„თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025“ გაიმართა

მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,თსუ მეცნიერების ფესტივალი 2025“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება კვლევითი საქმიანობით და მეცნიერების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება იყო.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინიტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თბილისისა და რეგიონების სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

„უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც ახალმა თაობამ მეცნიერული ცოდნა უნდა მიიღოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ის ქვეყნები, რომელთაც დიდი რესურსები ჩადეს მეცნიერებაში, დღეს მყარად დგანან ფეხზე. სამეცნიერო ფესტივალები ხელს უწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას. ასობით ახალგაზრდა, სკოლის მოსწავლე გაეცნო თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, დაინტერესდა სხვადასხვა სახის ცდებით. იმედია, მათ გავუღვივეთ ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ზვიად გაბისონიას განცხადებით კი, ახალი თაობის შესვლა მეცნიერებაში დღეს გამოწვევაა, შესაბამისად, სამინისტროს სურვილია, რომ ამ მმართულებით მეტი პროექტი დაფინანსდეს.

„მეცნიერების პოპულარიზაცია გახლავთ უმაღლესი განათლების რეფორმის ქვაკუთხედი, ახალი თაობის შესვლა მეცნიერებაში ჩვენთვის გამოწვევაა. ძალიან გვინდა, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი ამოცანა გადავჭრათ და მეტი ასეთი პროექტი დავაფინანსოთ, რაზეც გამუდმებით მუშაობს სამინისტრო“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თსუ-ს მეცნიერების ფესტივალზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ერთიან სივრცეში წარმოადგინეს საინტერესო ექსპერიმენტები, აღმოჩენები და კვლევითი პროექტები.

ფესტივალში მონაწილეობდნენ თსუ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მინერალოგიის, ზოოლოგიის, პალეონტოლოგიის და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები, დაკვირვებოდნენ ექსპერიმენტებს ფიზიკაში, შეესწავლათ მინერალების უნიკალური სტრუქტურა, გაცნობოდნენ, თუ როგორი იყო სიცოცხლე მილიონი წლის წინ და შეხებოდნენ პალეონტოლოგიურ ნიმუშებს, დაეთვალიერებინათ თსუ ზოომუზეუმის საინტერესო ექსპონატები, მოუსმინეს თემატურ ლექციებს.

ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდნენ თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები: ირაკლი ჩიტაია, გიორგი თუთბერიძე, მაია გაიოზიშვილი, გიორგი ჯიბუტი, გიორგი გაფრინდაშვილი.

10 ნოემბერი არის მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის და ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში, აგრეთვე, ფართო საზოგადოების ჩართულობას სამეცნიერო საკითხებში. ის ასევე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელობას და აქტუალობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU).

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია