2024 წლის 28 ნოემბერს, კობახიძის ცნობილი განცხადებით ომი დეკლარირებულად გამოცხადდა ქართველი ხალხის წინააღმდეგაც, ჩვენი პარტნიორებისა და დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგაც. ეს ერთი წელი, ყოველი დღე, ყოველი პოლიტიკური განცხადება „ქართული ოცნებისა“, იყო ნასროლი ძალიან მძიმე ნაღმი ქართველი ხალხის ძალიან ხანგრძლივი სურვილისთვის, გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების ერთი წლის შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს უკუსვლის პროცესში ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება, რადგან მან კანდიდატის სტატუსიც ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას ავანსად მისცა.
„თუ ვინმეს პასუხისმგებლობა არ არის აქ, არ არის ევროკავშირის პასუხისმგებლობა. კანდიდატის სტატუსი ჩვენ მივიღეთ ავანსად, ეს იყო ევროკავშირის მიერ ქართველი ხალხის ნების შემხვედრად გადადგმული ნაბიჯი და ღიად გვითხრეს, რომ „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება, გადადგმული ნაბიჯებით არ იმსახურებდა ამას, მაგრამ ეს მიიღო ქართველმა ხალხმა ავანსად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც და ქართველ ხალხსაც მიეცა დავალება იმისთვის, რომ ჩვენ გადავსულიყავით შემდეგ ეტაპზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დავალება იყო, შეესრულებინა 9-პუნქტიანი გეგმა და რასაკვირველია, არა თუ 9-პუნქტიანი გეგმის შესრულება, მე მგონი 9-ჯერ 9 პუნქტი და ნაბიჯი გადადგეს ისეთი, რომელიც, პირიქით, დაგვაშორებდა ევროკავშირს. ქართველი ხალხისთვის ძალიან ნათელი იყო ამოცანა - ჩვენ ხელისუფლება უნდა გვეიძულებინა, რომ მის ნებასთან თანხვედრაში ყოფილიყო.
როდესაც საერთაშორისო არბიტრები, ამ შემთხვევაში, ევროსტრუქტურები იქნება ეს თუ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომლებსაც დემოკრატიის მეტი გამოცდილება აქვთ და მეტი წვლილი აქვთ შეტანილი დემოკრატიის განვითარებაში, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენთან აღარ არის დემოკრატია, თქვენ მიდიხართ ავტორიტარიზმისკენო, ეს რატომ აღიქმება ჩარევად ? ოდესმე არბიტრი როგორც მოძალადე, ისე აღიქმება ? არა, ის აღიქმება ობიექტურ მსაჯულად“,- განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
გარდა ამისა, ანალიტიკოსმა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობაში საერთო ეროვნული ენერგიის აკუმულირება ვერ მოხდა, პასუხისმგებლობა ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერებს დააკისრა.
„მიუხედავად პატივისცემისა იმ პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც დღეს ციხეში სხედან და რეჟიმის ტყვეები არიან, უნდა გითხრათ, რომ როდესაც შედეგი არ დგება, ამ შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, მათ შორის, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი უნდა შეექმნათ. სამწუხაროდ, მათი პასუხისმგებლობა არის, სხვაგვარად ეს არ გამოვა. თუ შენ ბოლომდე გაცნობიერებული გაქვს რეჟიმი რას წარმოადგენს, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსულ რეჟიმთან, საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლა ასეთი მარტივი არ იქნება და ის არ მოხდება ძალიან დიდი ძალის ცენტრის აკუმულირების გარეშე და დიდი ეროვნული ენერგიის აკუმულირების გარეშე, ეს ვერ შეძლეს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ლიდერი არის სწორი ხედვა და ლიდერი არის გადაწყვეტილების მიღების უნარი და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს პროცესი ვერ ვნახეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც ჩანს, მათი მოტივაცია განსხვავებული იყო ამ ბრძოლაში, რასაც „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება ჰქვია. ზოგისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლება გაენაწილებინა მისთვის, ზოგი მუდმივი ოპოზიციონერის კომფორტზეც თანახმაა, ზოგისთვის მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის ჩანაცვლება საკუთარი ხელისუფლებისთვის და ეს არ აღმოჩნდა საერთო ეროვნული ენერგიის აკუმულაციისთვის საკმარისი. ადამიანებისთვის არ არის საინტერესო, ვინ ჩაენაცვლება ბიძინა ივანიშვილს, ადამიანებისთვის საინტერესოა, რა ჩაენაცვლება იმას, რაც დღეს არის, ანუ რა იქნება მათთვის ყველაზე ხელშესახები და საგრძნობი ცვლილება“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
მან სპორტსა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ასპექტებში პოლიტიკის როლზეც ისაუბრა და შეფასებისას კალათბურთელ გიორგი შერმადინის გადაწყვეტილებას, უკრაინასთან მატჩის შემდეგ, პრემიერ კობახიძისთვის მადლობა გადაეხადა არაბუნებრივი და უხერხული უწოდა.
„მეტისმეტად უხერხული საყურებელი იყო. სანამ დარბაზში სტვენასა და შეძახილებს მივადგებოდეთ, მისივე თანაგუნდელების რეაქციები შენიშნეს, ალბათ, უკეთესად და დააკვირდნენ, როგორი რეაქციები ჰქონდათ შერმადინის თავდახრილ თანაგუნდელებს. ზოგმა ტაშის დაკვრაზეც უარი თქვა. კალათბურთელი ან ნებისმიერი სპორტსმენი რატომ უნდა უხდიდეს ხელისუფლებას მადლობას? რა ემოციური ბმა არსებობს ხელისუფლებასა და სპორტსმენს შორის? ბმა არსებობს გულშემატკივარსა და სპორტსმენს შორის - ასე მოდის გამარჯვება! ძალიან უცნაურია, როდესაც სპორტსმენს ემოციური ბმა აქვს ხელისუფლებასთან, არ არის არც ბუნებრივი და არც ადეკვატური, ძალიან ხელოვნური იყო და თავადაც მიხვდა შერმადინი. ამით გაცილებით უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავისი თავიც და პრემიერიც უნდა ხვდებოდეს, რომ გუშინ ამ მადლობით გაცილებით უფრო მეტი რამ გაუფუჭდა თვითონაც, მის გუნდსაც და ქვეყანაში არსებულ პროცესსაც. ეს არ არის პოლიტიკის ნაწილი, ეს არის მორალის და ზნეობის თემა,“ - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.