მირიან მირიანაშვილი - “დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას ჯერ არ აძლევს”
სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
გია ხუხაშვილი - “სამწუხაროდ, ისევ მივდივართ იქამდე, რომ დღეს ხელისუფლების ალტერნატივა მასზე უარესია”
“ლელო” პარტიების აკრძალვას საკონსტიტუციოში და სტრასბურგში ასაჩივრებს - რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეებს
ირაკლი მელაშვილი - “ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..."
* * *
მირიან მირიანაშვილი - “დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას ჯერ არ აძლევს”
“არანაირი პოლიტიკური გუნდი “ქართული ოცნება” არ არის და არც არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის იყო და არის ბიძინა ივანიშვილის პერსონიფიცირებული ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ხან ასეთი სახე აქვს და ხან ისეთი. ივანიშვილი ხან რომელ ფიგურებს დაიახლოებს და ხან რომელს. მათ გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკურ ფუნქციებს შესძენს ხოლმე, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობების ჩათვლითაც, შემდგომ კი წაართმევს. შესაბამისად, მე არ მჯერა, რომ “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური დაპირისპირება და შიდაკლანური გარჩევებია. ეს ყველაფერი უფრო არსებული რეალობის პოლიტიკური დეკორაციებია. სინამდვილეში, ივანიშვილი მართავს პოლიტიკურ პროცესს, მის გარდა არიან კიდევ მარიონეტები. რაღაც ეტაპზე ივანიშვილი გადაწყვეტს ხოლმე, რომ მათ ვადა გაუვიდათ და პოლიტიკურ სანაგვეზე უშვებს. ნამდვილად არ მჯერა, რომ რაც ახლა ხდება, კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირების შედეგია”, - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ხდება ხელისუფლებაში და როგორ გაგრძელდება პროტესტი საქართველოში?!
“ბიძინა ივანიშვილი ატარებს საჯარო ეგზეკუციას, რაც, მისი აზრით, ასევე არის საჯარო აპარატისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ ჭკვიანად იყვნენ. მას უყვარს მინიშნებების ენით ლაპარაკი და მოქმედება. მოკლედ, დიდი მიამიტობა მგონია ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფის გავლენით მოქმედებს, თითქოს მათ დაარწმუნეს ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ფარცხალაძე მოღალატეები არიან და რომ აწყობდნენ შეთქმულებას. ზოგადადაც, არ მჯერა, რომ ეს ხალხი რაიმე შეთქმულებაში მონაწილეობდა. ძალიან საეჭვოა, რომ ეს გაებედათ. მაგის არც კომპეტენცია აქვთ, არც უნარ-ჩვევები, არც საკმარისი საგარეო კომუნიკაციები და არც გამოცდილება. მათ ხომ არასდროს უმართავთ ქვეყანა, ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ. აქ პრობლემა, ჩემი აზრით, მხოლოდ ღარიბაშვილში არ არის. კორუფციაში მისი მონაწილეობის შესახებ ლაპარაკი სულ იყო, მათ შორის მაშინაც, როდესაც ივანიშვილმა ის პირველად გადააყენა პრემიერობიდან, თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია მისთვის, რომ ისევ მოებრუნებინა პოლიტიკაში. კორუფციონერები ივანიშვილის ხელისუფლებაში სულ იყვნენ, არიან და კვლავაც იქნებიან... და არა მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლებაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“უბრალოდ, ივანიშვილს ახლა ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის საჯარო დასჯა დასჭირდა არა კორუფციასთან ბრძოლის გამო. საქმე ის არის, რომ ივანიშვილი დღეს დგას დიდი პრობლემის წინაშე, საგარეო სარბიელზე ყალიბდება მისი ხელისუფლებისთვის საკმაოდ არასახარბიელო პოლიტიკურ ძალათა კონფიგურაცია. ამიტომ, ვფიქრობ, სახელისუფლებო ვერტიკალში სჭირდება უფრო მეტი კონსოლიდაცია, მეტი დისციპლინა, ამისთვის კი გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზაა დაშინება, შანტაჟი, იმის ჩვენება, რომ არავის დანდობას არ აპირებს. ივანიშვილმა ღარიბაშვილის დაჯგუფების პოლიტიკური დარბევით მესიჯი გაუგზავნა მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს, რომ ის პოლიტიკური ვალდებულებების გადაცდომას არავისგან მოითმენს და დასჯის ყველას ისე სამაგალითოდ, როგორც ღარიბაშვილი დასაჯა... აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიაში მიდის ძალიან სერიოზული პროცესები, ამ რეგიონის რუსული ქოლგიდან გასვლა. ამას მოწმობს აზერბაიჯან-სომხეთს შორის შექმნილი პოზიტიური დღის წესრიგი - ფაქტია, დასავლეთმა, განსაკუთრებით კი აშშ-მა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ რუსეთს უნდა დაათმობინონ პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის, სამხრეთი კავკასია. ეს ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან სერიოზული გამაღიზიანებელია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ის ამიტომაც ცდილობს შიდასახელისუფლებო ვერტიკალის მობილიზაციას, რათა თუ გარედან იქნება სერიოზული ზეწოლა, ხელისუფლებაში იყოს ერთსულოვნება. ეს ხელისუფლება ამ ეტაპზე რუსულ გავლენაში კი არის, მაგრამ აშშ ძალიან თანამიმდევრულად ასუსტებს რუსეთს, შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის რევიზიის ეტაპი, ფაქტობრივად, დამდგარია. აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში, ვფიქრობ, საბოლოოდ ჩამოყალიბდა აზრი, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრციდან უნდა გააძევონ. ჩემი აზრით, ამას მშვენივრად ხედავს ივანიშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ძლიერ სახელისუფლებო ვერტიკალს შეინარჩუნებს, მაშინ უფრო ადვილი იქნება მისთვის ძალაუფლების შენარჩუნება დასავლური ზეწოლისა და გავლენის გაძლიერების შემთხვევაშიც. მისთვის მთავარია საკუთარი ძალაუფლება, რუსეთის გავლენები მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი შენარჩუნებისთვის სჭირდება, როგორც მეთოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ინტრიგა სწორედ ის არის, როდესაც რუსეთის მარცხი პოლიტტექნოლოგიურ კონტურებს შეიძენს, მერე რა გადაწყვეტილებებს მიიღებს? უკვე წყალგაუვალი ფაქტია ის, რომ რუსეთის გავლენა ამიერკავკასიაში წარმავალია!” - ამბობს ექსპერტი.
“ივანიშვილის ხელისუფლებაში არავის მისცემია ავტონომიურად პოლიტიკური კონსტრუირების საშუალება, როგორც თავის დროზე მისცა გამსახურდიამ კიტოვანს ჯარის ჩამოყალიბების საქმეში. ივანიშვილი ასეთ შეცდომებს არ უშვებს, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში აკონტროლებდა იმას, რომ არავის შეეძინა სერიოზული პოლიტიკური წონა. მათ შორის მან პირველად შემოიტანა საჯაროდ დასჯის მექანიზმი, პოლიტიკური ეშაფოტის ელემენტი. როგორც ჩანს, პოლიტიკური ერთგულების შესაგონებლად სხვა მექანიზმები უკვე არასაკმარისად მიიჩნია. ეს ხალხი ახლა ძალიან შეშინებულია. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ბიძინა ივანიშვილიც. თუმცა ამგვარ მმართველობას, რის დამყარებასაც ცდილობს ახლა ივანიშვილი, ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება. შესაბამისად, თუ მან შემდეგ ეტაპზე ვერ მოახერხა და გარე პოლიტიკის მიმართულებით ვერ დაარეგულირა სიტუაცია, თუ აშშ-ის მმართველობის ცენტრთან რეალური ურთიერთობა ვერ დაალაგა, შიგნით სახელისუფლებო ვერტიკალის კონსოლიდაციას და მაქსიმალურ შევიწროებას ჯეროვანი შედეგი არ ექნება”, - ამტკიცებს მირიან მირიანაშვილი.
“რაც შეეხება რეპრესიული კანონებს, ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ზვიად გამსახურდიამ მომანდო მიტინგების ორგანიზება - ეს იყო მისი ხელისუფლების ბოლოსკენ, 1991 წლის შემოდგომაზე. მას რატომღაც ეგონა, რომ მთავრობის სახლის წინ მუდმივი მიტინგი შეიარაღებული ოპოზიციის მომგერიებელი ფაქტორი იქნებოდა. სულ 42 მიტინგი ჩავატარე, საკმაოდ მრავალრიცხოვანი. აქედან გამომდინარე, მიტინგის ფსიქოლოგიის შესახებ გარკვეული ცოდნა და კომპეტენცია მაქვს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული პროტესტის შესახებ რაიმე კანონზომიერი დასკვნის გამოტანა ძალიან რთულია. საქმე ისაა, რომ ეს არის უფრო ემოციაზე დაფუძნებული, ანუ შესაძლოა ემოციურ ნიადაგზე მრავალათასიანი მიტინგი მომენტალურად შეიკრიბოს, თუმცა იმავე საკითხზე კარგა ხნის მომზადებული საპროტესტო აქცია სულაც არ აღმოჩნდეს მრავალრიცხოვანი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმაც იცის ეს და ძალიან აშინებს, რომ რაღაც პატარა ბიძგმაც კი შესაძლოა ძალიან ემოციური და მასშტაბური დემონსტრაცია გამოიწვიოს. ამიტომაც მიიღეს ამგვარი რეპრესიული კანონები და ამასთანავე, ცდილობენ ეს პროტესტი დატოვონ კონსოლიდაციის ცენტრის გარეშე”- დაასკვნის რესპონდენტი.
“შესაბამისად, აკავებენ ცნობილ პირებს, ცდილობენ მათი დაკავებით სხვები შეაშინონ, აჩვენონ, რომ ინდულგენცია არავისთვის იქნება და ყველას დასჯიან. თუმცა ისევ ქართული პროტესტის ბუნებიდან გამომდინარე, ივანიშვილი ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ამ გზით მიზანს მიაღწევს. ამ დაკავებებით ის ასევე მესიჯებს გზავნის დასავლეთშიც. აქვე მინდა გავიხსენო, რომ საკმაოდ გაუჯანჯლდა “ქართულ ოცნებას” პარტიების ასაკრძალი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ივანიშვილიც და დანარჩენებიც ელოდნენ დასავლეთისგან მძაფრ რეაქციას, რათა შემდგომ შემდგარიყო გარკვეული კომუნიკაცია და დაეწყოთ პოლიტიკური ვაჭრობა, მაგრამ დააკვირდით, არც ევროპა და არც აშშ დიდად არ აქტიურობს. ისინი გაცილებით უფრო ხშირად ლაპარაკობენ აქციის დარბევებსა და მისი მონაწილეების დაკავებაზე, ვიდრე ხელისუფლების განზრახვაზე აკრძალოს ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი. ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან დახვეწილ, მაღალი დონის დიპლომატიურ თამაშებთან გვაქვს საქმე. დასავლეთი ივანიშვილს პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას ჯერ არ აძლევს. ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახოთ, მალე ბევრი რამ, წესით, უნდა გაირკვეს.”, - დასძენს ექსპერტი.
სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი - რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად
“რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის პარალელურად, დროდადრო ხალხმრავალი აქციებიც იმართება, თუმცა ორგანიზატორები ვერ ახერხებენ პროცესის პოლიტიკურ შედეგებში გადათარგმნას, რაც, ანალიტიკოსთა აზრით, ნიშნავს იმას, რომ აქციის ორგანიზატორებს შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია არ აქვთ. “ბოლომდე გამარჯვებამდე” - ამ ლოზუნგით 26 ოქტომბრს, საპარლამენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობა დაანონსდა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე. პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას. საწლისთავო აქცია ასევე მოსალოდნელია პრემიერ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების დაკავშირებითაც. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ არ ჩანს სტრატეგია, რაც ერთწლიან პროტესტს რეალურ შედეგებამდე მიიყვანს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ უწყვეტმა პროტესტმა დიდი შედეგი მოიტანა, “ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემა სერიოზული აქვს, თუმცა ბევრია კიდევ გასაკეთებელია, რათა პროცესი კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სტრატეგიის ნაკლებობა თუ ლიდერების დეფიციტი / რატომ ვერ გადაიქცა რუსთაველის აქციები მთელი ქვეყნის პროტესტად.
“სტრატეგია არ ჩანს, რომელმაც ფართო საზოგადოებას უნდა უთხრას, თუ რა შეიცვლება მას შემდეგ, რაც ისინი დეკლარირებულ მიზანს მიაღწევენ, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ყოველდღიური მიტინგის მონაწილეებისგან რაიმე ღირებული ალტერნატივა ჯერჯერობით არ გამიგია. ახალ არჩევნებს ითხოვენ და პრეტენზია აქვთ, რომ ძველი ლიდერები ჩაანაცვლონ და თავად მოვიდნენ პოლიტიკაში, და შეიძლება 330 დღის განმავლობაში საზოგადოებას ჩამოყალიბებული სახით ალტერნატივა ვერ შესთავაზონ “ოცნების” მიერ შეთავაზებული პროგრამის საპირწონედ? მას შემდეგ, რაც ქუჩის გადაკეტვებთან დაკავშირებით შემზღუდველი კანონები შემოვიდა, აქციის მონაწილეებისთვის ეს მაინც უნდა გამხდარიყო რაღაც სტიმული. არაა საჭირო აუცილებლად რუსთაველი გადაკეტო რამდენიმე წუთით, ან საათით, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციო, არამედ ტროტუარზე ცივილიზებულად დადექი და საზოგადოებას მოახსენე თუ რისთვის იბრძვი. მარტო იმის დეკლარირება, რომ, აი, ჩვენ ევროპაში გვინდა და ხელისუფლება ევროპულ გზას გვიკეტავს, საზოგადოებისთვის საკმარისი არაა. ქართული საზოგადოების მენტალიტეტს და მის მოთხოვნებს ძალიან ცუდად უნდა იცნობდე, რომ თვლიდე, ისინი ასეთი ემოციური მყვირალა ლოზუნგებით დაკმაყოფილდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“მეორე, ესაა პიროვნული ფაქტორი. ყველა კვლევა, რაც კი ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებულა, აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც პოლიტიკის პერსონალიებზეა ორიენტირებული, ანუ პიროვნულ ფაქტორს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე პროგრამებს და დოქტრინებს. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც მეინსტრიმულ ოპოზიციას და ქუჩის პროტესტის ნიადაგზე დაბადებულ ახალ მოძრაობებს აქვთ, ლიდერების პრობლემაა. არ უნდათ, რომ წინა პლანზე დისკრედიტებული პოლიტიკოსები წამოსწიონ... ჩვენ სუფთა ბიოგრაფიის მქონე ხალხი ვართ, არავითარი კავშირი არ გაქვს იმ წარსულთან და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლისთვის ვიბრძვითო. ამის ისე არტიკულირებას ვერ ახერხებენ, რომ ხალხმა დაიჯეროს და პროცესების თანამონაწილე გახდეს. შევხედოთ პროტესტის ფონზე წარმოიშობილ იგივე “თავისუფლების მოედანს” და სხვებს, რას ლაპარაკობენ მათი ლიდერები, საზოგადოებას რას და როგორი ფორმით აწვდიან. რასაც ვუყრებთ, ესაა რადიკალიზმით გაჟღენთილი ლოზუნგები, ძალიან მცირე კონკრეტიკა იმისა, თუ რას გააუმჯობესებენ, რას შეცვლიან და ესეც იწვევს იმას, რომ ხალხი მათ დაძახილზე აღარ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან აფილირებული იმ წარსულთან, რაც ენმ-ს უკავშირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მესამე ფაქტორი, ესაა გარე ფაქტორი - ამ ყველაფერში დასავლეთის როლი, თვალნათლივ ჩანს, რომ ეს პროცესები შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ გარკვეულწილად გარედან იმართება. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა და დემონსტრაციული გამოჩენა, ღია მხარდაჭერა და ა.შ. ამის ერთ-ერთი ინდიკატორი იყო, სხვა ინდიკატორებთან ერთად. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აღქმა. ამ აღქმის გამყარებას “ოცნების” საინფორმაციო პროპაგანდისტულმა კამპანიამაც ხელი შეუწყო და სხვათა შორის არცთუ წარუმატებლად, რომ ეს ყველაფერი გარედანაა მართული, რაც ამ პროტესტის მიმართ ნდობას ამცირებს. ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, თუ რატომაა ქუჩის პროტესტი გაყინული იმ ადგილას, სადაც არის და ვერ ახერხებს ამ პროცესის კონვერტირებას კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგებში”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“ნებისმიერ აქციას თავისი ამოცანა და რესურსი აქვს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მუშაობს დადებითად ან უარყოფითად. რუსთაველის უწყვეტმა პროტესტმა ძალიან დიდი შედეგი მოიტანა, მისი დამსახურებაა, რომ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის საკითხი სერიოზულად უდგას და მას ფაქტობრივად არავინ არ აღიარებს. ჯერჯერობით არც მკვეთრი განცხადებებია, მაგრამ ფაქტობრივად არ აღიარებენ არც ჩვენი მოკავშირეები, არც დემოკრატიული სამყარო. ეს სწორედ იმ უწყვეტი აქციების შედეგია, რაც რუსთაველზე მიმდინარეობს. თუ ადრე, როდესაც ასეთი ხალხმრავალი პროტესტი იყო, მის უკან ლამის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იდგა, დღეს ეს საპროტესტო ელექტორატს ვერ აერთიანებს - ოპოზიციას ეს სერიოზული პრობლემა უდგას. ოპოზიციამ ერთიანი გუნდის შეკვრა რომც მოახერხოს, ის ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანებას ვერ ახერხებს. ეს პრობლემა კი მხოლოდ რუსთაველზე დგომით და იქ მუდმივი საპროტესტო აქციებით ვერ გადაიჭრება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
„როდესაც ქუჩა იკეტება, მაშინ ეს დემონსტრაციულად უნდა მოხდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება, დღეს ოპოზიციას და რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს ასეთი რესურსი თუ არ აქვს, მაშინ ამ დემონსტრაციულ გადაკეტვებისგან თავი უნდა შეიკაონ, რადგან ეს გადაკეტვები შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს, თუ მის მართვას ხელისუფლება ამ ხალხის იზოლირებას მართლაც ვეღარ შეძლებს. ამის რესურსი აქვთ თუ არა, ამის თქმა დღეს გამიჭირდება. მიუხედავად ყველაფრისა, თუ რუსთაველზე აქცია როგორ გაგრძელდება, ოპიზიცია უნდა გავიდეს რუსთაველიდანაც და თბილისიდანაც, არ ვგულისხმობ, რომ ეს აქციები უნდა შეწყდეს, მაგრამ მხოლოდ რუსთაველის პროტესტი ქვეყნის პროტესტად ვერ გადაიქცევა, არაა ახლა ის სიტუაცია, რომ რუსთაველის პროტესტი ქვეყნის პროტესტი იყოს, ამიტომ საჭიროა საპროტესტო მოძრაობები და კერები სხვა დიდ ქალაქებშიც და რეგიონებშიც გაჩნდეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი რაღაცნაირად თანაფარდი გავხადოთ, ესაა გასაკეთებელი. თუ ოპოზოცია ამას შეძლებს, მაშინ რაღაც შედეგამდე აუცილებლად მივალთ”, - დასძენს ძაბირაძე.
გია ხუხაშვილი - “სამწუხაროდ, ისევ მივდივართ იქამდე, რომ დღეს ხელისუფლების ალტერნატივა მასზე უარესია”
“ხელისუფლებას აქვს აბსოლუტურად მწყობრი გეგმა, როგორ დაასრულოს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, სადაც, ფაქტობრივად, ყველაფერი იქნება კონტროლირებადი. ამის შეკავება მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია შიდა და გარე პოლიტიკური პროცესებით. დასავლეთი შეძლებისდაგვარად იყენებს ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტს, თუმცა თეორიულად შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთებაც. რაც შეეხება შიდა პროცესს, სერიოზული პრობლემა გვაქვს - ყველაფერი დანაწევრებულ-დაქუცმაცებული და სუსტად კოორდინირებულია. არ არსებობს სარდლობა, რომელიც მოახდენდა ამ ყველაფრის კაპიტალიზაციას. მსოფლიოში არ არსებობს ომი, რომელიც მთავარსარდლის გარეშე ვინმეს მოეგოს. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც სარდლობა (ოპოზიციის სახით) არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით, გეგმა არა აქვს ან თუ აქვს, ილუზორული, ყალბ მოლოდინზე აგებული და ამის დასტური იყო 4 ოქტომბერი”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამწუხაროდ, ისევ მივდივართ იქამდე, რომ დღეს ხელისუფლების ალტერნატივა მასზე უარესია”.
“ხელისუფლება კი სარგებლობს ოპოზიციის სისუსტით. ის არ ამბობს, მე კარგი ბიჭი ვარო, პირიქით, ამბობს, კი ბატონო, ცუდი ბიჭი ვარ, ცუდად ვიქცევი, მაგრამ ჩემი ალტერნატივა ჩემზე უარესიაო. ხალხი კი ამათ თამაშში ვართ გაჭედილი. იმისათვის, რომ გზა გამოჩნდეს, საჭიროა ოპოზიციური ფლანგის სერიოზული გადატვირთვა, რათა პოლიტიკურმა კლასმა მოიპოვოს პროტესტანტთა ნდობა და აღიაროს ის საკუთარ ლიდერად. დასავლეთს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს პროცესს, თვითონ ხომ არ დაიწყებს ინტერვენციას. ასე რომ, ვითარება რთულია და გვჭირდება ახალი ლიდერები ან ძველი ახალი სახით და გეგმებით. თეორიულად შანსი ყველას აქვს, პრაქტიკულად, სხვა საკითხია... მთავარი ენერგია მაინც ახალგაზრდებშია. მათთვის ეს გაცვეთილი ლიდერები ნაკლებად სანდო და საინტერესოა. ამიტომ უმჯობესია თავიანთ წიაღში გამოკვეთონ ლიდერები. რა თქმა უნდა, ახალი პარტიებისა და სახეების შექმნას დიდი რესურსი და ფინანსები სჭირდება, მაგრამ თუ სწორ შეთავაზებას გააკეთებ, საინტერესო გახდები საზოგადოებისთვის და ავტორიტეტსაც მოიპოვებ, ამის შემდეგ რესურსიც გამოჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“გახარიას თავისი გათვლა აქვს. პარლამენტი ტრიბუნაა, ისიც ბრძოლის ველია, ომის დროს კი ყველგან უნდა იბრძოლო, სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებენ... ვინც ბოიკოტი აირჩია, იმან რა გააკეთა?! - ფსონს ჩამოვიდა, რომ 4 ოქტომბერს რაღაც სასწაული მოხდებოდა. საბოლოოდ თავიანთი ბრიყვული ქმედებებით ისევ ხელისუფლება გააძლიერეს. ბოიკოტის გზითაც შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება, ჭკვიანურად რომ ევლოთ, მაგრამ ესეც ვერ ქნეს. სამწუხაროდ, ისევ მივდივართ იქამდე, რომ დღეს ხელისუფლების ალტერნატივა მასზე უარესია... სალომეს ჰქონდა პოლიტიკური პროცესების ხელში აღების შანსი, მას დღესაც მაღალი ავტორიტეტი აქვს საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ შიდაპოლიტიკურ ფრონტზე ვერ შეძლო ამის კონსოლიდაცია. ეს მხოლოდ სალომეს ბრალი არ არის, ეს განაპირობა ოპოზიციაში მუდმივმა დაპირისპირებამ, სიძულვილმა, ბოიკოტის მომხრეები, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, ყველას მოღალატეს ეძახდნენ... შესაძლებელია კი დღეს სალომეს რეანიმირება, როგორც ლიდერის? - მე სკეპტიკურად ვუყურებ ამას”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
“ოცნებას” უზარმაზარი შიდა და გარე პრობლემები აქვს, საზოგადოებამ ეს ძალა ჩამოწერა, პარტიაშიც საშინელი მდგომარეობაა, მაგრამ მათ აქვთ კოზირი - უალტერნატივობა. ხელისუფლება ოპოზიციის სისუსტესა და სულელურ ქმედებებზე დგას. დღეს ძალაუფლება ქუჩაში გდია, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს პარტიაში მოვლენები, “ოცნება” არ ჩამოიშლება და არ გატყდება, სანამ ალტერნატივა არ შეიქმნება. ბიძინამ მთელი “ოცნება” ხვალ რომ სახლში გაისტუმროს და ქუჩიდან აკრიფოს ვიღაცები, რა პრობლემაა? არ გაუკეთებია თუ რა?! სანამ ალტერნატივა არ შეიქმნება, ამ წრეზე ვიტრიალებთ”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ამ მოცემულობაში 2028 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია?” - პასუხობს:
“არა, ამ მოცემულობის მიუხედავად, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს არჩევნები უნდა იყოს. ჩვენ თუ რუსეთში მივდივართ, ისინი აუცილებლად მოგვთხოვენ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას, იმიტომ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშლონ. იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა არა აქვს, მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რათა შეძლოს კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება ამ მუხლის ამოსაღებად... თუ ბიძინამ გადაწყვიტა ჩრდილოელი მეზობლის “გადაგდება” და დასავლეთზე გადათამაშება, ამ შემთხვევაშიც მოუწევს არჩევნების ჩატარება, რათა ლეგიტიმაცია დაიბრუნოს დასავლური სტანდარტით. ასე რომ, ორივე შემთხვევაში, ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია”.
“ლელო” პარტიების აკრძალვას საკონსტიტუციოში და სტრასბურგში ასაჩივრებს - რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეებს
“ოცნების” ნაბიჯების საპირწონედ, “ლელოს” საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი იმ ახალშემოღებულ ზომებზე, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს ფაქტიურად პოლიტიკურად კლავს. ხაზარაძის პარტიაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ “ლელოს” აქვს სამართლებრივი საფუძველი შეიტანის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა, სტრასბურგში კანონის ნორმა ვერ გასაჩივრდება და საჩივრის შეტანა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, რომლის მიმართაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ხმალაძის აზრით, “პროცესი სამართლებრივი თვალსაზრისით ლოგიკური და საფუძვლიანია. სამართლებრივად არაერთი არგუმენტი არსებობს იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში მიღებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია - ეს ეხება როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე პოლიტიკური გაერთიანებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ლელო” პარტიების აკრძალვას საკონსტიტუციოში და სტრასბურგში ასაჩივრებს - რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეებს.
“რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტუტუციო სასამართლო, მიიღებს თუ არა კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას, ანუ თუ არაკონსტიტუციურად ცნობს ამ ცვლილებს, მე ამის დიდი იმედი არ მაქვს. ეს სამწუხარო რეალობაა. სტრასბურგში კანონის ნორმა ვერ გასაჩივრდება. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის შეტანა შეუძლია იმ პირს, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. ანუ, როცა კონკრეტულ პირს რაღაცას აუკრძალავენ, მას უკვე შეეძლება ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს. იქ უკვე ამ საჩივარს სერიოზული პერსპექტივა ექნება”, - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე. 16 ოქტომბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის წევრები და მასთან დაკავშირებული პირები ვერ ისარგებლებენ პასიური საარჩევნო უფლებით, შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს” სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას. “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ. პარტიის წევრ გიორგი სიორიძის თქმით კი, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (გაერთიანების თავისუფლება), რომლის მიხედვით, ისევე როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულებას დაიცვან ინდივიდების უფლება - თავისუფლად შექმნან და შეუერთდნენ პოლიტიკურ პარტიებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, “ოცნების” რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ აბრუნებს საბჭოთა წარსულში, ივანიშვილის “რუსულ ოცნებას” ასრულებს და ამყარებს დიქტატურას. ჩვენ, “ძლიერ საქართველო-ლელოს” მზად გვაქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების" ანტიკონსტიტუციური ქმედება, პირველ რიგში ლახავს, ევროკონვენციით განსაზღვრულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, რომლის განმარტებით, “განსაკუთრებით აბსურდული და ანტიდემოკრატიულია კანონი, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის, პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლს და საერთაშორისო ნორმებს”, - წერს სტატიის ავტორი.
“პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის უფლება ასევე პირდაპირ არის აღიარებული კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფით. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და გამორიცხავს მიმდინარე კანონმდებლობით მის გაფართოებას. საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება აუკრძალოს მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობა! ზემოთ აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურული რეჟიმის გამყარებაა. “ძლიერი საქართველო-ლელო”-ს გზა ყოველთვის იყო რეჟიმთან ბრძოლა, წარსულშიც და ახლაც”, - ამბობს გიორგი სიორიძე და დასძენს, რომ “ძლიერი საქართველო-ლელოს” პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში იქნებიან ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ფორმით და ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, რეჟიმის დამარცხებამდე!”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ირაკლი მელაშვილი - “ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..."
“4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიცია გამქრალია, საპროტესტო მოძრაობა კი ისევ ჩართულია პოლიციასთან დაპირისპირებაში ანუ სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობს, პოლიტიკური პროცესი კი მკვდარია. ეს ორი მდგენელი - პოლიტიკა და სამოქალაქო პროტესტი ერთად თუ არ არის, ცალ-ცალკე შედეგს ვერ მიაღწევს. პროტესტანტები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. სწორედ მათ გამოა, რომ ქვეყანა ახლა ფეთქავს და რაღაცნაირად კიდევ აჩვენებს, რომ ამ საზოგადოებას აქვს ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბების სურვილი. მეორე მხრივ, ამ პროტესტს უნდა ჰყავდეს ხალხი, რომელიც შეძლებს ილაპარაკოს, ხელისუფლებასთან იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ეს პროტესტი უთავო მხედარს ჰგავს, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მათი სახელით ვერავინ ლაპარაკობს, პოლიტიკურად ვერ ხერხდება იმ უზარმაზარი ენერგიის კაპიტალიზაცია, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. თუკი პოლიტიკურ პარტიებს ეს არ შეუძლიათ, მაშინ რაღაც პოლიტიკური `თავი~ უნდა შეიქმნას. მე არ მესმის არც ერთი იმ ადამიანის, რომელიც გაიძახის, არაფერი საჭირო არ არის, უბრალოდ, ქუჩაში ვიდგებით და ყველაფერი თავისით მოხდებაო. არ მოხდება თავისით”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც, თუ სერიოზული პრობლემები არ შეექმნა, ცვლილებებზე წავა”.
“ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც, თუ სერიოზული პრობლემები არ შეექმნა, ცვლილებებზე წავა. დასავლეთმა თუ არ დაინახა, რომ ქვეყანაში გაჩნდა ალტერნატივა, რომელსაც ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში არსებულ ქვეყანაში ვითარების მართვა შეუძლია, არ მიიღებენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის იცვლება მაშინ, როდესაც ქვეყანაშიც და მის გარეთაც ხედავენ ალტერნატივას. ცვლილებები არ ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ცუდი ხელისუფლებაა... როდესაც ხელისუფლება გიპირისპირდება შიშველი ძალით, შენ გაქვს ორი გზა: კედელი თუ აგიშენა, გაქანდე და თავი მიარტყა, ან შემოუარო და გზა გააგრძელო. რატომ არ შეიძლება, რომ ამ ეტაპზე მაინც რუსთაველზე აქციები განვაგრძოთ, მაგალითად, ერთი გზის პირას, ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს კილომეტრებზე გაიშალოს დროშებით, პლაკატებით, მთელი რუსთაველი დავიკავოთ და მთელი ის ხალხი, რომელიც ტროტუარებზე ივლის, და ისინიც, ვინც გზაზე მანქანებით ივლის, ფაქტობრივად, აქციების თანამონაწილე გავხადოთ, უზარმაზარი პერფორმანსები მოვაწყოთ ყოველ საღამოს ისე, რომ გზა არ გადაიკეტოს და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, რომ ადამიანები დააკავოს. ამას მაგალითისთვის ვამბობ და შეიძლება უფრო ჭკვიანური რაღაცებიც მოიგონონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“მთავარია პროტესტი, მისი შენარჩუნება და მეტიც, გაძლიერება. ხელისუფლებას უნდა დაანახო, რომ ეს პროცესი მინავლების პროცესში კი არ არის, მატულობს და მატულობს. რა მოაქვს იმას, რომ ათობით ადამიანს აკავებენ? კანონმდებლობა ისე შეიცვალა, რომ ამ ათობით თუ ასობით ადამიანს ხუთი დღით კი აღარ დააკავებენ, სისხლის სამართლის მუხლებით გაუშვებენ ციხეში. ეს როგორ შეეხიდება საპროტესტო მოძრაობას? უდიდესი პატივისცემა და სიყვარული მათ, ვინც გამოდის და აპროტესტებს, მაგრამ, ხანდახან გმირობაზე უფრო მნიშვნელოვანი ჭკუაა. ჭკუამ შეიძლება მოიტანოს ის, რომ მაინცდამაინც თავის გაწირვა არ გახდეს საჭირო... იმ აგრესიით, რომელიც ისმის ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, ისინი ძალიან ცოტა ადგილს ტოვებენ იმისათვის, რომ მმართველი პარტიიდან ადამიანი წამოვიდეს და მათ მხარეს დადგეს. ვერ ხვდებიან ერთ რამეს _ ხელისუფლება რომ დაამარცხო, მას მომხრეები უნდა დააკარგვინო და არა პირიქით...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ღარიბაშვილს, ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რასაც ექსპერტების ნაწილი ამბობს, ივანიშვილს ფული შემოაკლდა და ახლა ამოღება უნდაო. მე უფრო სხვა რამ მგონია. ივანიშვილმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მას მუდმივი პარტნიორები პოლიტიკაში არა ჰყავს... ბოლო 20 წელი რომ ავიღოთ, მოდი, შევხედოთ ამ პერიოდს, როგორც ორი ოლიგარქის - ივანიშვილისა და პატარკაციშვილის ბრძოლას. ივანიშვილი ამ ბრძოლაში ბევრად მოქნილი აღმოჩნდა, შევიდა ალიანსში სააკაშვილთან და მთავრობის ხელით, ფაქტობრივად, გაანადგურა პატარკაციშვილი. თან ამ პროცესში ხელი შეუწყო სააკაშვილის სრულ დისკრედიტაციას, შემდეგ უკვე სააკაშვილი გადააგდო, ოღონდ ალიანსში შევიდა პროდასავლურ პარტიებთან, რაც ძალიან სჭირდებოდა 2012 წელს არჩევნებში გასამარჯვებლად, რათა ამ პროცესში თუნდაც შეერბილებინა დასავლეთის რეაქცია ოლიგარქის პოლიტიკაში გამოჩენაზე. თუმცა, 2022 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეცდომა დაუშვა”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ძალიან მალე გაიმარჯვებდა და გადავიდა ანტიდასავლურ პოლიტიკაზე, თავის პარტიაშიც ის ხალხი დააწინაურა, რომელიც ამ ანტიდასავლური დღის წესრიგით იყო დაკავებული. ახლა ვითარება იცვლება, რუსეთი ვერ იმარჯვებს. გარდა ამისა, 2026 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება რეგიონისთვის, იმიტომ, რომ სომხეთში არჩევნებია და შემდეგ გადაწყდება, ამერიკა შემოდის თუ არა რეგიონში, ან რუსეთი რჩება თუ არა. ივანიშვილი არასდროს არ დაეტაკება გაქანებულ მატარებელს. თუ დასჭირდება, შეარბილებს, ასე ვთქვათ, პრორუსული ფლანგის გავლენას... ივანიშვილისთვის ყველა პარტნიორი ტაქტიკური პარტნიორია, მას ყველა ეტაპზე სხვადასხვა ხალხი სჭირდებოდა და ახლა სჭირდება კობახიძე, რომელიც ყველაფერზე მზად არის, რომ ხელისუფლებაში დატოვონ, ოღონდ მერე მისი დროც მოვა... ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთადერთი ფიგურა “ოცნებაში”, რომელმაც მოახერხა და შექმნა თავისი ელექტორალური ბაზა. მთელ ცივილიზებულ სამყაროში ბიზნესი ცდილობს ფული ჩადოს იმ ხალხში, რომლებიც არიან პოპულარულები, რეიტინგულები, ივანიშვილი კი პირიქით ფსონებს დებს იმ პირებზე, რომლებიც არ არიან თვითკმარები და ვერასოდეს შექმნიან პრობლემას - კობახიძეები, პაპუაშვილები და ა.შ.”, - ამბობს რესპონდენტი.
“ერთადერთი, ვინც ამ პროცესში პოტენციალი გამოავლინა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შეუძლია პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდეს, ეს ღარიბაშვილია. ის უკვე პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდა ხელისუფლებისთვის. პოლიტიკური მოტივით არის ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული და ამისი მიზეზი ის არის, რომ ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა. პაპუაშვილი და კობახიძე მთელი ცხოვრება სადღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში კლერკებად იყვნენ და ვიღაცების დავალებებს ასრულებდნენ. ახლა ფიქრობენ, მე რომ მოვედი ხელისუფლების სათავეში და ზემოდან გიყურებ, ახლა შენ უნდა იყო ჩემი მონაო. არსად მინახავს არც პაპუაშვილი, არც კობახიძე რამის გამპროტესტებელი და ახლა გაცოფებულები არიან ამ პროტესტზე. დღეს ისინი სწორედ ამ უსამართლობის მეშვეობით რაღაცას წარმოადგენენ - ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კობახიძისა და პაპუაშვილის პიროვნულმა ხასიათმა იმ დაძაბულობაში, რაც არის დღეს საზოგადოებაში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“რადიკალიზაცია აწყობს ხელისუფლებას, მას სჭირდება საბაბი რეპრესიებისთვის. რაც შეეხება პარტიების გაუქმებას, ეს ერთია და ოპოზიციის გაქრობა - მეორე. უამრავ ქვეყანაში გააუქმეს პარტიები, მაგრამ ოპოზიცია ამით უფრო გაძლიერდა. გარდა ამისა, არის ლიმიტი, რომელიც აქვს ხელისუფლებას რაღაცების დაშავებისთვის. ერთპარტიულ სისტემაზე გადასვლის უფლებას შენ არავინ მოგცემს. მალე სომხეთის არჩევნები იქნება და ფაშინიანის გამარჯვება ნიშნავს დასავლეთის შემოსვლას რეგიონში, შუა დერეფნის საკითხის გააქტიურებას. ივანიშვილს, კობახიძესა და პაპუაშვილს ამ პროცესებისთვის არავინ ხელს არ შეაშლევინებს. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა აქ პოლიტიკური გაერთიანება თუ გაერთიანებები რაც შეიძლება მალე შეიქმნას და ქართულმა პოლიტიკამ, გარდა ემოციური მდგენელისა, რაციონალური განვითარების პერსპექტივა შეიძინოს”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.