ჯანდაცვის სამინისტრო - კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტში სახელმწიფოს ჩართვის შედეგად მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტში სახელმწიფოს ჩართვის შედეგად მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა.

მათივე ცნობით, კერძო იმპორტიორები ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახდენდნენ.

„ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის მეორე ეტაპი - მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები, რიგ შემთხვევაში, 10-ჯერ გაიაფდა. წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები, პარალელურად, მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება.

რეფორმა ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარების პრევენციას ისახავს მიზნად, ამასთანავე, უზრუნველყოფს პრეპარატების ხელმისაწვდომობას, იმ პირებისთვის, ვინც მათ რეალურად საჭიროებს.

რეფორმის გატარების პროცესში, მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა: ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კერძო იმპორტიორები, მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახორციელებდნენ. აღნიშნულს ემატებოდა, საცალო სააფთიაქო ქსელში არსებული ფასნამატი. შედეგად, მედიკამენტები, ზოგ შემთხვევაში, რეალურ ღირებულებაზე 10-ჯერ ძვირად იყიდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ, საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან, რიგ მედიკამენტებზე, პირდაპირი გზით შესყიდვის შეთანხმებას მიაღწია, რაც პრეპარატების ფასს დამატებით შეამცირებს. გატარებული ცვლილებების შედეგად, ფასწარმოქმნის პროცესი სამართლიანი და სისტემურად მოწესრიგებული გახდა.

სახელმწიფომ დაადგინა გონივრული საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი, რაც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. რამდენიმე პოზიციაზე ღირებულება 7-10-ჯერ შემცირდა.

მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი გაცემა პაციენტზე დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული მკაცრი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა - გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და 15 აგვისტოდან, სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო, უფასოდ აწვდის. რეფორმის ფარგლებში, აიკრძალა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა გახდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია