ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტებში სტუდენტების ახალი მოდელით მიღება სექტემბრიდან უნდა დავიწყოთ, თუმცა პროექტის მეორე ფაზას: ინფრასტრუქტურის მოწყობას, სახელმძღვანელოებს დაახლოებით 4 წელი დასჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში, კანონმდებლობის გადახედვა, ასევე, შრომის ბაზრის ანალიზი სექტემბრამდე უნდა მოესწროს, თუმცა არის რიგი საკითხები, რომელთა შესრულებასაც 4-5 წელი დასჭირდება.

ამის შესახებ პრემიერმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის განათლების რეფორმის საკითხზე, ინტერპელაციის წესით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია.

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება მომდევნო აკადემიური წლიდან „ახალი მოდელის შესაბამისად უნდა დაიწყოს“, თუმცა, ამავე დროს, კობახიძის თქმით, ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიც არის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ახალი სახელმძღვანელოების შედგენა, დაახლოებით, 4 წელი დასჭირდება.

„რეფორმის განხორციელების ვადებთან და ეტაპებთან დაკავშირებით, გამოვყოფდი ორ ფაზას. პირველი, რაც მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. კანონმდებლობის გადახედვა უნდა მოესწროს მანამდე. ასევე, შრომის ბაზრის ანალიზი უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა დასრულდეს, დაწყებულია უკვე მუშაობა. უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, სექტემბრიდან და ამ თვეებში უნდა მომზადდეს ამისათვის პირობები. ასევე, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი. აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ, არსებული დაფინანსების, საგრანტო მოდელით გააგრძელებენ სწავლას. მათი მდგომარეობა არ შეიცვლება. ყველა შეძლებს დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა.

როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში.

მეორე ფაზა, დაახლოებით, 4-5 წელიწადია. 4 წელიწადში ვფიქრობ, რომ არსებითად მოსწრებადია შესაბამისი ამოცანების შესრულება. ეს არის ახალი ინფრასტრუქტურების შექმნა. ეს არის ყველაზე შრომატევადი საქმე, რაც დროს მოითხოვს. კიდევ ერთხელ, პირველ რიგში, გვინდა, რომ შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში. ასევე, საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, დაიწყება ახლავე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია დასრულდეს, დაახლოებით, 4 წელიწადში.

3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა, ასევე, 4 წელიწადში, თუმცა აქაც, მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, აქაც აქედანვეა მუშაობა დასაწყები, თუმცა ალბათ, თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელიწადი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწასა და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც ვფიქრობთ, რომ 4 წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში