გიორგი შარაშიძე რევაზ სოხაძეს - მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გამბედაობისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, როდესაც, ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარეთ

მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გამბედაობისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, როდესაც თქვენს შესავალ სიტყვაში, ფაქტობრივად, აღიარეთ, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარეთ,- ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ის ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ის პრობლემები, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, „სხვა არაფერია თუ არა კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა“.

„უპირველესად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ გამბედაობისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ, როდესაც თქვენს შესავალ სიტყვაში, ფაქტობრივად, აღიარეთ და დაადასტურეთ, რომ კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარეთ. ის პრობლემები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ - ხარისხი, ვადები, მონიტორინგი, არამიზნობრივი ხარჯვები, დამეთანხმებით, სხვა არაფერია თუ არა სწორედ კორუფცია, სამსახურებრივი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს შეფასება სცილდება ინტერპელაციის ფორმატს და ამიტომ, იმ ყველაფერზე, რაც თქვენ ისაუბრეთ (სახელი ბოლომდე არ დაარქვით, მაგრამ ფაქტები აღწერეთ), ჩვენ ამ ნაწილში თქვენს სამინისტროსთან მიმართებით, „ოცნების“, როგორც მმართველი ძალის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, მოგვიანებით შესაბამის ფორმატებში დავუბრუნდებით“,- განაცხადა შარაშიძემ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ შარაშიძემ კორუფციაზე „ნიშნის მოგებით“ ისაუბრა, ის ამას ვერც მმართველ გუნდზე და ვერც საკუთარ თავზე ვერ მიიღებს.

„ეს თქვენი შეფასებაა. მე ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც სამინისტროში არსებობს. ჩვენი ხელისუფლების სიძლიერე სწორედ ის არის, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ იმ პრობლემებზე საუბარს, რაც არის. ჩვენ, ყველანი ერთად, იმისთვის ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას და ამაზე ჩვენთვის არავის მითითება არ მოუცია. ჩვენ ჩვენით გავაჟღერეთ ის პრობლემები, რაც არსებობს. დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, ზოგადად, კორუფციული რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. იმისთვის, რომ ეს თემა ამ ქვეყანაში საერთოდ აღარ იყოს რაიმე ფორმით აქტუალური. დღეს თუ ვინმეს შეუძლია კორუფციაზე თავაწეულმა ისაუბროს, ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დღევანდელი ხელისუფლება. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან წელში გამართულები ვართ. მე, ბუნებრივია, მათ შორის, ჩემს სამინისტროსთან დაკავშირებით ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვისაუბრო პრობლემებზე. ესა თუ ის ქმედება არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა, გულგრილობა თუ რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი, ამაზე კვალიფიკაციას ახდენენ შესაბამისი სტრუქტურები. ამ მიმართულებითაც მგონია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ბევრი რამ კეთდება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ბოდიშის მოხდით, მაგრამ ეს თუ რაიმე ფორმით ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი, ვერც ჩვენს თავზე და ვერც ჩემს თავზე ვერ მივიღებთ“,- აღნიშნა მინისტრმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად