიტომ, რომ ის შეცვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ, ჩვენთვის აუცილებელია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დადგინდეს სიმართლე და ეს ისტორიული სიმართლე ასახული იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში.

დღეს, ლევან ხაბეიშვილი მოვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში, ის ძალიან მხნედ არის და ყველას მოუწოდებს,რომ მხნედ იყვნენ, რადგანაც ბიძინა ივანიშვილმა უკვე წააგო, მისი დაჭერით აჩვენა, რომ ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის. ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სიტყვის გამო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ადამიანი, პოლიტიკოსი პოლიტიკური მოწოდების გამო დაეკავებინოთ. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწოდებს, რომ მხნედ იყვნენ, ის თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია“- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს ედავებიან უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას. ხაბეიშვილს ბრალდება სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან. ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის