შალვა პაპუაშვილი - მთავარი გამოწვევა, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს, მისი დასახელებაა, რადგან სახელის გამო საგამოძიებო უწყება გგონიათ - დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაციაა და არ მიგვიცია უფლებამოსილება, ჩასაფრება და ძიება დაიწყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან რაჟდენ კუპრაშვილის გათავისუფლების საფუძველს ვერ ხედავს.

კერძოდ, კითხვაზე, ხედავს თუ არა კუპრაშვილის გათავისუფლების საფუძველს, პაპუაშვილი ასე პასუხობს: „არა. რატომ უნდა ვხედავდე?! ჩემი კომპეტენცია არ არის ასეთი ტიპის დაწესებულებაში ვინმეს დანიშვნა, ან გათავისუფლება".

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სინამდვილეში, მთავარი გამოწვევა, რაც ამ უწყებას აქვს, არის მისი დასახელება.

პაპუაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო საგამოძიებო უწყება არ არის და მისი ფუნქცია საჯარო მოხელეების დეკლარაციების შემოწმებაა.

„სინამდვილეში, მთავარი გამოწვევა, რაც ამ უწყებას აქვს, არის მისი დასახელება. თქვენ გესმით სახელწოდება „ანტიკორუფციული ბიურო“ და ფიქრობთ, რომ ეს არის საგამოძიებო უწყება, რომელიც კორუფციას უშუალოდ ებრძვის. ეს ასე არ არის. ეს არის ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობთ სახელიდან გამომდინარე. ანტიკორუფციული ბიურო არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაცია, რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას საჯარო წყაროებში არსებულ მონაცემებთან, სახელმწიფო უწყებებში დაცულ ინფორმაციებთან. პარლამენტს არ მიგვიცია ამის უფლებამოსილება ბიუროსთვის, რომ მან დაიწყოს ჩასაფრება და ძიება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურში ინფორმაციას მცდარი უწოდეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

თავად რაჟდენ კუპრაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა: "არ მოვუხსნივარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ".

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს