პაატა ბურჭულაძე აქაა, მან ვერ მოახდინა რევოლუცია და როგორ შეიძლება ირაკლი ჩხვირკიამ რევოლუცია მოახდინოს? ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით - ვფიქრობ, აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დავრჩე , - ასე მიმართა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
ირაკლი ჩხვირკიას თქმით, 4 ოქტომბრის აქციის დღეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში არ შესულა.
მისი თქმით, როდესაც უკვე ათონელის რეზიდენციასთან მივიდა ღობე უკვე აღარ ჰქონდა ეზოს, თუმცა მას არ განუზრახავს ეზოში შესვლა.
ჩხვირკიას თქმით, პროკურატურას, მის საქმეში წარმოდგენილი აქვს 13 - წამიანი ვიდო, რითაც მისი მისი დანაშაული არ დგინდება. ჩხვირკვია აცხადებს, რომ, მაშინ, როდესაც სპეცრაზმმა სპეციალური გაზი გაუშვა, სახეში გაზის ნაწილაკების მოხვედრის შემდეგ ხელი აიფარა, თან პარალელურად ცდილობდა, რომ იქვე მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანასთან მისულიყო, რომლის დანახვაც მისი ციმციმით შეძლო. ჩხვირკიას თქმით, პროკურატურის 13 წამიან ვიდეოში სწორედ ეს არის აღნიშნული, სხვა ფაქტი, მათ შორის, ის, რაც მის დანაშაულს ადასტურებს, ვიდეოში არ არსებობს.
მისი თქმით, ის არ აპირებს, სასამართლოს ან პროკურატურას შეურაცხყოფა მიაყენოს, თუმცა “უნდა აღინიშნოს ის, რომ პროკურატურამ სასამართლო პროცესი სიცრუით დაიწყო”.
“ორი თვეა ციხეში ვიმყოფები. დღეს ჩემი ორი მშობლიდან ერთი იმიტომ ვერ ესწრება სხდომას, რომ ცოცხალი არაა, მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, მეგობრები მიმაგრებენ გულს.
ჩემს საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე, ვინც იტყვის, რომ იქ დამინახა. ანუ გამოდის 135 ადამიანს უნდა ვდიო, რაღაც არ თქვას. მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ერთადერთი პლანშეტი მქონდა და ისიც ამოღებულია. მართლა სჯერა ვინმეს, რომ ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ტაქსაობდა, შემოიპარება პროკურორის ოთახში, კომპიუტერში ნახავს და გაანადგურებს 13-წამიან ვიდეოს და წაშლის? ციხის არ მეშინია, ომი, სასიკვდილო დაავადება მაქვს გავლილი, ციხის არ მეშინია.
ბატონო მოსამართლევ, წელიწადში რამდენჯერ ხდება ქვეყანაში რევოლუციის მცდელობა, მე ხომ არ ვარ ისეთ დანაშაულზე, რომელსაც აქვს რეციდივი? გაცილებით მეტი ზიანი შეიძლება აქეთ იყოს...
პაატა ბურჭულაძე აქაა, მან ვერ მოახდინა რევოლუცია და ირაკლი ჩხვირკიამ როგორ შეიძლება რევოლუცია მოახდინოს? ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ამ ქვეყანაში ერთხელ მოვდივართ, ერთხელ მივდივართ და ვცხოვრობთ ისე, როგორც შეგვიძლია. სამყაროში რაც არ იცვლება, არის ის, რომ არაფერი იცვლება. საბოლოო ჯამში, შინაგანი რწმენით და ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ყველა საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი, როცა გადაწყვეტილების გამოსატანად გახვალთ, ვინც არ უნდა იყოს თქვენს ზემოთ, თქვენს და ჩვენს შორის - ჩვენს ზემოთ არის ღმერთი. მართლა არ მეშინია პატიმრობის, მართლა არ მეშინია ციხის. არც ერთი მოწმე არაა, 13 წამიანი ვიდეოა. ვფიქრობ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დავრჩე, თქვენ გადაწყვიტეთ, ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენი გირაო იქნება საკმარისი, რომ გარეთ დანაშაული არ ჩავიდინო. 2 თვეა ციხეში ვზივარ, იქნებ გამომძიებელი ან ვინმე მოსულიყო, ხომ არ შემიძლია რამე ინფორმაციის მიწოდება. თუ გამოძიება შოუს არ დგამს და ჭეშმარიტების დადგენა აინტერესებს, იქნებ, ჩემთან ან სხვასთან მოსულიყო და კითხვა დაესვა””, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.