ირაკლი კობახიძე - საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან - მსურს ვთხოვო თითოეულ ამომრჩეველს, ხმა მისცეს არჩევნებში

საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხვალ შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ.

„დღეს სრულდება საარჩევნო კამპანია და გვსურს, შევაჯამოთ წინასაარჩევნო პროცესები. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური გაერთიანება, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად და თანასწორ პირობებში წარემართათ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასაარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის, აგრეთვე სამართალდამცავ უწყებებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის.

ხვალ შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. მოხარული ვართ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა იქცა ხელისუფლების რგოლად, რომელიც საზოგადოებაში გამორჩეულად მაღალი ნდობით სარგებლობს. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს. დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, თითოეული მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს.

საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს ვთხოვო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს, გამოავლინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხმა მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა