ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობები შეიქმნება

ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობები შეიქმნება - თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატება და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი მოადგილე ეყოლება. გარდა ამისა, დაგეგმილია საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება.

ამ ყველაფერს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულო ხუთი კომისიით არის წარმოდგენილი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის არსებობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ახალი კანონის მიღების შედეგად, თითოეულ საკრებულოში დამატებით ხუთი თანამდებობის პირის შტატი შეიქმნება. ხუთი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს კი, თავმჯდომარის მოადგილის თითო შტატიც დაემატება.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებებით, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების მუშაობა გაძლიერდება.

“საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა რაიმე მიზეზით საკრებულოში არ ყოფნის შემთხვევაში იქმნება პრობლემა, თუ ვინ უნდა მოიწვიოს და გაუძღვეს საკრებულოს კომისიას, რადგან კომისიის სხდომის მოუწვევლობამ შეიძლება თავად საკრებულოს სხდომის გადადება გამოიწვიოს. ეს პრობლემა მოიხსნება, თუ კანონი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას გაითვალისწინებს.

ასევე, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების საქმიანობის ინტენსივობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე დაემატოს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები გასულ კვირასაც განხორციელდა, რომლის საფუძველზეც 2025 წლის 4 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოებისთვის ფრაქციების შექმნა გამარტივდა და ფრაქციების შექმნის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა.

კოდექსის გათვალისწინებით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან. “ქართული ოცნების“ ინიციატივით კი, კოდექსს დროებითი ნორმა დაემატა, რომლის ამოქმედების შედეგად, 2029 წლის არჩევნებში არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა გაჩნდა როგორც საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატისთვის, ასევე იმ კანდიდატისთვის, რომელიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას დატოვებს და სხვა პარტიაში გაწევრიანდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია