ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2025

დაძაბულობის ზრდა ევროპასთან და 4 ოქტომბრის მოლოდინები - რა გზავნილები აქვს პაპუაშვილს

დიპლომატია “ქაღალდის ვეფხვთან” - ტრამპის ხმაურიანი განცხადება და კარდინალურად შეცვლილი ტონი

“31 წლის მანძილზე პირველად” საია არჩევნებს არ დააკვირდება

* * *

დაძაბულობის ზრდა ევროპასთან და 4 ოქტომბრის მოლოდინები - რა გზავნილები აქვს პაპუაშვილს

“საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ურთიერთობა მწვავე ფაზაშია - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაზე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის სოლიდარობის გამოცხადება “ძალადობის თანამონაწილეობას” ნიშნავს. პაპუაშვილის თქმით, თუ იქნება ძალადობა, “პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც”. ევროკავშირთან დაძაბულობის კონტექსტში, პაპუაშვილმა კითხვას უპასუხა, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სცადეს, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთვის კითხვები დაესვათ, თუმცა “მან კითხვები დაიწუნა და სამაგიეროდ თქვა, რომ აქტივისტებთან თანამშრომლობით ამაყობს”. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან “შესაბამის ტონში ისაუბროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაძაბულობის ზრდა ევროპასთან და 4 ოქტომბრის მოლოდინები - რა გზავნილები აქვს პაპუაშვილს.

“აღსანიშნავია, რომ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: “სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ”. პაპუაშვილის თქმით, ამ განცხადებით ევროკომისიის პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას. “აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფა არის, რაც ჩვენ ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ”, თქვა პაპუაშვილმა, რომლის აზრით, “ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც “ნაციონალური მოძრაობის” დაორგანიზებული აქციიდან იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამიტომ, მინდა გუშინდელი განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და უცხოელმა - 4 ოქტომბერს თუკი იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ “მოლოტოვის კოქტეილებზე” და რაღაცებზე, ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს გუშინდელი განცხადებით ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით. ეს უნდა აღიქვას ევროკომისიამ, საქართველო არავის სათამაშო არ არის. ქართველების ბედი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი არ არის. ან არიან გულუბრყვილოები, მიამიტები და საერთოდ ვერ ხვდებიან, რასთან აქვთ საქმე. როგორ დაუტრიალდა ეს სიტყვა, რომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად დაანონსებულ ძალადობის აქციას, “ნაციონალურ მოძრაობას” სოლიდარობა გამოუცხადა. ქართულ ენაში ვერკვევი და სიტყვა “დამხობა” რას ნიშნავს ლიტერატურულად, რას ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს იცის საქართველომ თავისი 90-იანი წლების ისტორიით. ვინმეს თუ ჰგონია, აქ შტერი არავინ არის”, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, “დღევანდელი ბრიუსელი საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას აწარმოებს”. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა გოგა ხაჩიძის პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება”, - განაგრძობს გამოცემა.

“მომღერლების რადიკალიზაციის ძალიან ცუდი ტენდენციაა - ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი. არასერიოზულია და რაც მთავარია, თავის თავს წარმოაჩენენ არასერიოზულად. ეს გვაჩვენებს ღირებულებით უფსკრულს, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფია ჩავარდნილი. ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ - წავლენ სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როცა ეს მომღერალი ადამიანი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე. ვნახეთ 2022 წელს, როცა ზუსტად ეს ადამიანები საქართველოს მეორე მსოფლიო შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში ითრევდნენ. როცა ხალხი რუსთაველის გამზირზე იდგა და ითხოვდა, რომ საქართველო ამ ომის ნაწილი გამხდარიყო, შევსულიყავით ესკალაციაში. ითხოვდა არა იმიტომ, რომ მათ უკრაინა ან საქართველო ადარდებთ, არამედ იმიტომ, რომ მათ ადარდებთ ძალაუფლება და ამისთვის ყველას და ყველაფერს გაწირავენ” - თქვა პაპუაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ “არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რადიკალიზაცია და ძალადობა დათესონ საქართველოში”, - დასძენს გამოცემა.

“პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, რომელის მან “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა: “თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ “გაედოთ” ბაირამ-დუდუკში. გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა. წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან”. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, “ლელო” არის თაღლითების პარტია, შექმნილი თაღლითობის მიზნით - იმ განცხადებით, რომ თუ რამე ძალაუფლებას მიიღებენ, ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ, პირდაპირ დაადასტურეს, რომ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გარედან დაწერილი ერთიანი გეგმა”, - წერს სტატიის ავტორი.

დიპლომატია “ქაღალდის ვეფხვთან” - ტრამპის ხმაურიანი განცხადება და კარდინალურად შეცვლილი ტონი

“აშშ-ს პრეზიდნეტის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ “უკრაინა ახლა ისეთ ფორმაშია, რომ შეუძლია ქვეყანა თავდაპირველ ფორმაში დააბრუნოს”, ხოლო რუსეთი “ქაღალდის ვეფხვია”, უკრაინის პრეზიდნეტი სასიამოვნოდ გააკვირვა, ხოლო კრემლი უკმაყოფილი დატოვა. რას უკავშირდება ტრამპის კარდინალურად შეცვლილი რიტორიკა და როგორ იმოქმედებს ეს ომზე? ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს იმ სავარაუდო ფაქტორებზე, რომლებმაც აშშ-ს პრეზიდენტს რიტორიკის ცვლილებისკენ უბიძგა. “ტრამპი ცნობილია თავისი პოზიციების დიდი ცვალებადობით. ტრამპის ამ პოზიციის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი და ახსნა აქვს - უპირველესად იმის გამო, რომ ვერ მიაღწია იმ სასურველ სწრაფ შედეგს კონფლიქტის დასრულებაში, რის პირობასაც დებდა. არის ერთგვარი დაღლაც. თუმცაღა მას ხაზგასმით აქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას შეიარაღებით დაეხმაროს - ოღონდ ამ შეიარაღებას ყიდულობენ ევროპელები და ამერიკის გადასახადის გადამხდელი თავის ჯიბიდან არ იხდის”, თვლის აბაშიძე, რომლის აზრით, კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შიდა პოლიტიკური ვითარება შეერთებულ შტატებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დიპლომატია “ქაღალდის ვეფხვთან” - ტრამპის ხმაურიანი განცხადება და კარდინალურად შეცვლილი ტონი.

“აშშ-ში უკრაინის ბრძოლას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრამპი პოზიციების ცვლილებით ხშირად ავლენს თავის მომლაპარაკებლურ ტაქტიკას - ხან ხისტია, ხან თაფლაკვერი. ეს მისი სტილია. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცვლილება მოხდა, თუმცა არ უნდა იფიქროს მავანმა, რომ ახლა გამოვა და რუსეთთან ხისტ პოზიციას დაიჭერს. ამას როგორ გააკეთებს, როცა პუტინთან ეკონომიკურ კავშირებზე საუბრობს? ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ემსახურება კიევისა და მოსკოვის დათანხმებას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. იმის მიუხედავად, რომ საგარეო საკითხებში შეერთებული შტატები ლოკომოტივია ევროპასთან შედარებით, მას მაინც უწევს ევროპელების აზრის გაზიარება. მეორე მხრივ, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა. ასევე, ვხედავთ იმ თვხედურ ქმედებებს, რასაც რუსეთი ევროპის ქვეყნებზე ახორციელებს - ვგულისხმობ საჰაერო აპარატების შეფრენას, კომერციული საიტების დაჰაკვას. ამიტომ ევროპას ახლა სასიცოცხლოდ მიაჩნია ამერიკის თანადგომა უკრაინის საკითხთან მიმართებით. მაგრამ არის ერთი დიდი “მაგრამ” - ამერიკას არ სურს გააგრძელოს ისე აქტიურად ჩარევა, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია ახორციელებდა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ტრამპმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში თქვა, რომ პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და უკრაინისთვის მოქმედების დროა. “მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ შეუძლია იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა. დროის, მოთმინების და ევროპის და კონკრეტულად ნატოს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, რეალური ვარიანტია. რატომაც არა? რუსეთი სამ წელიწად-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს მათ “ქაღალდის ვეფხვად” წარმოაჩენს. უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ!” - წერს ტრამპი, რომლის თქმით, აშშ გააგრძელებს ნატოსთვის იარაღის მიწოდებას, რათა შემდეგ ამ იარაღით “ნატომ რაც უნდა ის გააკეთოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კრემლი ტრამპის განცხადებას მალევე გამოეხმაურა, კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის თქმით, “რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. “ქაღალდის დათვები” არ არსებობენ, რუსეთი კი ნამდვილი დათვია”. პრეზიდენტი ზელენსკი კი ტრამპის განცხადებას, პოზიტიურ სიგნალად აფასებს. Fოხ Nეწს-თან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკვირვა თუ არა ის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ უკრაინა ისეთ პოზიციაშია, რომ შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ, ზელენსკიმ უპასუხა: “ცოტათი. დიახ. ანუ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს ხალხში, ჩემს არმიაში და შეერთებული შტატების მხარდაჭერაში, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო პოზიტიური იყო და მან აჩვენა, რომ სურს უკრაინის ბოლომდე მხარდაჭერა. ასე რომ, ახლა ჩვენ გვესმის, რომ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს სურს, მეც მსურს, ჩვენს ხალხს ეს სურს, მაგრამ მან (ტრამპმა) გააცნობიერა, რომ პუტინს ეს არ სურს და ის ხედავს, რომ ის (პუტინი) არ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ იმარჯვებს. მე ვხედავ ძალიან დადებით სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნება ომის დასრულებამდე” - განაცხადა ზელენსკიმ, რომლს თქმით, მისთვის ეს გარკვეულწილად მოულოდნელი იყო”, - დასძენს გამოცემა.

“დონალდ ტრამპის კომენტარების შემდეგ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა უფრო სუვერენული უნდა გახდეს. “უნდა დავინახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია. ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია. ყველა ევროპულ სახელმწიფოს არ შეუსრულებია ის, რასაც ისინი უკრაინას დაჰპირდნენ. უნდა ვნახოთ, რა ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობები გვაქვს”, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ტრამპის განცხადება, რომელშიც მან რუსეთს “ქაღალდის ვეფხვი” უწოდა, “კარგია როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის” და აღნიშნა, რომ “პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინთან მისი ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა”, - წერს სტატიის ავტორი.

“31 წლის მანძილზე პირველად” საია არჩევნებს არ დააკვირდება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 31 - წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება. ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”განცხადებაშია აღნიშნული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საიას არყოფნა არჩევნებზე არ იმოქმედებს, რადგან საარჩევნო პროცესს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან. საია-ს შეფასებით, “4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება. დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას”, - ნათქვამია საიას განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ “საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “31 წლის მანძილზე პირველად” საია არჩევნებს არ დააკვირდება.

“საია არჩევნებს თუ არ დააკვირდება, მისი გადასაწყვეტია. ამას არსებითი გავლენა ვერ ექნება, რადგან არჩევნებს არაერთი საერთაშორისო მისია დააკვირდება, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორის ჩაძირვის პროცესი მიმდინარეობს. ”საია-ს სარჩელები და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემაში მათი წარუმატებლობაც გვახსოვს. ალბათ საია უკვე ხედავს, რომ იმ მეთოდებს, რომლებსაც წინა წლებში წინასაარჩევნოდ იყენებდა, მათ შორის პროცესების ესკალაციისა და პროპაგანდისტური მესიჯების გავრცელების თვალსაზრისით, წელს ვეღარ გამოიყენებს. დამხობისთვის თუ ისინიც ემზადებიან, სამართალი კარგად უნდა იცოდნენ. თუ არჩევნებს არ დააკვირდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას არჩევნებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება, რადგან არჩევნებს არაერთი საერთაშორისო მისია დააკვირდება”, - განაცხადა ბითაძემ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ფარსია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ისინი ცდილობენ შექმნან ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში რაღაცნაირი ტიპის არჩევნები ტარდება. რეალურად, ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და რაც ოქტომბერში ტარდება, ეს არის რუსული სპეცოპერაცია,”- განაცხადა ანი წითლიძემ. ცნობისთვის, ადრე, განცახადება საიას გარდა გაავრცელა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც (ISFED), ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადებით, ორგანიზაცია 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, განცხადების თანახმად, ISFED გააგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას”, - განაგრძობს გამოცემა.

“შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი აარ დააკვირდება. ODIHR-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო მონიტორინგს საფუძვლიანი მზადება სჭირდება”, რაც ქართული ოცნების მოკლე ვადაში გაგზავნილი მოწვევის გამო ვერ მოხერხდება. შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს ცნობით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია”, - დასძენს გამოცემა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო