ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში, პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა საფრანგეთის პარლამენტში მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, რომელშიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზეა საუბარი.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მალე შეიცვლება შექმნილი მდგომარეობა.
„ტრაგიკული მოვლენაა, ტრაგიკული მდგომარეობაა, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება. თქვენ გახსოვთ თავის დროზე ევროკავშირის ყველა ელჩის დემარში, რომლითაც მივიდნენ ისინი იუსტიციის სამინისტროში, აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს კლავდა ხელისუფლება და ა.შ. თუმცა ძალიან მალე ყველაფერს მოეფინა ნათელი, ასეთივე რანგის ტყუილებთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი მიუთითებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობაზე.“- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან კითხვაზე, როგორ აისახება საფრანგეთის პარლამენტში დარეგისტრირებული რეზოლუცია საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილი ამ საკითხზე არ დარდობს.
„ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე სამი წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე სამი წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდარდებს ბიძინა ივანიშვილი. რაზეც ბიძინა ივანიშვილი თვითონ არ ნერვიულობს, თქვენ ნუ ინერვიულებთ მის ნაცვლად ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადდა. რეზოლუციის პროექტის წინადადება „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას“. ამასთან, საფრანგეთის სენატი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.
რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ „ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას“.
რეზოლუციის თანახმად, „საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებას ადასტურებს“.