ბაკურ კვაშილავა - BBC-ის ფილმი ამბობს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, ინსტიტუტები მოშლილია და უზურპირებულია ერთი პარტიის მიერ, მაგრამ არ არსებობს ბრალდება, რომელსაც „ოცნება“ თვალს გაუსწორებს და ბოდიშს მოიხდის

პირველ რიგში, ჩემთვის ეს ფილმი ამბობს იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, ინსტიტუტები არის მოშლილი და მთლიანად უზურპირებულია ერთი პარტიის მიერ, - ასე შეაფასა „თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივანი ბაკურ კვაშილავამ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრი ინსტიტუცია თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე, ასრულებს პარტიის დავალებას და არ ემსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„ჩვენ რომ გვქონოდა ნორმალური, სამართლებრივი სახელმწიფო, მაშინ ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც არის ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკოსთა ასოციაცია, სტატისტიკის სამსახური, დაადგენდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა დეკემბერში, როდესაც უამრავმა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს ისეთი ჩივილებით, რომელიც არაფერში ჯდება. ჩვენ ვიცოდით ჩვენი ახლობლებისგან და იმ ადამიანებისგან, როლებმაც თავის თავზე გამოიარეს ამ გაზის მოწამვლა, რომ ისეთი სიმპტომები ჰქონდათ, რომელიც არ ჰგავს „წიწაკის სპრეით“ მოწამვლის სიმპტომებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ინსტიტუცია თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე, ასრულებს პარტიის დავალებას და არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს პროტესტი მუდმივად გრძელდება და გაგრძელდება“, - განაცხადა კვაშილავამ.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ პოზიციაც შეაფასა, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს. ბაკურ კვაშილავას შეფასებით, ხელისუფლებაში ყოველთვის ერთი და იმავეს ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ცუდი რამ, რაც „ქართული ოცნების“ შესახებ არის ნათქვამი, ჭორი, მოგონილი და „დიფ სთეითის“ კონსპირაციაა.

„ფაქტობრივად, შეუძლებელია, ჩვენ რომელიმე განცხადებას, რომელიც ამ პარტიის და მისი წარმომადგენლების მხრიდან არის გაკეთებული, რაიმე წონა მივანიჭოთ. ვიცით, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა ნებისმიერ ფასად. წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რას უპასუხებენ ისინი ნებისმიერ ფაქტს, ვის მიერაც არ უნდა იყოს ის წარდგენილი. ისინი უბრალოდ იტყვიან, რომ ეს არის ტყუილი, მოგონილი. სწორედ ამაში ჯდება მათი პასუხები. მომავალშიც რომ გამოჩნდება იმ სამართალდარღვევების შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელდა, ზუსტად იმავე პასუხებს უნდა ველოდოთ. არ არსებობს ბრალდება, მტკიცებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეხედავს, თვალს გაუსწორებს და ბოდიშს მოიხდის“, - განაცხადა კვაშილავამ.

გარდა ამისა, მან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებაც შეაფასა იმის თაობაზე, რომ „ნივთიერებები, რაზეც BBC-ის რეპორტაჟში ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე“. ბაკურ კვაშილავა განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ რღვევაა დაწყებული და ეს დღის სინათლეზე ისეთი ფაქტებით გამოდის, როგორიც არის BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიება.

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ დარჩა სახელმწიფო უწყებებში ან სხვა სამსახურში ისეთი ადამიანები, რომელთათვის საქართველოს ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „ქართული ოცნების“. ახლა ცდილობს ისინი აღმოაჩინოს. ჰგონიათ, რომ ეს ინფორმაცია მათი რიგებიდან გავიდა. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია ზუსტია, ვერ თქვეს, რომ ასეთი იარაღი არ გააჩნიათ. თქვეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მოჰკითხეთო, თითქოს მათი გადმონაშთი ყოფილიყო“, - განაცხადა კვაშილავამ.

გარდა ამ თემისა, მან „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კითხვებს აჩენს ის, თუ რატომ გადაწყვიტა ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეჭრა ზუსტად ამ დროს“.

„ვფიქრობ, იმ მომენტში კონკრეტული ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ეს მიუთითებს იმაზე, რამხელა კრიზისია დღეს ქვეყანაში. კრიზისი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. „ქართული ოცნება“ არ ცდილობს არც პოლარიზაციის შემცირებას, არც დრაკონული კანონების გაწვევას და არც მდგომარეობის განმუხტვას. ეს მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ და ემოციურ წნეხს იწვევს“, - განაცხადა კვაშილავამ და დასძინა, რომ მომხდარი ფაქტის მიუხედავად, პროტესტს ვერაფერი დააზიანებს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოზიციას, რომ „ლელომ“ ალეკო ელისაშვილი პარტიიდან უნდა გარიცხოს, კვაშილავას განმარტებით, ამაზე „ლელომ“ უნდა იმსჯელოს, თუმცა, მათ პარტიას წესდებაში უწერია, რომ ქმედება, რომელიც უკანონოა და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, არის ადამიანის პარტიიდან გარიცხვის საფუძველი. „ალბათ, მათ გაწერილი აქვთ თავიანთი შიდა წესები და რეგულაციები, რომელიც ასეთ შემთხვევაში გარკვეულ ქმედებებს მოითხოვს. ჩვენ პირდაპირ გვიწერია ჩვენს წესდებაში და ხელშეკრულებაში, რომ ისეთი ქმედება, რომელიც უკანონოა და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, არის ადამიანის პარტიიდან გარიცხვის საფუძველი. ეს პირდაპირ წერია“,-განაცხადა კვაშილავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო