საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება - მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქცია 100 ლარი, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის ან მობილურით სარგებლობისთვის კი ჯარიმა 50 ლარი გახდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც: 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა”,- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია