შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა. ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, შალვა პაპუაშვილის კელი დეგნანთან შეხვედრაზე საუბარი სანქციების დაწესების თემას ეხებოდა.
„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეხვედრას კელი დეგნანთან, იქ საუბარი იყო კონკრეტულ თემაზე, ეს ეხებოდა სანქციების დაწესების თემას და ამაზე დეტალურად ისაუბრა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ. ამასთან ერთად, შემიძლია გავიხსენო, რომ დამატებით იყო სამი შეხვედრა, ამ სამიდან ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მეც და ამ სამიდან ორ შეხვედრაზე პირდაპირ იყო საუბარი „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით. იქ არ იყო საუბარი მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, მხოლოდ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე. იმ შეხვედრებზე, რომელთაგან ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, პირდაპირ იყო საუბარი „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით, სრულიად ღია და პირდაპირი ტექსტებით. შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა. ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, მესამე შეხვედრაზე ირიბად იყო საუბარი იგივე თემაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მეორე ფრონტის“ გახსნასთან ერთად, იყო საუბარი პარტიზანულ ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
„ამ სამი შეხვედრიდან 2 შეხვედრაზე ღიად იყო საუბარი „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, მათ შორის მაგალითად, ასეთ სიტყვები იყო გამოყენებული, როცა კითხვა დაისვა- დავუშვათ, ვეღარ შევაკავეთ აგრესია, რა ხდება ამ შემთხვევაში? პირდაპირ გვითხრეს, რომ პარტიზანულ ომზე უნდა გადახვიდეთო. ამ დონის დეტალებში მიდიოდა საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. „მეორე ფრონტის“ გახსნაზე იყო საუბარი. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არ ივარგებს მეტი დეტალის თქმა. კიდევ უფრო მძიმე რამეს გეუბნებით, ქვეყანა თავზე რომ დაგექცევათ, ტყიდან იომეთო, ეს გვითხრეს და ეს კიდევ უფრო მძიმეა, რასაც ვიხსენებ. პირველად იყო საუბარი „მეორე ფრონტის“ გახსნაზე და მერე კიდევ უფრო მძიმე რამ გვითხრეს- ტყიდან უნდა გვებრძოლა პარტიზანულ ომში. „მეორე ფრონტი“ გახსენით, ომში ჩაერთეთო“,- განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განმარტა, „შალვა პაპუაშვილი ყოველთვის აცხადებდა, რომ მასთან იყო კელი დეგნანი მუშტების ბრახუნით და სანქციების დაწესებას ითხოვდა".
კობახიძის განმარტებით, პაპუაშვილი თავის განცხადებაში გულისხმობდა კელი დეგნანის „ისტერიკებს და აგრესიას".
„პირდაპირ მუშტი ხომ არ უნდა წარმოიდგინო, აგრესიული, უხეში იყო ეს ქალბატონი, მუშტების ბრახუნზე უარესს აკეთებდა ხოლმე. მუშტების ბრახუნზე უარესს აკეთებდა ხოლმე ეს ქალბატონი, როცა შეხვედრებზე მოდიოდა, ისტერიკებს აწყობდა, უმძიმესი იყო მისი ნახვა შეხვედრებზე. მას არაერთი ასეთი ისტერიკა მოუწყვია. აუცილებელი არ არის, რომ მაგიდაზე მაინც და მაინც ხელი დაარტყას ვიღაცამ, უარესს აკეთებდა ხოლმე და დარწმუნებული ვარ, იგივე გააკეთა შალვა პაპაშვილთანაც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.