სანდრო თვალჭრელიძე - “ოცნებაში" აბსურდულ გეზს გაჰყვებიან მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის არ მოიცლის”
კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
მირიან მირიანაშვილი - “ფარცხალაძის გვარის ხსენება პირდაპირი სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ივანიშვილმა დაიწყო პრორუსულ ბირთვზე დარტყმა”
რისთვის ააშენეს ენგურზე სატვირთო ტერმინალი - “თავად აფხაზებსაც რომ ვეკითხები, პასუხს ვერ მცემენ”
ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლება ძალიან ჩქარობს დროის მოგებას და რეჟიმის რეალურად ჩამოყალიბებას”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “ოცნებაში" აბსურდულ გეზს გაჰყვებიან მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის არ მოიცლის”
“ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოუტანს “ქართულ ოცნებას”, შიგნიდან გატყდება. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან ბევრი მომხრე და მიმდევარი ჰყავს. სხვათა შორის, ცოტა არ იყოს, მაკვირვებს ღარიბაშვილის სახელის ფარცხალაძესთან დაკავშირება. არსებობს კი ასეთი კავშირი? თუ არსებობს, ეს ერთი საკითხია, თუ ყველაფერი ერთმანეთისგან განურჩევლად ჩაყარეს ერთ ქვაბში, მეორე. მოკლედ, მათთვის ცუდი პროცესები დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი ხდება თანამდებობის მძევალი და მსგავსი საფრთხე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრსაც შეიძლება მალე დაემუქროს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უკავშირდება თუ არა დიდი სკანდალი 4 ოქტომბრის მოვლენებს?!
“როგორც პროკურატურამ და სუს-მა გვითხრეს, ამ ჩხრეკების შედეგად დიდძალი ფული და ძვირფასეულობა ამოიღეს, რაც მაინცდამაინც არ მაკვირვებს, მაგრამ ძალიან მაკვირვებს ღარიბაშვილის “ნაციონალურ მოძრაობასა” და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, მას პირდაპირ პათოლოგიურად სძულს “ნაციონალური მოძრაობა”. ცოტა სასაცილოდ მეჩვენება მის ამგვარ კავშირებზე მინიშნება. ლილუაშვილ-ფარცხალაძეზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ფულს, აქ ნამდვილად ვერავის დაუფიცებ. თავის დროზე, ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერობიდან რომ გადააყენა, მაშინაც კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი, გვახსოვს, “კახური კლანი” და ა.შ. როგორც ჩანს, კიდევ წაუცდა ხელი... სამწუხაროდ, გამოდის, პატიოსანი ადამიანის მონახვა საქართველოში ძალიან ჭირს, მით უფრო არსებულ სისტემაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“მე ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ასაკრძალი იყო, ახლა ეს ნამდვილად ძალიან დაგვიანებულია. ვნახოთ, ვინ მოხვდება ასაკრძალი პარტიების სიაში. როგორც კობახიძემ გვაცნობა, შესაძლოა ეს 10 პოლიტიკურ ძალას შეეხოს. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს ქართული პოლიტიკისთვის შესაძლოა არც იყოს ძალიან ნეგატიური მოვლენა. თუ გადახედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, ქვეყანაში ნებისმიერ სახელისუფლებო ცვლილებას ახორციელებდა ახალი ძალა, რომელსაც ჰყავდა მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი. ეს გააკეთა თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ, შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა და ბოლო ცვლილება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა. ყველა შემთხვევაში ლიდერის გარშემო იკრიბებოდა ახალი ჯგუფი, რომელიც ახერხებდა ძალაუფლების მოპოვებას. ჩვენთან, როგორც წესი, პიროვნებებს შორის მიდის ჭიდილი და არა იდეებს შორის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ეს საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა, შედეგად ძველი, ყელში ამოსული სახეებისგან დაიცლება ოპოზიციური ფლანგი და წესით უნდა გამოჩნდეს ახალი, მოულოდნელი ლიდერი, რომელიც შექმნის პოლიტიკურ ძალას და მოუგებს არჩევნებს “ქართულ ოცნებას”. შესაბამისად, თუ მმართველი ძალა ფიქრობს, რომ საკუთარი მიზნებისთვის ასუფთავებს პოლიტიკურ ველს, ძალიან ცდება. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება “ქართული ოცნების” დასუსტების პარალელურად. საბჭოთა კომუნისტური პარტიაც აკონტროლებდა ყველასა და ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. რასაც ახლა “ოცნება” აკეთებს, ამით მხარდამჭერების ნდობასაც კარგავს, რადგან ეს ხალხი დაცულობის განცდას კარგავს. რისთვის მიდის ხალხი პოლიტიკაში, განსაკუთრებით მმართველ ძალაში?.. დიდი პოლიტიკური ამბიციები ამ ხალხს არა აქვს, ძირითადად, ”კრიშისთვის” მიდიან პოლიტიკაში. თუ აღმოჩნდა, რომ ეს "კრიშა" ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოიქცეს, ბუნებრივია, ვეღარ ენდობიან მმართველ ძალას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, "ქართული ოცნება" ბაბილონის გოდოლივით ძალიან მალე შეიძლება ჩამოიშალოს. ერთსაც ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილს უყვარს ხოლმე საახალწლოდ ახალი პრემიერების დანიშვნა”, - თვლის ექსპერტი.
“ელინა ვალტონენის დაჯარიმება უკვე აბსურდის თეატრსაც აღარ ჰგავს, რადგან მასაც კი აქვს ლოგიკა. ამათ ხალხი აზრს ყოვლად მოკლებული ჰგონიათ ან ფიქრობენ, რომ კონტროლირებადი სატელევიზიო არხების გარდა არაფერს უყურებენ. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მცირე, რადიკალურად განწყობილ, ანტიდასავლურ ჯგუფზე დადონ ფსონი დიდი წარმატების მისაღწევად. აბსურდია, აბა, რა, ღარიბაშვილს “ნაციონალობას” აბრალებენ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, 4 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილეობას ედავებიან, ეუთოს თავმჯდომარეს აჯარიმებენ. მოკლედ, ჩემი აზრით, ამ აბსურდულ გეზს ესენი, ჯერჯერობით, ალბათ, გაჰყვებიან მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის არ მოიცლის”, - ამტკიცებს სანდრო თვალჭრელიძე.
“დაანონსებულ ე.წ. რეფორმას ზოგადად თუ შევაფასებთ, აშკარაა, რომ მათ სურთ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლების, საბჭოთა სკოლად გადააქციონ. ძალიან ეშინიათ სტუდენტების თავისუფალი აზრის. თქვენ თუ ნახეთ, რა კომისია ამუშავებს ამ რეფორმას, აღმოაჩენდით, რომ იქ განათლების სისტემის ერთი პროფესიონალიც კი არ არის. ძალიან მეშინია, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჩამოიშლება და განათლების სისტემა, რომელიც ისედაც სულს ღაფავს, საბოლოოდ განადგურდება. ძალიან სახიფათო პროცესების წამოწყებას გეგმავენ, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სისტემაში, სადაც, როგორც კობახიძემ განგვიცხადა, კონკურენცია აღარ უნდა იყოს. “ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი”, - არ ვიცი, სად ნახეს ასეთი რამ. ვნახოთ, როგორ დაუდგებიან ამ ყველაფერს წინ სტუდენტები, უკვე დაანონსდა საპროტესტო აქციები. არ შეიძლება მხოლოდ ტექნოკრატებისა და რობოტების გაზრდა გინდოდეს. დიახ, ყველაფერი ამისკენ არის მიმართული, უნდათ ადამიანები აქციონ ერთი სისტემის ჭანჭიკებად. ორუელის “1984”-ისკენ მივექანებით. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, დარწმუნებული ვარ, მიზანს ვერ მიაღწევენ და ვერ გაზრდიან რობოტების თაობას”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“არ უნდათ ხალხმა ისწავლოს დასავლეთში და ახალგაზრდებს თავისუფალი აზროვნების საშუალება მიეცეთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, არ გამოუვათ. ისტორიას არ ახასიათებს უკუსვლა, ის მხოლოდ წინ მიდის. ისტორიული პროცესების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ ევროპის ნაწილი ვართ და აუცილებლად დავიმკვიდრებთ იქ ჩვენს კუთვნილ ადგილს - ეს პროცესი შეუქცევადია! ის შეიძლება ოდნავ შეფერხდეს, თუმცა ვერავინ გააჩერებს. რაც შეეხება საუნივერსიტეტო შენობა-ნაგებობების გაყიდვას, მიხეილ სააკაშვილს ჰბაძავენ, რომელმაც მთელი სამეცნიერო სისტემა დაანგრია შენობა-ნაგებობების გაყიდვის მიზნით. ეტყობა, ახლა ამათ შემოაკლდათ ფული. ჯერ კიდევ სამი წლის წინ ვამბობდი, “ქოცები” “განაცდნენ” და “ნაცები” “გაქოცდნენ”-მეთქი, ისევ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. საქართველოში მიმდინარე გლობალური პროცესის ნაწილია ეს მოგონილი განათლების რეფორმაც. იმ ნიაღვრის ნაწილია, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაატრიალა ქვეყანაში და რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ჩიხისკენ, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაკადი ნელ-ნელა დასუსტდება”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.
კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
“ყოფილი პრემიერისა და მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებული ჩხრეკების სერიას ჯერჯერობით რაიმე გაგრძლება ჯერ არ მოჰყოლია. კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და რა სტატუსი აქვთ ამ საქმეებში ყოფილ მაღალჩინოსნებს, ოფიციალურად ამაზე განცხადებები არ კეთდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩხრეკის შემდეგ არავინ დაუკავებიათ და დაკითხვაზეც კი არავინ გამოუძახებიათ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი კორუფციულ ბრალდებებს უკავშირება. თუმცა, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გამოძიება შეეცდება დაადასტუროს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი 4 ოქტომბრის არშემდგარ “რევოლუციასთან” და ისინი “მოღალატეებად” გამოაცხადოს. 17 ოქტომბერს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა - ჩხრეკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინებსა და სახლებში. ჩატარდა პირადი ჩხრეკებიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ.
“გამოძიება ამბობს, რომ ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ელექტრონული მოწყობილობები. თუმცა ოფიციალურად არ დასახელებულა რა საქმეებზე მიდის გამოძიება, რა მუხლითაა აღძრული ეს საქმეები და რა სტატუსით ფიგურირებენ მათში ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები. აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი რევოლუციის” წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რამდენჯერმე იყო ნახსენები ლილუაშვილის გვარი. “ფორმულამ” თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს “ორმაგ აგენტად” მოიაზრებებდნენ. “ნაციონალური მოძარობის” ერთ-ერთ ლიდერ ანა წითლიძის ვარაუდით, მას შემდეგ, რაც გამოძიება ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს დააკავებს, დაკავებულთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება. “ოცნებაში” ყველა კორუფციაშია გარეული და ეს ძალიან კარგად იციან. ამათთვის მესიჯი უნდა იყოს - “აი, “ნაცებთან” გვიღალატეს” - ეს იქნება მესიჯი, რითაც გადახარშავენ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაჭერას. ამას აკეთებს ახლა კობახიძე და ამას ჰყვება მთელი ნარატივი”, - განაცხადა წითლიძემ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს ჩხრეკები მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რასაც დღეს თვალს ვადევნებთ ეს მძიმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს უღალატეს, რომლებზეც მყარად ვთანხმდებოდით. არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე - ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავეთა შორის. თუმცა, ამ ბრძოლის დროს თუ გამოვლენილია ყოფილი ან დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა. არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული და თითოეულ ჩვენგანს და ეროვნული უსაფრთხოების თემებს ეხება...” - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ორ ვერსიას გვთავაზობს, თუ რას და რატომ შეიძლება უკავშირდებოდეს ჩხრეკების სერია. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ “ოცნებაში” გარდატეხა მოხდა და უკვე აღარავინ არის ხელშეუხებელი”, - განაგრძობს გამოცემა.
“მე, ცხადია, შიდა ინფორმაციები არ მაქვს და ვმსჯელობ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველი ვერსიაა, რომ ამ ხალხს სთხოვენ ფულს და მათ ვერ მოაქვთ ან არ მოაქვთ; მეორე ვერსია - მე ეს უფრო მეჩვენება სიმართლესთან ახლოს, რასაც კობახიძე აჟღერებდა ამ დღეებში მინიშნებებით, რომ რაღაც ღალატს აქვს ადგილი. მოკლედ, ბატონ ბიძინას უღალატეს - განაწყენებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საქმე დაიჭირეს ოპოზიციასთან და დააპირეს ხელისუფლების აყირავება. თუ ეს მეორე ვარიანტია და ამას უკავშირდება, დიდი ალბათობით დააპატიმრებენ კიდეც; თუ პირველი ვარიანტია, შესაძლებელია უბრალოდ ფული მოატანინონ. რაც ხდება, ძალიან ბუნებრივია ყველა ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმისთვის. დიქტატურის კონსოლიდაციის პროცესში ასე ხდება - ვინც ზევით იყო, მიდის ქვემოთ; ვინც ქვემოთ იყო, ამოდის ზემოთ. ეს “წმენდა” გრძელდება იქამდე, სანამ დიქტატურა არ დაემხობა”, - ამტკიცება გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ასეთ მომენტში ცვლილებები ყოველთვის არის დიქტატორის გარემოცვაში, მუდმივად ხორციელდება გადაადგილებები, და ვიღაცას ბრალი ედება ღალატში. თუმცა “ოცნების” მხარდამჭერებზე მოკლევადიან პერიოდში ეს არანაირად არ იმოქმედებს. გრძელვადიანში შეიძლება იმოქმედოს იმ თვალსაზრისით, რომ დააფიქროს ხალხი - რომ არაფერია მარადიული და ერთგულება ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლებისადმი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი შენი უსაფრთხოებისათვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შიგნით ეროზიას გამოიწვევს, თუმცა მოკლე ვადაში არ მგონია რამე მოხდეს”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“გუნდში აშკარად მოხდა გარკვეული გარდატეხა იმ მხრივ, რომ აღარავინ არის ხელშეუხებელი. განსაკუთრებით მინდა შევჩერდე ფარცხალაძეზე - საზოგადოებაში ნამდვილად იყო აზრი, რომ ეს არის ხელშეუხებელი პიროვნება, ვინაიდან ძალიან ახლოს იყო ივანიშვილთან და მის ოჯახთან. მე კი ვიცოდი, რომ ეს ფანტაზიების სფეროდან არის, მაგრამ ბევრს სჯეროდა... იხსენებდნენ, რომ გერმანიაში შეიარაღებულ ქურდობაზე ნასამართლევი მერე გახადეს გენერალური პროკურორი იმის გამო, რომ ასეთი მფარველი ჰყავდა, რაც იყო ტყუილი. ამიტომ კარგია, რომ ეს ტყუილი გაქარწყლდა. გვაქვს მნიშვნელოვანი ფაქტი ხელში - მიმდინარეობს მასშტაბური გამოძიება, სადაც არავის აქვს იმუნიტეტი... როცა ღარიბაშვილი გაემგზავრა ჩარტერული რეისით მთელი ოჯახით შეერთებულ შტატებში, რაზეც თქვა, რომ მამაჩემმა გადაიხადაო, მე ვთქვი ტელევიზიით მაშინ, რომ ამ განცხადებით მხოლოდ ნავთი დაასხა ცეცხლზე. ან ბაკურიანის ტყის გადაცემა მეუღლისათვის, როცა პრემიერი იყო - მაშინ თქვა, რომ მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ბაკურიანის ტყეები გადამერჩინა. წარმოიდგინეთ საზოგადოების რეაქცია მაშინ. თუმცა ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობდა. ან ვის უნდა ჩაეტარებინა, სანამ გუნდში არ მოხდებოდა შესაბამისი ცვლილებები?!”- მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“შიდა წმენდა “ოცნების” მხარდამჭერებზე უაღრესად დადებითად იმოქმედებს, თუ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ „ოცნების" დღევანდელი ლიდერები მიიტანენ დროულად და დამაჯერებლად სიმართლეს საზოგადოებამდე. ძალიან ბევრზე იმოქმედებს დადებითად. იგივე ღარიბაშვილზე მე ყოველთვის დადებითად აღვნიშნავდი, რასაც ის აკეთებდა. იგივე ღარიბაშვილზე იყო მოსაზრება, რომ ვინ ახლებს ხელს, როცა საზოგადოებაში არის ეს აზრი, რომ “ოცნებაა” ხელისუფლებაში და შესაბამისად, “ოცნების” მაღალჩინოსნები რაც უნდათ, იმას აკეთებენ. ამ ყველაფრისგან ხდება გასუფთავება”, - დასძენს მამრაძე და შეკითხვზე - “დაკავებენ თუ არა “ოცნების” ყოფილ ლიდერებს?” - პასუხობს:
“ამ ჩხრეკის შედეგად თუ არის ასეთი მტკიცებულება, დააკავებენ. მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, ეს აშკარაა. შესაბამისად, გამოჩნდება ყველაფერი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს დაკავების და სასამართლოს ჩათვლით, რა თქმა უნდა”.
მირიან მირიანაშვილი - “ფარცხალაძის გვარის ხსენება პირდაპირი სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ივანიშვილმა დაიწყო პრორუსულ ბირთვზე დარტყმა”
“დასავლეთისადმი ჩვენი ხელისუფლების მიდგომა დიფერენცირებულია: მაქსიმალურად ცდილობენ ევროპული სეგმენტიდან დაპირისპირების ორგანიზებას, ხოლო ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციაში ფრთხილობენ. ევროპელებთან უფრო პირდაპირ და მკაფიო პოზიციებს ინარჩუნებენ, ხოლო ამერიკასთან სტრატეგიულ გზას არჩევენ. მეტიც, ამერიკისადმი დამოკიდებულებაში ჭარბად და ხაზგასმით კორექტულები არიან, მაშინ როცა ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ მხარდაჭერას არ უცხადებს. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კურირებით მიღებულმა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა ტრამპის ოჯახის ინტერესებზეც იქონია გავლენა. ნათელი მაგალითი იყო შარმ-ელ-შეიხის სამიტი, სადაც საქართველოს გარდა ყველა რეგიონის წარმომადგენელი მიწვეული იყო, რაც ქვეყნის იზოლირებულობას ნათლად აჩვენებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფარცხალაძის გვარის ხსენება პირდაპირი სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ივანიშვილმა დაიწყო პრორუსულ ბირთვზე დარტყმა”.
“თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში “კრიშის” გარეშე ყოფნა შეუძლებელია და სერიოზულ შედეგებს იწვევს. შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას ევალება სწრაფად თავის დაღწევა ამ მდგომარეობიდან. ევროპელებთან ურთიერთობის მოგვარება შედეგს ვერ მოგვცემს, რადგან ევროპელების გავლენა რეგიონში არ არის საკმარისი; მთავარია ამერიკული პოლიტიკური მფარველობის მოპოვება. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით ცნობიერების მხრივ. მაშინ, როდესაც რუბიოს წერილი არ მიიღეს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ეგონათ, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა. დღეს ასეთი ილუზია აღარავის აქვს. განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთის შიში “ტომაჰავკების” მიმართ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რა უქნა უკრაინამ რუსეთის ეკონომიკას დრონებით, რომლებზეც ჩინურ-ირანული მოპედის ძრავებია დამაგრებული. ტომაჰავკები კი, თუნდაც მხოლოდ 50 ერთეული, უკვე სერიოზული იარაღია უკრაინელების ხელში, რადგან რუსეთს არ შეუძლია ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების რეაბილიტაცია. რუსეთში უკვე 8 მილიონი ტონა ბენზინის დეფიციტია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ბუდაპეშტიდან პუტინს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გარეშე არავინ გამოუშვებს. ფარული ინტრიგები აღარ არსებობს: ფაქტობრივად, ცნობილია ზავის პირობები, რომელთა შესრულებაც პუტინს მოუწევს; ეს პირობები ჯერ კიდევ ანკორიჯში ტრამპის მიერ იყო დეკლარირებული. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი ამერიკელებისთვის მისაღებ პირობებზეა, უკრაინელების პოზიცია ცალკე განხილვის თემაა. ამერიკულ დიპლომატიას დღეს საჯაროდ სურს დააფიქსიროს, რომ პუტინმა, რაც დაავალეს, იძულებით შეასრულა. ანალოგიურად, ღაზის სექტორში შარმ-ელ-შეიხის სამიტის დროსაც ამერიკულმა დიპლომატიამ მოახერხა საკუთარი პოზიციის გატარება, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს (ებრაელებს, “ჰამასს”) არ სურდათ. ამ კომბინაციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, ერთადერთი რეალური გზაა პუტინის სერიოზული დათმობები ტრამპთან, მათ შორის უკრაინის ფრონტზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“შეიძლება ითქვას, პუტინს მოუწევს კაპიტულაცია გამოაცხადოს. ამიტომ “ქართული ოცნების” იმედი, რომ ტრამპი თავის თავზე აიღებდა საქართველოს პრორუსულ ნარატივებს, შეცდომას ეფუძნებოდა. ვფიქრობ, ახლა უკვე გააანალიზეს, რომ რუსეთს აღარ აქვს ქონებრივი და პოლიტიკური რესურსი, რომ ულტიმატუმებით აიძულოს დასავლეთი გაათავისუფლოს პოსტსაბჭოთა სივრცე. რუსეთის გავლენის შეკვეცის მთავარი ადვოკატი რუბიოა, მას და რესპუბლიკელ კოლეგებს დაევალათ რუსეთთან ურთიერთობის ფორმატის განსაზღვრა, რაც იყო ტრამპის მიმართ პუტინის მთავარი შანტაჟური მესიჯიც - “მომავალი პროცესი რუბიოს ხელში გადაწყდება და არა თქვენდამი უფრო კეთილგანწყობილი უიტკოფის ხელში”. უკრაინის საკითხზე ანუ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისას, სიტუაცია ანკორიჯის პრინციპს ჰგავს: “დარჩით იქ, სადაც ხართ”. თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცის ზავი რუსეთთან ბევრად მკაცრი იქნება, ვიდრე ადრე. რუბიოს ჩანაცვლება უიტკოფით პირდაპირ ეხება ჩვენს ინტერესებს”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“ქართული ოცნების~ ლიდერები რომ ვაშინგტონთან ისევ ცდილობენ ურთიერთობის მოგვარებას, მაფიქრებინებს თუნდაც ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ძიების დაწყება. თუ ლილუაშვილზე, ღარიბაშვილსა და მის ჯგუფზე საზოგადოება გარკვეულწილად მომზადებული იყო, ფარცხალაძის ფიგურა მოულოდნელად გამოჩნდა. იმ ვითარებაში, როცა ინფორმაცია ძალიან შეზღუდული იყო, ეს შეიძლება ჩაითვალოს სიგნალად დასავლეთისთვის. ამასთან, ეს თანხვედრაში მოდის პუტინის უკანასკნელ ნაბიჯთან, როცა ის დათანხმდა ტრამპის მოთხოვნებს. ივანიშვილისთვის უკვე ისედაც ნათელი იყო, რომ რუსეთი ამ კონფლიქტს გამარჯვებულის პოზიციიდან ვერ დაასრულებდა, მაგრამ პუტინის ასეთი სწრაფი ქმედება მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.... ჩხრეკისას ფარცხალაძის გვარის ხსენება, რომელიც აქამდე არ ფიგურირებდა, პირდაპირი სიგნალია დასავლეთისთვის. ფარცხალაძე იყო მთავარი კომუნიკატორი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, ამიტომ მასზე აქცენტი ნიშნავს, რომ ივანიშვილმა დაიწყო იმ სეგმენტის ხელყოფა, რომელიც რუსეთის გავლენას უკავშირდება”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“ხოლო იმ ფაქტის ფიქსაცია, რომ ამოღებულია დიდი ოდენობით ფული, უკვე ძალიან სერიოზული ინფორმაციაა შიდა აუდიტორიისთვის და მიანიშნებს, რომ ამ წრიდან დაჭერები გარდაუვალია. ე.ი. “ქართული ოცნება” საზოგადოებას აჩვენებს, რომ “დიდ ფულთან” მივიდნენ, ხოლო დასავლეთს აწვდის სიგნალს, რომ პრორუსულ ბირთვზე დარტყმა უკვე დაწყებულია. არ არის გამორიცხული, რომ მოვლენების განვითარებამ ბიძინა ივანიშვილს ის “ჟღერადობაც” დაუმატოს, რასაც ახლა 4 ოქტომბრის ორგანიზატორებთან აკავშირებენ - ფარცხალაძის ხსენება სწორედ ამ სიგნალის ნაწილია და ეს შემთხვევითი არ არის. თუ აღმოჩნდა, რომ რუსეთი იძულებულია თავი დაანებოს საქართველოში გავლენის შენარჩუნებას, ივანიშვილს 4 ოქტომბრის მოვლენებში რუსეთის ორგანიზატორობის ხაზის გაჟღერება ძალიან გამოადგება როგორც პოლიტტექნოლოგიურად, ისე საგარეო დიპლომატიის თვალსაზრისით. ეს მას საშუალებას მისცემს გარკვეული პრობლემები რუსეთთან საჯაროდ დააფიქსიროს და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი პოზიცია დასავლეთის წინაშეც უფრო ხელსაყრელად წარმოაჩინოს. ბიძინა ივანიშვილს ასეთი პრაქტიკული ნაბიჯები ახასიათებს”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“როდესაც რუსეთს საბოლოოდ გააძევებენ ამიერკავკასიიდან, “ოცნებას” უფრო აქტიურად მოუწევს ამერიკული პოლიტიკური პრეტენზიების გათვალისწინება. ამ პრეტენზიების გარშემო ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური ძალები გახდებიან მისთვის რეალური ოპონენტები. საინტერესო ფაზა სწორედ მაშინ დაიწყება. არ არის მოსალოდნელი, რომ “ქართული ოცნება” განაგრძობს ოპოზიციური პარტიების განადგურებას და ამას ამერიკული მხარე არ უგულებელყოფს. აშშ ამ პროცესში პირდაპირ ჩარევას არ გეგმავს, რადგან “ნაცმოძრაობის” ირგვლივ თავმოყრილ ოპოზიციას არ მიიჩნევს პოლიტიკურ ალტერნატივად... არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს თავადაც ჰქონდეს პოლიტიკური ველის “განახლების” ინტერესი. მას კარგად ესმის, რომ დღევანდელი ოპოზიცია ვერც დასავლეთთან კომუნიკაციის არხად გამოდგება და ვერც შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტად. თუმცა არ ვფიქრობ, რომ დაუშვებს ახალი გახარიას, “ლელოს” ან ვიქტორ ყიფიანის მსგავსი კონტროლირებადი ოპოზიციის შექმნას. დღევანდელი ფსევდოოპოზიციური რეალობა, ფაქტობრივად, ამოწურულია. არც პროტესტის ქუჩაში გაყვანის რესურსი დარჩა და არც დასავლეთის ნდობა. ამიტომ მათი პოლიტიკური დასასრული ვეღარ გახდება შოკის მიზეზი ვერც შიგნით, ვერც გარეთ”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“დასავლეთის სტილი ასეთია: ის არასდროს აკეთებს არჩევანს იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც ოდესღაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც სწორედ ამ ნიშნით მოასუფთავეს პოლიტიკური ველი და შეარჩიეს ახალი, სრულიად ხელუხლებელი ფიგურები. იგივე მიდგომა გავრცელდება საქართველოზეც. თუ საქართველო საბოლოოდ გადავა ამერიკულ ორიენტაციაზე, აქ შეიქმნება არა უბრალოდ პროდასავლური, არამედ ტრამპისტური ტიპის პროამერიკული პარტია. ეს იქნება ერთი და სერიოზული ძალა, რომლის ლიდერებსაც შეარჩევს არა შიდაპოლიტიკური ელიტა, არამედ თავად ამერიკული მხარე. მსგავსი პროცესი უკვე დაწყებული იყო უკრაინაში, სადაც ჯერ ტრამპის გარემოცვის მხარდაჭერით იქმნებოდა ახალი პოლიტიკური სტრუქტურები, მაგრამ ახლა ისინი დროებით დაპაუზებულია. როგორც კი ამერიკაში ტრამპის გუნდს შესაძლებლობა მიეცემა, ეს ტალღა ისევ გავრცელდება აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთისკენ. სანამ რუსულ-ამერიკული შეთანხმების პარამეტრები საბოლოოდ გაირკვევა, გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტად, სავარაუდოდ, კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება. არც ქაოსი სურთ და არც რევოლუცია, არამედ ხავერდოვანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია, რომელშიც “ქართული ოცნება” გარკვეული სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩება.
რისთვის ააშენეს ენგურზე სატვირთო ტერმინალი - “თავად აფხაზებსაც რომ ვეკითხები, პასუხს ვერ მცემენ”
“ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარე ენგურზე, “საქართველოსთან საზღვართან” სატვირთო ტერმინალის მშენებლობა დასრულდა. ამან აფხაზეთში გარკვეული დაბნეულობა და სერიოზული უკმაყოფილობა გამოიწვია. ერთის მხრივ, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველო ნომერ პირველ მტრად მიიჩნევა და მასთან პრაქტიკულად ყველანაირი ურთიერთობა და მათ შორის ვაჭრობაც, “საკანონმდებლო დონეზე” აკრძალულია. მეორეს მხრივ კი, ამ ტერმინალის არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება “საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობითაა” დაინტერესებული. კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ტერმინალის აშენების მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ეს შესაძლოა მოსკოვის სატრანსპორტო გზის გეგმას უკავშირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ააშენეს ენგურზე სატვირთო ტერმინალი - “თავად აფხაზებსაც რომ ვეკითხები, პასუხს ვერ მცემენ”.
“ნუჟნაია გაზეტას” აფხაზური “ტელეგრამ” გვერდი აქვეყნებს ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც ახალი სატვირთო ტერმინალი ჩანს. აქვე გამოცემა თან ურთავს მომხმარებლების კომენტარებსაც: “როცა ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტერმინალს აშენებთ და ამავდროულად ამტკიცებთ, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან... ეს საერთოდ რა პოლიტიკაა? ხალხს ატყუებთ თუ საკუთარ თავს? რა ხდება? თბილისმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენ კი ამის შესახებ არც ვიცით? აუუ, გუნბა!” „თავდაპირველად იქ სამი Duty Free ააშენეს, ახლა კი საბაჟოს სატვირთო ტერმინალი...” “როგორ შეიძლება ასე... გუნბამ გუშინ თქვა, რომ ქართველები ჩვენს სიკვდილს და შურისძიებას ითხოვენ...” “საინტერესოა, ვის მოატყუებას ცდილობენ”?... მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თავად აფხაზებსაც უჭირთ იმის თქმა, თუ რა მიზნით აშენდა ტერმინალი”, აღნიშნავს გამოცემა.
„გასულ წელს, მოსკოვში კულუარულად აქტიურად ახმოვანებდნენ გეგმას, რომელიც ეხებოდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას აფხაზეთსა და დანარჩენი საქართველოს გავლით სომხეთზე და შემდეგ ირანზე. ეს გულისხმობდა ალტერნატიული გზის შექმნას, რომელსაც ჰქვია “პეტერბურგიდან მუმბაიმდე”. მოსკოვს უნდოდა, რომ დივერსიფიკაცია ყოფილიყო, აფხაზეთზე და დანარჩენ საქართველოზე და მერე სომხეთზე გაევლო ამ გზას. შემდეგ, როცა აფხაზეთის კურატორად კირიენკო დაინიშნა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ეს ლაპარაკები გაჩერდა. როგორც ჩანს, რაღაც გეგმები არსებობდა და ტერმინალის მშენებლობა ამის ნაწილი მგონია. თორემ, სხვა თვალსაზრისით, ენგურის ხიდზე არანაირი ტვირთები არ მოძრაობს, რომ ტერმინალი ყოფილიყო საჭირო. აფხაზებს რომ ვეკითხები, ისინიც ვერ მპასუხობენ მშენებლობის მიზეზს. ამიტომ მეც მიჭირს პასუხის გაცემა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლება ძალიან ჩქარობს დროის მოგებას და რეჟიმის რეალურად ჩამოყალიბებას”
“პროკურატურა რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მივიდოდა, ეს მოულოდნელი არ იყო. იმაზეც იყო საუბარი, რომ საქმეში შესაძლოა გრიგოლ ლილუაშვილიც გამოჩენილიყო, მაგრამ მართლაც ძალიან მოულოდნელი იყო ფარცხალაძის ფაქტორის გამოჩენა. ასევე მოულოდნელი იყო ერთ დღეში ასეთი ოპერაციის ჩატარება. შესაბამისად, არსებობს ბევრი ვერსია, რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში, თუმცა ამ ფიგურების კორუფციასთან მიბმა მხოლოდ საბაბია, რეალურად რაღაც სხვა ხდება. არავის სჯერა, რომ ეს ყველაფერი კობახიძის ინიციატივით მოხდა და ივანიშვილთან შეთანხმებული არ იყო. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რატომ უნდა გაეწირა ივანიშვილს ერთგული ხალხი? გამორიცხულია, ღარიბაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ წასულიყო. მე არც იმ აზრს ვეთანხმები, რომ ეს ხალხი თუნდაც კობახიძის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულებაში ფულის ჩადებას დაიწყებდა. ჩემი ვერსიით, ივანიშვილი პოლიტიკიდან გასვლას ცდილობს”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება ძალიან ჩქარობს”.
“ალბათ, გახსოვთ, შევარდნაძემ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გარანტიები მიიღო როგორც დასავლეთიდან, ისე მოსკოვიდან. შემდეგ სააკაშვილმაც მიიღო გარკვეული გარანტიები, ოღონდ მხოლოდ დასავლეთიდან. ივანიშვილს “ქართული ოცნების” პოლიტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ კრემლისგან სჭირდება გარანტიები, რადგან დასავლეთიდან ვერც მიიღებს. ფიქრობს, რომ ის შეეცდება ნელ-ნელა დისტანცირდეს პოლიტიკიდან. მე არადამაჯერებლად მეჩვენება ვერსიები იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილმა ან ლილუაშვილმა ივანიშვილს უარი უთხრეს ბიუჯეტიდან მოპარული ფულის მისთვის მიტანაზე. ფარცხალაძის საკითხი კი საერთოდ არ ჯდება კონტექსტში. კი, ერთ დროს გენერალური პროკურორი იყო, თუმცა ახლა აღარ არის და აღარც საქართველოში ცხოვრობს. ძალიან ბევრი არადამაჯერებელი ვერსია ვრცელდება. თუმცა, ვფიქრობ, ხელისუფლება შეეცდება მათ დაუკავშიროს 4 ოქტომბრის მოვლენები, ეს მათგან ყველაზე მისაღები სცენარია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“შესაძლებელია გაირკვეს, რომ კოჯრის ტყეში ნაპოვნი იარაღი უკრაინიდან კი არა, რუსეთიდან იყო შემოტანილი ფარცხალაძის მიერ. აქ კიდევ ერთ ფაქტორს ვხედავ, საქმე მხოლოდ ამ სამ პირს არ ეხება. საუბარია სხვა პირებზეც, რომელთა სახელები ჯერ არ სახელდება. ერთი მხრივ, მიმდინარეობს რეპრესიები, მეორე მხრივ კი კანონმდებლობის უკიდურესად გამკაცრება, რაც შეიძლება შეფასდეს ანტიდემოკრატიული ქმედების ნაწილად, რადგან ხდება სიღრმისეული კონსტიტუციური და კანონმდებლობითი რეგულაციების შეცვლა. სურათი გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამზადებს. ცდილობს რეპრესიები გააძლიეროს და კანონმდებლობა საკუთარ ინტერესებს მოარგოს. რატომ აჩქარებს პროცესს? შესაძლოა ეს დაკავშირებულია ანტიკორუფციული ღონისძიებების, ფინანსური გამოკვლევების ან სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებთან. წინ კიდევ უფრო სერიოზული მოვლენები გველოდება”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.
“არა მგონია, რომ ფარცხალაძეზე შეტევით “ოცნება” ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს, იმიტომ, რომ “ოცნებამ” ანტიდასავლური განცხადებებით რუსეთსაც კი აჯობა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი სანახაობა, რისი საშუალებითაც ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაფარვა უნდოდა. ვგულისხმობ იმას, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ცალკე პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება. ყველაფერი კომპლექსურად მიდის იქით, რომ “ქართული ოცნება” ჩამოყალიბდეს ავტორიტარულ რეჟიმად. საკითხავი ის არის, ვინ იქნება ამ ავტორიტარული რეჟიმის სათავეში, ბიძინა ივანიშვილი თუ ვინმე სხვა”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე “თქვენ რა ვერსია გაქვთ?” - პასუხობს:
“შესაძლოა ივანიშვილი ამ ეტაპზე კობახიძემ ჩაანაცვლოს. ხვალ-ზეგ არ ვიცი, რა იქნება. როდესაც ჩანაცვლებაზე ვსაუბრობ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მისი ნებაყოფლობითაც ხდებოდეს. ხაზს ვუსვამ სიტყვას “ნებაყოფლობით”, ვინაიდან, ეს მხოლოდ ივანიშვილზე არ არის დამოკიდებული, ამისათვის მას მოსკოვის ნებართვა სჭირდება.
“ამ ხელისუფლებამ დასავლეთისკენ მიმავალი ყველა გზა მოიჭრა. ამის დასტურად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ანეკდოტური დაჯარიმებაც საკმარისია. საინტერესოა, რას იზამს კობახიძე, როდესაც ქალბატონი ელინა ვალტონენი ჯარიმას არ გადაიხდის, სამართლებრივ დევნას დაუწყებს? “ქართული ოცნება” ძალიან ცდილობს, რომ იზოლაცია გააღრმაოს. რა თქმა უნდა, დასავლეთი რიტორიკას გაამკაცრებს, მაგრამ ამას ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა აღარ ექნება, იმიტომ, რომ წითელი ხაზები უკვე გადალახულია. არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთი ქმედით ნაბიჯებზე გადავიდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია შეიძლება “ქართულ ოცნებაშიც” ჰქონდეთ და დროის მოგებას და რეჟიმის რეალურად ჩამოყალიბებას ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში დასავლეთის ქმედებები უკან მიდევნებული ლამპარი იქნება”, - დაასკვნის ძაბირაძე.