ადვოკატი - პაატა ბურჭულაძემ სუს-ისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

პაატა ბურჭულაძემ სუს-ისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც პაატა ბურჭულაძესთან გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ შესული.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, საქმე ეხებოდა „სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს“, რასთან დაკავშირებითაც პაატა ბურჭულაძეს არავითარი ინფორმაცია არ აქვს.

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, პაატა ბურჭულაძესთან იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [შესული]. როგორც აგვიხსნეს, საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს. გამოკითხვის ოქმში დავაფიქსირეთ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე არის გამოყენებული მის წინააღმდეგ, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ან ჩვენება, რომელსაც მისცემს მით უმეტეს ასე დაუგეგმავად, შეიძლება იქნას გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ, შესაბამისად ამ ეტაპზე ბურჭულაძემ ჩვენების მიცემაზე, მათ შორის სუს-ისთვის, უარი განაცხადა.

ამასთან, პროცესმა ჩაიარა მშვიდად. თანამშრომლების ქმედებები იყო კანონის შესაბამისი, პროცედურები იყო სრულად დაცული, არანაირი ჩივილები არ გვაქვს, უბრალოდ, ასე მოსვლა, ღამის საათებში, ადვოკატის გაუფრთხილებლად, არის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დგას, თუმცა მადლობა თანამშრომლებსაც და ბატონ პაატასაც, რომელიც ამ სიტუაციაში არ დაიბნა. მოვასწარი მოსვლა, სანამ გამოკითხვის პროცესი დასრულდებოდა“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რუსთავის ციხეში პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვის მიზნით იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბურჭულაძე და ზოდელავა იმავე საქმეზე იკითხებიან, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილია დაბარებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება