გიორგი ბაჩიაშვილი - გამოდის, საქართველოში მე ვარ პირველი შემთხვევა, რომელსაც კერძო პროექტის გადახარჯვას ედავებიან და არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა, ეს პირველი პრეცედენტი გახდება

გამოდის, რომ საქართველოში მე ვარ პირველი შემთხვევა, რომელსაც კერძო პროექტის გადახარჯვას ედავებიან და არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა, ეს პირველი პრეცედენტი გახდება, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანი მხარეებთან ერთად მსჯელობდა ბრალდების სამართლებრივ ასპექტებზე. დაცვის მხარე და ბრალდებულიც დაობდნენ მუხლის იმ ნაწილზე, სადაც „სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შედეგად მძიმე შედეგის გამოწვევაზეა“ საუბარი.

„პირველი პრეცედენტი იქნება სსსკ 220-ე პრიმა მუხლზე ფინანსური ზარალი რომ განიხილება. ადამიანი არ დაზიანებულა, ხომ?“ - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

„მძიმე შედეგი მსჯელობის საგანს განეკუთვნება. კანონმდებელმა არ ჩაწერა „მძიმე შედეგი რა არის", ამას წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ვერ შეაფასებს“, - განაცხადა მოსამართლემ. მან ასევე ბაჩიაშვილს უთხრა, რომ „ისეთი სტატუსის ადამიანთან ჰქონდა მას შეხება, ამ თანხებს ასე ვერ დაითვლიდნენ“.

„ეს იგივეა, დავუშვათ, ადამიანმა მოიპარა 100 ლარი და ამ ადამიანს სხეულის დაზიანებით ვასამართლებდეთ. 100 მილიონის გადახარჯვა - 220-ის პრიმა, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობა ან მძიმე შედეგი გამოიწვია, ვერ იქნება“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მოსამართლემ მსჯელობის შემდეგ, საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ