ადვოკატი - ირაკლი ღარიბაშვილი კანონმორჩილი ადამიანია, არც ქვეყნის დატოვებას აპირებს - მზად არის, გამოძიების კითხვებს უპასუხოს, თუმცა ბრალის წარდგენის დროს ჩვენების გარდა, გამოკითხული არ ყოფილა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

თუმცა, როგორც გელაშვილმა „ინტერპრესნიუსს განუცხადა, ბრალის წარდგენის დროს ჩვენების გარდა, ღარიბაშვილი არ გამოუკითხავთ.

„როგორც იცით აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდა გირაო ერთი მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესატანად. ამ გირაოს დაფარვა თანხით არ მომხდარა. მისი სახლი, მოსეშვილის #10-ში, სადაც ის თავად ცხოვრობს ოჯახით, აუდიტმა შეაფასა. ეს უძრავი ქონება შეფასდა მილიონზე მეტად და სწორედ ეს ქონება ჩაიდო. კანონი ითვალისწინებს ამას. შესაძლებელია როგორც თანხით, ასევე ქონებით იქნას უზრუნველყოფილი. ეს დათქმა პროკურატურამ შეიტანა სასამართლოში და განჩინებაში მიუთითა.

ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ უწევს, ის კანონმორჩილი ადამიანია. არც ქვეყნის დატოვებას აპირებს და მზად არის თუ გამოძიებას ექნება რაიმე კითხვა, უპასუხოს. თუმცა ამ ეტაპამდე, გარდა იმ ჩვენებისა, რომელიც მისცა ბრალის წარდგენის დროს, მისთვის არ დაუსვამთ კითხვა, გამოკითხული არ ყოფილა“,- განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო 24 ოქტომბერს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ