ნინო ლომჯარია - ბოლო წლებში ოპოზიციამ არაერთი შეცდომა დაუშვა - უკვე წლებია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ - უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის

ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც „ქართული ოცნების" რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ახერხებს შეთანხმებასა და რეჟიმთან სწორი ტაქტიკით ბრძოლას.

„მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება, რა არის გასაკეთებელი და რა უნდა იყოს მომავლის გეგმა, ჯერ დავიწყებდი დაშვებული შეცდომებით:

ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც "ქართული ოცნების" რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია მაქსიმუმ 2 ძლიერ ბანაკად უნდა გაერთიანებულიყო და არა 4-5 ალტერნატივად. ამ ცხადი საზოგადოებრივი დაკვეთის უგულებელყოფამ გამოიწვია ის, რომ ფრაგმენტირებულმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა საარჩევნო უბნებზე ხმების უკეთ დაცვა, ხოლო, არჩევნების გაყალბების შემდგომ ფრუსტრირებულმა საზოგადოებამ წყენა და უნდობლობა ისევ ოპოზიციის მისამართით მიმართა.

ასევე, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რეჟიმის ამოცანა არ იყო არჩევნებში ოპოზიციას მიეღო, ან არ მიეღო მონაწილეობა, რეჟიმის ამოცანა იყო - ოპოზიციის ნაწილს მიეღო და ნაწილს არ მიეღო მონაწილეობა. ფაქტია, ეს მიზანი ოპოზიციის ურთიერთდაპირისპირებული სტრატეგიის შედეგად მიღწეულ იქნა.

მე არ ვაპირებ გავარჩიო, ვინ მეტად იყო ამ ყველაფერში დამნაშავე და ვინ ნაკლებად, რადგან ამაზე დავა არაფრის მომტანია. მე უბრალოდ ვამტკიცებ, რომ უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ახერხებს შეთანხმებას და რეჟიმთან სწორი ტაქტიკით ბრძოლას.

ეს გარემოება ასევე ძალიან დიდ დარტყმას აყენებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას. დასავლეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ უპირობო და ერთსულოვანია, თუმცა, დასავლეთმა არ იცის, ვის ან რა პროცესებს დაუჭიროს მხარი, ვინაიდან არ არსებობს ერთიანი მოთხოვნები, ერთიანი სტრატეგია, ერთიანი გუნდი, რომელიც ქართველი ხალხის საპროტესტო, პროევროპულ ხმას გამოხატავს”,- წერს ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ახლა ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის.

„ახლა, რა არის, ჩემი აზრით, გამოსავალი. რა უნდა გაკეთდეს: უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ 3 წელიწადში, არა აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში მას სჭირდება მომზადება, რაც ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს! მომზადება გულისხმობს: ა. წინააღმდეგობის იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობას, საზოგადოებრივი დაკვეთის გათვალისწინებით ერთიან სიას; ბ. პოლიტიკური გუნდის ხედვების მომზადებას და საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას - საზოგადოებისთვის ნათლად ახსნას, რა სიკეთეს მოიტანს მათთვის პოლიტიკური ცვლილებები, მათ შორის ხედვების წარმოდგენას გარდამავალი მართლმსაჯულების, სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე; გ. არჩევნებზე სანდო დამკვირვებლების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ მომზადებას.

ამასთან, უნდა შეწყდეს მოკავშირეების/პოტენციური მოკავშირეების მიმართ სიძულვილის გაღვივება, დაუსრულებელი ბრალდებები, თავდასხმები, კუდიანების და აგენტების იარლიყის მიკერება;

პარალელურად, პროტესტის გაგრძელება სასიცოცხლოდ აუცილებელია; უნდა გაგრძელდეს უკანონოდ დაკავებულთა, უკანონოდ გათავისუფლებულთა და სხვაგვარად რეპრესირებულთა უფლებებისთვის ბრძოლა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოში; პოლიტიკური ბრძოლის იარაღი მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობაა. შედეგები: საზოგადოების საპროტესტო ენერგიის კონსოლიდაცია ერთიანი პოლიტიკური ხედვის და იდეის გარშემო.

აქტივისტებისთვის საკუთარი როლის და ადგილის პოვნა წინააღმდეგობის ორგანიზებულ ინიციატივაში; ნიჰილიზმის ჩანაცვლება ქმედებით; საზოგადოების როლის ზრდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში; რეჟიმის მიმართ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა, რის მიმართაც ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან“,- წერს ნინო ლომჯარია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა