საგარეო საქმეთა სამინისტრო - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო

2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, პირველად გავიდა კონსენსუსით.

რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

„რეზოლუციის კონსენსუსით მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი.

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

გასული წლის მსგავსად დოკუმენტში კვლავ აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებები.

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად