შალვა პაპუაშვილი - დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს - დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი

დღევანდელი სამყარო სხვაგვარ გამოწვევებს გვთავაზობს, როდესაც დიპლომატი მომლაპარაკებელიც, ინფორმაციის შემკრებიც, ანალიტიკოსიც, პოლიტიკური აქტორიც და საჯარო პირიცაა, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვა მრავალ მიმართულებაზე უხდება - დღევანდელ კოსმოპოლიტურ, გლობალიზებულ სამყაროში ეროვნულ ინტერესებს ზოგიერთები ანაქრონიზმად, წარსულის გადმონაშთად წარმოგვიჩენენ, რომელთა დაცვაც რეგრესთან და ჩამორჩენილობასთანაც შეიძლება იყოს ასოცირებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დიპლომატმა „მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან უნდა დაინახოს საერთო საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები“.

„პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ერთგულად იცავთ.

დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი. სწრაფი ტემპით ბარდება წარსულს დრო, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ოფიციალური არხებით ავითარებდნენ ურთიერთობებს და დიპლომატის სამსახური და მოვალეობა მხოლოდ მასპინძელი ან მესამე ქვეყნის ოფიციალური პირების ინტერესების წინაშე თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა იყო.

დღევანდელი სამყარო სულ სხვაგვარ, კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გამოწვევებს გვთავაზობს, როდესაც დიპლომატი, იმავდროულად, არის მომლაპარაკებელიც, ინფორმაციის შემკრებიც, ანალიტიკოსიც, პოლიტიკური აქტორიც და საჯარო პირიც, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვა უკვე არა ერთ ან ორ, არამედ მრავალ მიმართულებაზე ერთდროულად უხდება. დღევანდელ კოსმოპოლიტურ, გლობალიზებულ სამყაროში ეროვნულ ინტერესებს ზოგიერთები ანაქრონიზმად, წარსულის გადმონაშთად წარმოგვიჩენენ, რომელთა დაცვაც რეგრესთან და ჩამორჩენილობასთან შეიძლება იყოს ასოცირებული.

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, ვითარების და დროების მიუხედავად, დიპლომატი იყო, არის და უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან დაინახოს საერთო-საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები. ამიტომაც, ქვეყნის გარეთ, დიპლომატი სახელმწიფოს ინტერესების დამცველია არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების წინაშე, არამედ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაშიც; საკუთარი ქვეყნის შიგნით კი - სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისადმი გულგრილად განწყობილ ჯგუფებთან, რომლებსაც, ხშირად, მოჩვენებითი გლობალური ტენდენციები უფრო ეძვირფასებათ, ვიდრე საკუთარი სამშობლოს თუნდაც მცირე მასშტაბის, ადგილობრივი მნიშვნელობის, მაგრამ, რეალური, სასიცოცხლო და გადამწყვეტი ინტერესები.

უნდა გავითავისოთ, რომ არ არსებობს მოხელე, რომელიც აბსტრაქტულ სახელმწიფოს და მის ინტერესებს წარმოადგენს, არამედ ყველა ჩვენგანის საქმიანობა ქართული საზოგადოების დინამიკური ცვლილების ანარეკლია და ჩვენ სწორედ დინამიკურად განვითარებად ქართველ ხალხს წარმოვადგენთ მისი ინტერესებითა და მისწრაფებებით. ეს ინტერესები და მისწრაფებები კი, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებზე გამოიხატება, სადაც ქვეყნის მთავარი მიმართულებები განისაზღვრება.

ხალხი აძლევს მანდატს პარლამენტს, პარლამენტი განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, არჩეული მთავრობა კი მას რეალობად აქცევს. ხალხსა და დიპლომატს შორის ნებისმიერი სხვა კავშირის ძიება არღვევს დემოკრატიული მმართველობის პრინციპს და თვითნებურია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „დიპლომატების ამოცანაა, რომ ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში“.

„დღეს, როდესაც საინფორმაციო ომი ხშირად რეალურ ომებზე საშიშიცაა, დიპლომატებს ეკისრებათ ურთულესი მისია - სიმართლის დაცვა ტყუილის ხმაურის ფონზე. დიპლომატების ამოცანაა ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში. დიპლომატი, რომელსაც ეჭვი ეპარება თავისი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში, თავისი სახელმწიფოს ინტერესების მნიშვნელობასა და სისწორეში, ვერასოდეს ჩამოაყალიბებს საჭირო პოზიციას და ვერასოდეს მიიტანს დამაჯერებელ მოსაზრებას საჭირო სამიზნემდე.

ნურავინ იფიქრებს, რომ ქართველი დიპლომატების მუშაობის სირთულე ვინმეს არ ესმის ან სათანადოდ არ აფასებს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტს სრულად აქვს გააზრებული თქვენი ბრძოლა და სირთულეები. პარლამენტი თქვენს გვერდითაა და აფასებს თქვენს შრომას, ბრძოლასა და თავდადებას.

ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებამ შეგვაძლებინა, დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და მიგვეღწია საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდისთვის.

ამ ჭიდილში ჩვენც - ხელისუფლებამ და დიპლომატებმა - უკვე კარგად გავიაზრეთ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციებზე, არ უნდა ავყვეთ ყალბ ემოციებს ან გარე ზეწოლას იმ ხმამაღალი კრიტიკის მიუხედავად, რომელიც შესაძლოა რთულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდეს.

პრინციპულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოქნილები არ ვიქნებით. არამედ ნიშნავს იმას, რომ ყველა სიტუაციაში გვეცოდინება ვინ ვართ, რა არის ჩვენი ღირებულებები და საითკენ მივდივართ. ჩვენი გზა ძლიერი, დამოუკიდებელი, ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას გულისხმობს, ხოლო ჩვენი წარმატება პრინციპულ, პრაგმატულ, პატრიოტულ საგარეო პოლიტიკაზე გადის.

დიპლომატია არ არის ყველას დასაკმაყოფილებლად შექმნილი ინსტრუმენტი. მისი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ისეთი ხიდების მშენებლობით, რომლებიც ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს წინაშე თქვენი თავდადებული, ერთგული, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს