ნიკოლოზ სამხარაძე ბრატისლავაში სლოვაკ კოლეგას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის პარლამენტის მიწვევით, ბრატისლავაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიან ქერის და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

„მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს აქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის ზრდის აუცილებლობას.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სლოვაკ კოლეგებთან კულტურისა და ტურიზმის სფეროებში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს. მხარეებმა ამ მიმართულებით მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზი გახდა. მან სლოვაკ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია, ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობებზე, აგრეთვე იმ რეფორმებზე, რომლებიც ხელისუფლების მიერ განხორციელდა, გაცხადებული მიზნის - 2030 წელს ევროკავშირის წევრობის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე სლოვაკურმა მხარემ აღნიშნა, რომ არ იზიარებენ ევროპული ინსტიტუტების მიერ საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკას. მათი თქმით, საქართველო არის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და აუცილებელია, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხი მუდმივად იდგას დღის წესრიგში. სლოვაკი დეპუტატების განცხადებით სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების რთულ პროცესზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე შიდა პოლიტიკურ ვითარებას. როგორც სლოვაკურმა მხარემ აღნიშნა, შიდა პოლიტიკური განწყობები და პრობლემები, აგრეთვე საგარეო ჩარევის ფაქტები საქართველოსა და სლოვაკეთში თითქმის იდენტურია.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა სამეზობლოზე. სლოვაკმა დეპუტატებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი მიდგომა გაუზიარეს ომთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ისინი ცალსახად გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, არ შეეგუებიან უკრაინული ტერიტორიების ანექსიას, თუმცა ამავდროულად ემხრობიან ომის მალე დასრულებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტას.

ქართულმა მხარემ სლოვაკ კოლეგებს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მთავრობის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს.

ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საპარლამენტო დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა