მეუფე შიო - იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული

იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, რომელიც დაემთხვა კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი - ღვთისმშობელი.

მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმედილისა“ (ლკ. 19, 10). უნდა მოსულიყო ძე კაცისა, უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს „ქრისტე ღმერთის დედას“, „ცისა და მიწის დედოფალს“, ადარებს განთიადს, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამობრწყინებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს.

არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით, თავად ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღვმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.

მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს - ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა ან სხვა მიწიური სიკეთე, ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა.

მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. ამიტომ შეუძლებელია, უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნა. არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ, ძვირფასო ძმებო და დებო, მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის.

სწორედ ამიტომ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით: - შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდაო დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო ღვთისმშობელო! მოგვმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ, რამეთუ შენ ხარ მფარველი და მეოხი მონათა და მხევალთა შენთა. ამინ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე