თამარ იოსელიანი - ერთობლივი მუშაობით შევძელით ევროპული, ძალიან ავტორიტეტული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian-ის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა

საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ნორვეჯიანის" (Norwegian) შემოსვლა, რომელიც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის შეასრულებს რეისებს, ისტორიული მოვლენაა - აქამდე დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ გვქონდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა უკვე მეორე ევროპულმა ავიაკომპანიამ დაადასტურა - გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი ასევე პირდაპირ ფრენებს შეასრულებს თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-ი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის 27 ივნისიდან დაიწყებს და კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისებს თბილისსა და კოპენჰაგენს შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე მუშაობა უწყებამ დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თამარ იოსელიანი კი აგვისტოს თვეში, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ნორვეგიაში პირადად იმყოფებოდა.

„ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლის თაობაზე მოლაპარაკებებში ჩართული იყო როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავი". ჩვენი ერთობლივი მუშაობით შევძელით ევროპული, ძალიან ავტორიტეტული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოყვანა. Norwegian-ი სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა სკანდინავიის ქვეყნებში, Scandinavian Airlines (SAS)-ის შემდგომ კი პირველი. შესაბამისად, ავიაკომპანიას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხვების შედეგად ავიაკომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა და გასულ წელს სკანდინავიიდან ვიზიტორთა დაახლოებით 27%-იანი მატება დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, სწორედ ეს განაპირობებს ავიაბაზარზე საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს.

„ეს იყო ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, რომ ჩვენ შევძელით Norwegian-ის საქართველოში შემოყვანა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ოპერირება ბაზარზე კონკურენციას ზრდის, შესაბამისად, დაბალი ფასები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ. უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიის ქვეყნები ჩვენი სამიზნე მიმართულებაა - იქიდან საქართველოში მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტები შემოდიან და ჩვენთვის ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა