საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი და გამორჩეული თანამშრომლის, სტუ-ის ოქროს მედლის კავალერის - ელიკო ოხანაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოხანაშვილების ოჯახსა და ახლობლებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ქალბატონი ელიკო ოხანაშვილი თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში თავდაუზოგავად და ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. მან სრულიად ახალგაზრდამ, 1964 წელს შემოაბიჯა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და მას შემდეგ მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება ჩვენს ალმა-მატერს დაუკავშირა; გამოირჩეოდა სითბოთი და სიყვარულით კოლეგების მიმართ, განუზომელი ერთგულებით ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს, ხოლო 1978-დან 2021 წლის ჩათვლით უდიდესი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიას. მისი საქმიანობა, პროფესიული თვისებები და ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის იმსახურებდა უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს საუნივერსიტეტო საზოგადოების მხრიდან.

ქალბატონი ელიკო იყო უაღრესად გულისხმიერი, მშვიდი, კეთილგანწყობილი და გამორჩეული პროფესიონალი, რომელსაც 57 წლის მანძილზე, ყოველდღიური და თავდაუზოგავი რუტინითა და გულისხმიერებით მოკრძალებული წვლილი შეჰქონდა დიდი საუნივერსიტეტო ოჯახის ღირსეული ისტორიის შექმნაში. სწორედ მისი გამორჩეული ღვაწლი და დამსახურება აღინიშნა უნივერსიტეტის საპატიო და უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით, რომელიც ქალბატონ ელიკოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გადაეცა.

ელიკო ოხანაშვილის ხსოვნა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.

გულით ვუსამძიმრებთ ოხანაშვილების ოჯახს, ქალბატონი ელიკოს ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება