რატომ გადაიდო ბრიუსელში შეხვედრა - ახალი სკანდალი და განსხვავებული ინტერპრეტაციები
რას უპირებს განათლების სამინისტრო მასწავლებლებს - ახალი სასკოლო რეფორმა და მისი შესაძლო შედეგები
“უპრეცედენტო დივერსია” - პოლონეთი რუსეთს პირდაპირ ადანაშაულებს და მის ბოლო საკონსულოს ხურავს
* * *
რატომ გადაიდო ბრიუსელში შეხვედრა - ახალი სკანდალი და განსხვავებული ინტერპრეტაციები
“ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ “სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით” მოხდა. ოპოზოციაში კი შეხვედრის ჩაშლას ქართულ დელეგაციაში ისეთი ჩინოვნიკების ყოფნას უკავშირებს, რომლებსაც დასავლეთი ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს და მათთვის რამდენიმე დასავლურ სახელმწიფოს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული. უფრო კონკრეტულად კი, ოპოზიციის ვერსიით, ყველაფრის მიზეზი გახდა დელეგაციაში დასავლეთის მიერ სანქცირებული შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის ყოფნა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ დარახველიძეს სავიზო შეზღუდვები მხოლოდ ბალტიის ქვეყნებისა და ბრიტანეთის მიერ აქვს დაწესებული. თავად დარახველიძემაც ჟურნალისტებთან საუბრისას მიანიშნა, რომ ეს ვერსია არარელევანტურია, რადგაც შეხვედრა საქართველოს და ევროკავშირს შორის იყო დაგეგმილი და “არცერთი საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის მიერ სანქცირებული არ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადაიდო ბრიუსელში შეხვედრა - ახალი სკანდალი და განსხვავებული ინტერპრეტაციები.
“შეხვედრის გადადების შესახებ ბრიუსელში ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შეხვედრამდე 2 დღით ადრე მისი გადადების გადაწყვეტილება სწორე ბრიუსელში იქნა მიღებული. თუმცა გადადების მიზეზი განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის. “სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით... ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა... ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიციის ვერსიით, ევროკავშირისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ქართული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან მისი ზოგიერთი წევრი, ბრიუსელის შეფასებით, უშალოდ მონაწილეობს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამ კონტექსტში დასახელებულია ორი ჩინოვნიკი - ანტიკორუფციული ბიუროს ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი და შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპელების მთავარი უკმაყოფილება სწორედ დარახველიძეს უკავშირდება, რადგანაც მასზე რამდენიმე ევროპულ ქვეყანას პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული ადამიანის უფლებების დარღვევის მოტივით. თავად დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, იყო თუ არა ქართული დელეგაციის შემადგენლობაში. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ვერსიები რეალური იყოს”, - განაგრძობს გამოცემა,
“თუ შეხვედრაში სანქცირებული მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი იქნებოდა ევროკავშირისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. სანქცირებულ მაღალჩინოსანთან ადამიანის უფლებებზე ილაპარაკო - ეს არც ლოგიკაში ჯდება და არც ნორმალურ აზროვნებაში. სანქცირებულები იმიტომ არიან, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეული. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმური ვერსიაა. შეხვედრის ჩაშლილის მიზეზი შესაძლოა სანქცირებული პირების დელეგაციაში ყოფნა ყოფილიყო”, - გაცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "ეყრდნობა". “ვერ დავიწყებ ოპოზიციის ვერსიების განხილვას, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას დავეყრდნობი, რომ უსამართლო მოტივებით თქვეს ამ შეხვედრაზე უარი. ალბათ ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ, თუ რის გამო ითქვა უარი, რადგან გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობა და მერე კომენტარის გაკეთება არ მგონია უპრიანი იყოს”- , ამბობს ანჯაფარიძე. ეს ბოლო ინციდენტი ის შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლების წინასწარ დაგეგმილი კონტაქტი არ შედგა ევროკავშირის გადაწყვეტილების შედეგად.”, - განაგრძობს გამოცემა.
“მაგალითად, “ქართული ოცნების” პარლამენტის დელეგაციამ უარი თქვა ერევანში 28-30 ოქტომბერს დაგეგმილ “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის მე-12 რიგით სესიაში მონაწილეობაზე და ამის მიზეზად ზოგიერთი ევროპარლამენტარის “მტრული რიტორიკა და ქმედებები”, ასევე ასამბლეაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიწვევა დაასახელა. ამ და სხვა შემთხვევების გამო საქართველოს ხელისუფლებას პერიოდულად ადანაშაულებენ ევროკავშირთან კონტაქტების მიზანმიმართულ გაწყვეტაში. ოპოზიცია 21 ნოემბრის გაუქმებულ შეხვედრასაც ამ კონტექსტში განიხილავს. მათი თქმით, ხელისუფლებამ მიზანმიმართლად ჩართო დელეგაციაში სანქცირებული ჩინოვნიკი და გათვლა სწორედ იმაზე ჰქონდა, რომ ევროკავშირი ამის გამო შეხვედრას გააუქმებდა, რაც შემდეგ “ოცნებას” ბრიუსელისთვის ბრალდების წაყენების საბაბს მისცემდა”, - დასძენს გამოცემა.
რას უპირებს განათლების სამინისტრო მასწავლებლებს - ახალი სასკოლო რეფორმა და მისი შესაძლო შედეგები
“განათლების სამინისტროში მასწავლებლების კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა პედაგოგებთან შეხვედრები დაიწყო, რის შესახებაც თავად სამინისტრომ გაავრცელა განაცხადებაა, სადაც ნათქვამია, რომ ჯერჯერობით 200-მდე პედაგოგს შეხვდნენ. მასწავლებელთა სტატუსები ისევ ძალაშია, თუმცა, განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა ახალი მექანიზმი შემუშავდება ამ მიმართულებით. განათლების სამინისტროში ითქვა, რომ ახალი მოდელი ეფუძნება შემდეგ მთავარ პრინციპებს: დეცენტრალიზაციას; პრაქტიკაზე დაფუძნებულ მიდგომას; საჭიროებაზე დაფუძნებულ წინსვლას; კარიერული წინსვლის მიმართულებებს და ეფექტიანობის შეფასებას. მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს, 2015 წელს შემუშავდა, რომლის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე - უფროსი პედაგოგები, მესამე კატეგორიას წამყვანი მასწავლებლები წარმოადგენენ, მეოთხე კატეგორიას კი მიეკუთვნებიან მენტორი მასწავლებლები. ამავე სქემაზეა მიბმული პედაგოგთა ხელფასებიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უპირებს განათლების სამინისტრო მასწავლებლებს - ახალი სასკოლო რეფორმა და მისი შესაძლო შედეგები.
“როგორც განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში სასკოლო რეფორმის პრეზენტაციაა დაანონსებული, სადაც ცენტრალური საკითხი სწორედ ამ სქემას უჭირავს, რომელიც ორი წელია, ფაქტიურად, უფუნქციოა და რომელიც, მისი აზრით, სრულიად უნდა გაუქმდეს. “ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის პირველ რიცხვებში დაანონსებულია სასკოლო რეფორმის პრეზენტაცია. ცენტრალური ადგილი მასწავლებელთა სქემას უჭირავს. მთავრობის დამტკიცებული სქემა ხელისუფლების მხრიდან ორი წელია შეჩერებულია - არ ატარებენ უმაღლესი კატეგორიების - წამყვანი და მენტორი მასწავლებლების გამოცდებს, ანუ ეს სტატუსები არ ენიჭებათ სქემის ხელოვნურად გაჩერების გამო. წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ გადააქვთ ამ სქემის ამუშავების თარიღები”, - ამბობს ექსპერტი, რომლის თქმით, “მინისტრის მოადგილემ, სკოლების კურატორმა თამარ მახარაშვილმა 200-ზე მეტ მასწავლებელთან, დირექტორებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან წინა კვირას თათბირი ჩაატარა და იქ განუხილავთ ეს საკითხი, მაგრამ, როგორც ირკვევა, მთლიანობაში ეს სქემა ჯერ ცნობილი არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ეს სქემა უნდა გაუქმდეს, რომელიც არაადამიანური, მწამებლური, კორუფციული სქემებითაა დატვირთული და დოკუმენტი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროსაა ხელმოწერილი. ამას პრემიერი საერთოდ არ უნდა არეგულირებდეს, ზოგადი განათლების კანონში უნდა იდოს, მაგრამ პარლამენტის მაშინდელმა განათლების კომიტეტის თამჯდომარემ, აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ არ ჩადო და პრემიერ-მინისტრს მოაწერინეს ხელი. მასწავლებლები ოთხ სტატუსად არ უნდა იყოფოდნენ. უფულო მასწავლებლის ჯიბიდან უკვე 2 მილიარდი თანხაა ამოღებული ფასიანი ტრენინგებით, კრედიტების გროვებით, საჭირო პროექტების, საქმიანი დოკუმენტების გაკეთებით. თითოეული ქაღალდის დაწერაზე და ამათი სქემის თანდართულ დოკუმენტებზე მასწავლებლებს ტრენერების დაქირავება და მათზე ფულის გადახდა სჭირდებოდათ. ეს დღესაც ხდება ღიად, მაგრამ არა ასეთი დიდი დოზით. ასეთი კორუფციული ხვრელებით დატვირთული სქემა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. თან არ მუშაობს. ათიათასობით მასწავლებლის უფლება ირღვევა. სრული კონცეფცია მაქვს დაწერილი, მივაწვდი სამინისტროს, სადაც მოცემული მაქვს როგორ უნდა შეფასდეს მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები. მის ხელფასზე იქნება დანამატები კოეფიციენტების საშუალებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა ნიკოლაიშვილი.
“რისთვისაა საჭირო მასწავლებლის სტატუსებად დაყოფა? მასწავლებლის შრომისა და ხელფასების დიფერენცირება ყველა ქვეყანაში ხდება სამი მთავარი კრიტერიუმით: 1. მასწავლებლის განათლების აკადემიური ხარისხი; 2. პედაგოგიური სტაჟი; 3. მასწავლებლის საქმიანობა - მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასწავლებლის მოსწავლეებთან წარმატებით მუშაობა. ჩემი კონცეფციის მეორე გლობალური საკითხია, რომ პრემიერ-მინისტრმა სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს. რამდენიმე ცენტრი უკვე ლიკვიდირდა და მისი ფუნქციები გადაეცა ზოგი სამინისტროს, ზოგი სხვა უწყებებს. ამ ცენტრმა ვერ უზრუნველყო მიზნებისა და მოვალეობების შესრულება; ასევე ვერ შეძლო მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი განვითარება; ვერ შეძლო სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული მომზადების, განვითარებისა და მასწავლებლობის უფლების მინიჭების ერთიანი მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებისა და მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების საქმეში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“პრემიერს და სამინისტროს მივმართავ - წარმოვადგენ მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარების მასწავლებლის შეფასების კონცეფციას, რომელშიც მასწავლებლის სახლი საჭირო არაა. ცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და მოვალეობების საკითხები სამინისტროს გადაეცემა, ხოლო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ზოგიერთი ფუნქცია - ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლებს, ზოგიერთი კი - მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების მქონე უნივერსიტეტებს გადაეცემა. ახლა უნივერსიტეტებში რეფორმებია დაგეგმილი და თავის თავზე უნდა აიღოს მასწავლებლის მომზადებაც და პროფესიული განვითარებაც. ცენტრის გაუქმების შემთხვევაში, სამინისტროს გადაეცემა - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, პედაგოგის პროფესიის რეგულირების წესისა და კონცეფციის მომზადების საკითხები. ხოლო სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გადაეცემა - მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა, მასწავლებლის ვაკანსიების რეგისტრაციის საკითხები, მასწავლებელთა ატესტაციის შედეგები, მასწავლებლის პორტფოლიოს მონაცემები ელექტრონული ვერსიისათვის”, - მიიჩნევს განათლების ექსპერტი.
“პედაგოგიური პროდუქტის შექმნის საკითხები კი გადაეცემა და დაევალება შესაბამის უნივერსიტეტებს. ან იაკობ გოგებაშვილის სახელობის განათლების ეროვნული ინსტიტუტი აღადგინონ, რომელიც ილიაუნს “ნაცებმა” გადასცეს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან ერთად ამ ფუნცქიას შეითავსებს. სქემის გაუქმებას მოჰყვება მასწავლებლების მაძიებლობის ძვირადღირებული პროგრამის და მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის გამოცდების გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ნაშრომების გამსწორებელი ექსპერტების თანამდებობების გაუქმება. ამავე ცენტრის ექსპერტებისა და ტრენერების მოვალეობას უნივერსიტეტების პროფესორები შეასრულებენ”, - დაასკვნის მანანა ნიკოლაიშვილი.
“კონცეფციით უქმდება: მასწავლებლის სახლის ექსპერტები, ტრენერები (რომლებსაც უზარმაზარი ხელფასები აქვთ), უქმდება მასწავლებლის სტატუსები, პორტფოლიოების წარმოების წესი, მაგრამ ხელფასები არ აკლდებათ - დარჩება ძალაში ის, რაც აქვთ. პორტფოლიოს სკოლის დირექცია გააკეთებს მასწავლებლებთან ერთად, ოღონდ სამინისტროს სინფორმაციო ცენტრში განათავსებენ. მასწავლებლის სახლის პროგრამების ბიუჯეტის თანხები უნივერსიტეტებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს გადაეცემა, ფინანსების ხარჯვა ბევრად ეფექტურად წარიმართება და კარგი შედეგები დაიდება. რაც მთავარია, განხორციელდება ფორმულა - სკოლის კავშირი უნივერსიტეტებსა და მეცნიერებასთან. „ქვეყანაში საგნობრივი ინსპექტორის ინსტიტუტი უნდა აღდგეს, რომ საგნის პროფესიონალი მასწავლებელს გაკვეთილებზე დაესწროს და შეამოწმოს. ერთ გამოცდას რომ ჩააბარებს, მერე იქნება რას აკეთებს ეს მასწავლებელი?” - დასძენს ნიკოლაიშვილი.
“უპრეცედენტო დივერსია” - პოლონეთი რუსეთს პირდაპირ ადანაშაულებს და მის ბოლო საკონსულოს ხურავს
“პოლონეთმა რუსეთს უპრეცედენტო დივერსიის მოწყობაში დასდო ბრალი და გდანსკში მისი ბოლო საკონსულო დახურა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უკრაინისკენ მიმავალი რკინიგზის აფეთქება “სახელმწიფო ტერორიზმის” ნაწილია, რომლის მიზანი მსხვერპლის გამოწვევა იყო და ამაზე პასუხი მხოლოდ დიპლომატიით არ შემოიფარგლება”. მეორეს მხრივ, კრემლი პოლონეთის ხელისუფლებას რუსოფობიაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება “საღ აზრს მოკლებულია”, ხოლო საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით “მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეიძლება” სიკორსკის თქმით, რკინიგზაზე მომხდარ დივერსიასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, დაელაპარაკება და 20 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს უახლეს ინფორმაციას მიაწვდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უპრეცედენტო დივერსია” - პოლონეთი რუსეთს პირდაპირ ადანაშაულებს და მის ბოლო საკონსულოს ხურავს.
“სიკორსკი ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, შეზღუდონ ბლოკში აკრედიტებული 2 000 რუსი დიპლომატის გადაადგილება, რადგან “მათი თითქმის 40% დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო დავალებებს ასრულებს”. სიკორსკის თქმით, მან არაერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობა კიდევ უფრო შემცირდებოდა, თუ ის პოლონეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს არ შეწყვეტდა. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ პოლონეთში ერთადერთი რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც ღია დარჩება, ვარშავაში მდებარე საელჩო იქნება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მომხდარი “უპრეცედენტო დივერსიის აქტად” შეაფასა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით კი, რომელიც ტუსკს ტელეფონით ესაუბრა, დივერსანტები “ტელეგრამს” იყენებდნენ, ხოლო ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ ამის უკან რუსული კვალია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კვირას, ვარშავა-ლუბლინის მარშრუტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ რკინიგზის ლიანდაგები გაანადგურა. 19 ნოემბრის მონაცემებით, ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დააკავეს - ამის შესახებ პოლონეთის უშიშროების სამსახურის მინისტრის პრესსპიკერმა, იაცეკ დობრჟინსკიმ განაცხადა. კრემლმა პოლონეთი “რუსოფობიაში” დაადანაშაულა. ხოლო საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით კითხვაზე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ პოლონეთის ურთიერთობები “სრულად დეგრადირდა”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვა განცხადებით, “საპასუხო ნაბიჯის სახით, რუსული მხარე რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების რაოდენობას შეამცირებს”... უკრაინის პრეზიდენტის თქმით კი, “დივერსიით რუსების გარდა არავინ არის დაინტერესებული~. ხოლო მომავალში რუსული მხარის მხრიდან მსგავსი სიტუაციების შექმნის თავიდან აცილების მიზნით იქმნება უკრაინულ-პოლონურ ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს”, - დასძენს გამოცემა.