სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე - დღეს არსებობს შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას წარმოადგენს

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დეზინფორმაციის კამპანიებისა და ტექნოლოგიური საშუალებების წინააღმდეგ ინფორმაცია მუშაობს. ასევე, მუშაობს სოციალური ქსელები, რადგან რეგულარული კომუნიკაციის არხები პირდაპირ სამიზნედ იქცა. დღეს არსებობს იმის შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება. პირველი სამიზნეები რეგიონული ჟურნალისტები იყვნენ. მზია ამაღლობელი, ქალი ჟურნალისტი, რომელიც დაკავებულია. პოლიციელმა მას სახეში შეაფურთხა და მან სილა გააწნა. მან 8 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, ხოლო შემდეგ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ჟურნალისტია, რეგიონში, სადაც მსგავსი ჟურნალისტები გვჭირდება, რათა ინფორმაციული ბრძოლები მოვიგოთ. ჩვენ ინფორმაციულ ბრძოლებში ნამდვილად ვერ ვიმარჯვებთ, რადგან ყველა რესურსი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალური არხები მიზანშია ამოღებული. ამიტომ, სოციალური ქსელების, მათ შორის TikTok-ის გამოყენება გვიწევს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება ინდივიდუალურად შეუძლებელია.

„ამ ბრძოლაში მარტო ვერ გავიმარჯებთ. ეს საერთო ბრძოლაა. მხოლოდ ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ რეალურად დეზინფორმაციის წინააღმდეგ სტრატეგიები შეიმუშაონ, რადგან რუსეთი ამ სტრატეგიებით დიდი ხანია იბრძვის. ამ ყველაფერს წინ საბჭოთა პროპაგანდა უძღოდა, ხოლო არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი არა სამხედრო ლიდერი, არამედ „კაგებეს“ ლიდერია. მასთან გამკლავების მიზნით, საჭიროა ბრძოლის საშუალებების გაზიარება. ეს საერთო ბრძოლაა საერთო მტრის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ