თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, მონუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა - ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თბილისი იყო და არის ქართველთა ისტორიული მეხსიერების, ჩვენი ეროვნული იდენტობის კერა. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალ თაობისთვის, რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა. საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის საყვარელი ქანდაკება - ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს აღნიშნული ინიციატივისთვის, ასევე, კულტურის სამინისტროსა და მოქანდაკეების ჯგუფს, რომელმაც ძეგლზე იმუშავა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მოქანდაკეებს და არქიტექტორს, რომლებიც ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროს. სწორედ თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა ეს პროექტი. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივაც იყო თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მათივე ცნობით, ნამუშევარი მოქანდაკეების ჯგუფმა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა. მონუმენტი, რომელიც ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე II-ის ღვაწლის უკვდავსაყოფად განთავსდა, სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ღონისძიებას მოქანდაკეები, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები ესწრებოდნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო