ვიკა ფილფანი პრემიერს - ბატონო კობახიძე, იზიარებთ თუ არა თქვენი ქვემდგომი პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ რიტორიკას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას?

„ქართული ოცნების“ ყველა მედიარესურსი პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ნეიტრალიტეტის მთავარ საკითხად ქცევაში ეხმარება - იზიარებთ თუ არა პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ რიტორიკას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას? - ამ კითხვით პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა მიმართა.

მან “ნეიტრალური საქართველო“ “ქართული ოცნების“ ქვემდგომი პარტია უწოდა.

“თქვენ ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მოქალაქეებს გამოუცხადეთ თქვენი მთავრობის გადაწყვეტილება, შეგეჩერებინათ ევროინტეგრაციის პროცესი. ამის შემდეგ დასავლეთიდან საქართველოს იზოლირება დაიწყო.

ყველა ხილვადობით თქვენთან დაკავშირებულმა პარტიამ “ნეიტრალური საქართველოსთვის“ აქტიურად დაიწყო მთავარი პოლიტიკური მოთხოვნის გაჟღერება, რომ საქართველომ უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე და ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. გარდა იმისა, რომ ეს პარტია ფაქტობრივად პროკურატურისა და სასამართლოსთვის “ოცნების“ დაკვეთების ფორმალურად გადასაცემად გამოიყენება, სამთავრობო მედია და “ქართული ოცნების“ ყველა მედია რესურსი “ნეიტრალურ საქართველოს“ ნეიტრალიტეტის მთავარ საკითხად ქცევაში ეხმარება.

უკვე თვეებია ამან კამპანიური ხასიათი მიიღო - თქვენ, ბატონო კობახიძე, იზიარებთ თუ არა თქვენი ქვემდგომი პარტია “ნეიტრალური საქართველოს“ რიტორიკას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას? - მიმართა კითხვით კობახიძეს ვიკა ფილფანმა.

პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი “ქართულ ოცნებას“ არ შეუჩერებია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2024 წლის 27 ივნისს, თავად ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დიალოგის შეჩერების თაობაზე, რასაც მისივე თქმით, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა და ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

“უტიფრად გამოაცხადეს, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ის, რაც მათ უკვე ივნისში ჰქონდათ შეჩერებული. ამ მასშტაბის დემაგოგია არ ეკადრება ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა, ვხედავთ, რომ დარღვეულია, მათ შორის მორალური პრინციპებიც ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომები შეიცვლება და შეიცვლება ზოგადად, ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს და ორიენტაციას, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ის მკაფიოა და საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული.

“მინდა შეგახსენოთ, რომ შესაბამისი ჩანაწერი დაემატა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით. ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ ოპოზიციამ ამ ჩვენს ძალისხმევას მხარი არ დაუჭირა. ყველაფერი არის ნათელი, ყველაფერი წერია საქართველოს კონსტიტუციაში, თუ როგორია ჩვენი ორიენტაცია, რა გვინდა საგარეო პოლიტიკური კუთხით. თუ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მიდგომები შეიცვლება, თუ გლობალური პოლიტიკური კონტექსტი შეიცვლება, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ყველა დასახული მიზნის მიღწევა. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გლობალური კონტექსტი არ არის ამ საერთაშორისო მიზნების შესრულებისკენ მომართული. ხედავთ, როგორ ვითარდება ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რაც სხვა ქვეყნებზეც აისახება. ხედავთ, როგორია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პოზიცია შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში