ირაკლი კუპრაძე - არალეგიტიმურ პარლამენტში არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს პროპაგანდისტულ შოუს, რომელიც ემსახურება მხოლოდ „ანტიქართული ოცნების“ და ივანიშვილის პერსონალურ ინტერესებს

სულ რაღაც 1 საათში საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარმოადგენს პროპაგანდისტულ შოუს, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ „ანტიქართული ოცნების“ და ივანიშვილის პერსონალურ, სუბიექტურ, კერძო ინტერესებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის განმარტებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მთავარი მოთხოვნაა, გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და ის პირობები, რომელიც „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით გაფორმდა.

„ინტერპელაციის წესით, „ქართული ოცნების“ მიერ ირაკლი კობახიძის დაბარება ემსახურება კიდევ ერთ შესაძლებლობას ივანიშვილისთვის და კობახიძისთვის, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნა არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა. რისთვის? იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სცადოს პროპაგანდით დააბინძუროს საქართველოს მოქალაქეების გონება არაბულ პროექტებთან დაკავშირებით, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ივანიშვილს და კობახიძეს.

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ თვეების განმავლობაში „ანტიქართული ოცნება“ და ივანიშვილი ცდილობს ეს პროექტი შემოასაღოს ეროვნული ინტერესების ღალატის ნაცვლად, როგორც მნიშვნელოვანი პროექტი, რაც სინამდვილეში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ლახავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ „ანტიქართული ოცნება“ აპირებს, 9 მლნ კვ.მ საუკეთესო ტერიტორიების გადაცემას არაბული კომპანიისთვის. ამ ყველაფერს არანაირი შეხება არ აქვს ინვესტიციასთან. ეს არის საქართველოს სიმდიდრის გაცემა ყოველგვარი რაციონალური არგუმენტაციის, ყოველგვარი ეკონომიკური ინტერესების, ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, - განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, „ლელო - ძლიერი საქართველო“ მოითხოვს, ირაკლი კობახიძემ არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„ჩვენ ვნახავთ სულ რაღაც ერთ საათში, რომ კობახიძე არ გასცემს არცერთ კრიტიკულ შეკითხვას პასუხს და ის 15 შეკითხვა, რომელიც რეგისტრირებულია ინტერპელაციის პროცესზე, „ანტიქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ისე დაისმება, რომ ეს მისცემს შესაძლებლობას ირაკლი კობახიძეს, პროპაგანდისტული გზავნილებით უპასუხოს. პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას. სასწრაფოდ უნდა გასაჯაროვდეს ის ხელშეკრულება, რომელიც გაასაიდუმლოა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ. ეს ეხება არაბული კომპანიისთვის 9 მლნ კვ.მ მიწის გადაცემას კონკრეტული პირობების გარეშე. ეს ხელშეკრულება არ იძლევა სანდოობას, არ ვიცით დაზღვეულია თუ არა საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებები, მათი დასაქმების შესაძლებლობა, რა ტიპის გარემოს რეგულაციები არსებობს და ა.შ“, - განაცხადა კუპრაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა