სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე - არ შეიძლება ქვეყანა დამოკიდებული იყოს გარეთ მყოფ თანამოქალაქეებზე, თუნდაც ტრანსფერების გამო და თან უფლებებს ვუზღუდავდეთ, ეს ამორალურია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, უცხოეთში მცხოვრები ქართველების ჩამოშორებას ქვეყნის პოლიტიკური პროცესებიდან, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში მოქალაქეების კითხვების პასუხისას, „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ განაცხადა.

ზურაბიშვილის შეფასებით, მიუღებელია ის, რომ ქვეყანას საგრძნობლად აძლიერებდეს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ტრანსფერები, ამავე დროს ხელისუფლება მათ ძირითად პოლიტიკურ უფლებებს უზღუდავდეს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩაედინა რეჟიმს იმისთვის, რომ ქვეყანა დაეზიანებინა, რადგან ეს არის დიასპორის ჩამოშორების მცდელობა. დიასპორის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის განუშორებელი ნაწილი, ასევე ჩვენი ქვეყნის მომავლის. მათთვის ხმის უფლების აკრძალვა არის მცდელობა, რომ მათ არ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ასევე, არის მათთან კავშირის გაწყვეტა, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას.

არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა იყოს დამოკიდებული გარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე, თუნდაც ტრანსფერების გამო და ამავე დროს ვუზღუდავდეთ მათ უფლებებს. ეს არის ამორალური და ეს აზიანებს ქვეყნის მომავალს. ჩვენ არცერთი ქართველი არ გვყავს დასაკარგი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საელჩოები და საკონსულოები მოქალაქეთა ინტერესების დაცვის ნაცვლად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ამოცანების შესრულებაზე არიან ორიენტირებული.

„სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს თავის მოქალაქეებს და მათ უფლებებს უნდა იცავდეს. დღეს საელჩოები სრულად ექვემდებარებიან ერთ პარტიას, ერთი პარტიის მიერ დანიშნული ელჩები და თანამშრომლები აკმაყოფილებენ ერთი პარტიის მოთხოვნებს. ამიტომ, მათთვის მეორადია ჩვენი მოქალაქეებისთვის რამე დახმარების გაწევა. ის საელჩოები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაშია, არ ემსახურებიან ჩვენი კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ ემსახურებიან ამ რეჟიმის მოთხოვნებს, რომელიც მიდის იზოლაციისკენ და ევროპული მომავლის გაუქმებისკენ“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება გაჩუმებას აღარ აპირებს და უახლოეს დღეებში მასშტაბური პროტესტი გაიმართება როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში.

„მგონია, რომ ხმას ყველა ამოიღებს, არ არის ისე, რომ ყველა გაჩუმდეს. ვხედავთ ცოცხალ პროტესტს, ასევე ვნახავთ პროტესტს 28 ნოემბერს, როგორც ვიცი, 28 ნოემბერი არამხოლოდ საქართველოში იქნება, არამედ ძალიან ბევრ დედაქალაქში გაიმართება“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს