Reuters - ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ცენტრისტული პარტია „დემოკრატები 66“ და ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ თანაბარი რაოდენობის მანდატებს მოიპოვებენ

ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ცენტრისტული პარტია „დემოკრატები 66“ და ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ თანაბარი რაოდენობის მანდატებს მოიპოვებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 98%-ის დათვლის შედეგად, ცენტრისტული პარტია „დემოკრატები 66“ და ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტია“ (PVV) 150 ადგილიან პარლამენტში თანაბარი რაოდენობის, 26-26 ადგილს მოიპოვებენ.

ამასთან, პარტია „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD) 22 მანდატს მოიპოვებს, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატები“ 18 მანდატს მიიღებენ.

2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან შედარებით ხეერტ ვილდერსის პარტიამ მხარდაჭერა დაკარგა, ხოლო პარტია „დემოკრატები 66“-ის მანდატების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ვილდერსის განცხადებით, შედეგებით იმედგაცრუებულია და სავარაუდოდ, მომავალი მთავრობის შემადგენლობაში მისი პარტია არ იქნება.

„დემოკრატები 66“-ის ლიდერმა, 38 წლის რობ იეტენმა, რომელიც შესაძლოა, ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი გახდეს, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ „ნიდერლანდებმა ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა“.

„ჩვენ არა მხოლოდ ნიდერლანდებს, არამედ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ პოპულისტური და ულტრამემარჯვენე მოძრაობების დამარცხება შესაძლებელია“, - აღნიშნა რობ იეტენმა.

ცნობისთვის, ნიდერლანდების პარლამენტში მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის 76 ადგილია საჭირო.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს