თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ათი პირის პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებულების: ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძის ადვოკატებმა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართეს, გირაოს ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოს მიანდეს.
ნიკა გვენცაძის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რადგანაც არ არსებობს ქმედება იმისა, რომელიც ნიკა გვენცაძის დანაშაულს ადასტურებს.
„ნიკა გვენცაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რიკს უნდა განაპირობებდეს მისი პიროვნული მახასიათებლები და დანაშაულის ქმედების ხასიათი. მოლოდინი იმისა, რომ გვენცაძეს ინტერესი შეიძლება ჰქონდეს დანაშაულის ქმედებისა, მსგავსი ინტერესი არ არსებობს.
არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს გვენცაძის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ახალი დანაშაულის ჩადენის ნაწილშიც სრულად ამოწურულია რისკები და არ არსებობს ქმედება, რომელიც შესაძლოა მის პატიმრობას განაპირობებდეს. ნიკა გვენცაძის ბრალდება არ ემყარება მოწმეთა ჩვენებას. ბუნებრივია, არ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, რადგანაც საქმეში მოწმე ფიზიკურად არ არსებობს. ნულოვანია გამოძიების ხელშეშლის რისკიც და არ არსებობს მიმალვის საფრთხე.
გირაოს ოდენობა თვითონ განსაზღვროს სასამართლომ“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატის, ბორის (ჩელე) ყურუას პოზიციას, მისი თქმით, საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულება არ არსებობს.
„როცა საუბრობს ბრალდების მხარე იმაზე, რომ წარმოდგენილია მტკიცებულებები, კი, ეს კარგად ჟღერს, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ირაკლი ჩხვირკია დანაშაულს სჩადის. ბრალდების მხარის „მტკიცებულება“ არის 13 - წამიანი ვიდეო, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერს აშავებს, არ ანგრევს და ა.შ.
ამ 13 წამიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ირაკლი ჩხვირკია 6 წამით ჩანს და იქ ის დანაშაულის არ სჩადის. ამ 13 - წამიანი ვიდეოთი უნდათ ადამიანის პატიმრობა. ამასთან, მას არ განუხორციელებია არცერთი ქმედება, რაც შეიძლება სასამართლოს მხრიდან შეფასდეს იმდაგვარად, რომ მან მიმალვა სცადა.
მოგმართავთ გირაოს შუამდგომლობით, ოდენობა თავად სასამართლომ განსაზღვროს“, - განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.