ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა - უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ყველა შემთხვევა ეფექტურად უნდა იქნას გამოძიებული

2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით აღინიშნა, - ამის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

„საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიიღო, რაც მნიშვნელოვნად უთხრის ძირს დემოკრატიულ პროცესებს და ფაქტობრივად აუქმებს სამოქალაქო მონაწილეობასა და კონტროლისა და ბალანსის სისტემას. ოპოზიციის რვა წარმომადგენელს 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მომდევნო ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ. ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობამ აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების ზრდა გამოიწვია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, „სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული ხმების წინააღმდეგ დაშინება, მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა უფრო ხშირი ხდება“.

„პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულო მონაწილეობა გააუქმა, რითაც სამოქალაქო საზოგადოება მმართველობის პროცესიდან კიდევ უფრო გარიყა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მგრძნობიარე ინფორმაციის მოთხოვნის ბრძანება მიიღო. ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ძალადობისა და რეპრესიების არაპროპორციული გამოყენება მოჰყვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედების კურსი უნდა შეცვალოს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს. საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომელიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებთან თანხვედრაში იქნება. ფუნდამენტური უფლებები და პრინციპები, მათ შორის სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, დაცული და გარანტირებული უნდა იყოს. უსამართლოდ დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ. ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისა და ძალადობის ყველა შემთხვევა ეფექტურად და დროულად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში