28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა

28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მსვლელობა 19:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„28 ნოემბერს ერთი წელი გადის მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა, რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს „ღირსებით ევროპისკენ“ სვლას ჰპირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე.

ერთი წელია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების სისტემურ წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ მძევლად აყვანას, უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს.

ევროპულ მომავალზე უარის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.

ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, ხარისხიანი განათლებისთვის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი.

დღეს აქ ვდგავართ უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე ადამიანები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საპროტესტო ჯგუფები, პრინციპული პოზიციის გამო რეპრესირებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პატიმრების წარმომადგენლები და ერთად ვაცხადებთ, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მთავარი - შეეჩერებინა წინააღმდეგობა. სანამ ჩვენ ვიბრძვით, ვმოქმედებთ, არ ვნებდებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს.

მივმართავთ პოლიტიკურ ტყვეებს ციხეებში: გვინდა იცოდეთ, რომ არ გავჩერდებით, ბრძოლას არ შევწყვეტთ მანამ, სანამ ყველა თქვენგანი არ გათავისუფლდება, რეჟიმი არ გატყდება და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი დაიბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს და ქვეყანას დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრების ისტორიულ გზაზე.

28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ.

ჩვენ აქ ვართ, ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე, გამარჯვებამდე!“,- აცხადებენ ორგანიზატორები.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ