შალვა პაპუაშვილი - გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მდგრადი აღმოჩნდა და ზრდის ისეთ მაჩვენებლებს მიაღწია, რომელიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა

„თბილისის ფინანსური სამიტი“ შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს მომავლის ფინანსური ტექნოლოგიების განსახილველად - გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მედეგი და მდგრადი აღმოჩნდა და მიაღწია ზრდის ისეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “თბილისის ფინანსურ ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანმა ფუნქციამ შუა დერეფანში და ისეთი მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებამ, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები და სატრანსპორტო სერვისები, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

„დღესდღეობით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის უნიკალური პოტენციალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებში შუა დერეფანში ტვირთბრუნვამ და ეკონომიკურმა აქტივობამ უპრეცედენტო ზრდა აჩვენა. ეს ტენდენცია ნათლად უსვამს ხაზს, რომ ჩვენი რეგიონი ჩამოყალიბდა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიად, რომელსაც ევროპისა და აზიის ეკონომიკებისთვისაც ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.

ამასთანავე, აუცილებელია, რომ ვაჭრობის ზრდას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას თან ახლდეს თანამედროვე ფინანსური სერვისების დანერგვა და გაძლიერება. სწორედ ინოვაციური საგადასახადო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები და სტაბილური საფინანსო სექტორი ქმნის იმ საყრდენს, რომელიც შუა დერეფანს არა მხოლოდ ყველზე ეფექტიან სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტად, არამედ ფინანსურ ჰაბადაც აქცევს.

საქართველო სწორედ ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და ამავდროულად იცავს ფინანსურ სტაბილურობას.

„საკანონმდებლო ინიციატივებმა, როგორიცაა ციფრული ბანკების ლიცენზირების რეჟიმი, ღია ბანკინგი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა, ხელი შეუწყო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას.

აღნიშნული ინიციატივები და მარეგულირებელი ჩარჩო საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში სტაბილურად განვითარდეს როგორც ტრადიციული საბანკო სექტორი, ასევე, საშუალება მიეცეთ ახალ დაინტერესებულ მხარეებს, დაიმკვიდრონ ადგილი საფინანსო სექტორში.

ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ღონისძიება წაახალისებს რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და რეგიონის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი