ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე - ხომ არ გავცვალოთ ადგილები?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ყოფილი პრემიერიც. მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის სასამართლოს შენობაში ცენტრალური შესასვლელის ნაცვლად, გვერდითა შესასვლელიდან შეიყვანეს.

ის სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მიესალმა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ხომ არ გავცვალოთ ადგილები?“

დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.

აღნიშნულ შუამდგომლობას გირაოს ნაწილში დაცვის მხარე დაეთანხმება, რაც შეეხება დანარჩენ შემზღუდავ ღონისძიებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია სასამართლოზე გაჟღერდება.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა