არსებობს თუ არა გარდა შურისძიებისა, სხვა მიზეზი, რის გამოც შეიძლება პაატა ბურჭულაძე პატიმრობაში იყოს? - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
თუთბერიძემ მოსამართლეს პაატა ბურჭულაძის მიერ საჯაროდ გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება წაუკითხა და უთხრა, თავადაც მოესმინა, არის თუ არა რამე ისეთი, რომლის წარმოთქმის გამოც, ადამიანი შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.
„საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არის. მასალების გაცვლამდე იმედი მქონდა, პროკურატურა მტკიცებულებებს წარადგენდა.
ყოფილი მაღალჩინოსნების, ქვეყნის ყოფილი პირველი პირების მიმართ, რომელთაც კორუფციული ბრალი აქვთ, სასამართლომაც და პროკურატურამაც ჩათვალა, რომ გირაო საკმარისი იყო, რომ ყოფილ პრემიერ - მინისტრს არ აქვს მექანიზმები ქვეყნიდან წავიდეს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან მტკიცებულებები გაანადგუროს. ახლა გვიმტკიცებენ, რომ თურმე, პაატა ბურჭულაძეს და სხვებს ეს მექანიზმები აქვთ.
მიმალვის საფრთხეზე საუბარი თუ არის, რატომ არ შეიძლება პაატა ბურჭულაძეს პასპორტი ჩამოვართვათ, ან საკუთარ სახლში ელექტრონული მონიტორინგი დაუწესონ?
[მოსამართლეს] მინდა გთხოვოთ, თქვენს თავს ჰკითხოთ, პაატა ბურჭულაძე რომ არ იყოს პატიმრობაში, რუსთავის დაწესებულებაში და იყოს საკუთარ სახლში, არსებობს თუ არა მისგან რამე საფრთხე, შეუქმნის თუ არა ის ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას საფრთხეს, არსებობს თუ არა გარდა შურისძიებისა, სხვა მიზეზი, რის გამოც შეიძლება ის პატიმრობაში იყოს?" - განაცხადა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.