ირაკლი კობახიძე - BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა

BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ BBC-ის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერს განვითარებულ მოვლენებსა და 9 აპრილის მოვლენებს შორის პარალელს, როგორც კობახიძემ განაცხადა, 9 აპრილისგან განსხვავებით, ნოემბრის მოვლენების დროს კლინიკებში მიმართვიანობაც კი არ ყოფილა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რომ ეს საკითხები კითხვებს აჩენს, კობახიძემ უპასუხა: „არაფერს აჩენს“.

„თქვენ ხართ ამ ხელოვნური სკანდალის თანამონაწილე. რეალურად, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ერთი, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკების მიმართ. გახსოვთ, მაგალითად, 9 აპრილის დროს რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენი ხანი გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა და ასე შემდეგ, როდესაც კონკრეტული ნივთიერება გამოიყენეს. აქ არავითარი მიმართვიანობაც კი არ ყოფილა, ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ხელოვნურად ცდილობთ შექმნათ სკანდალი იქიდან, სადაც სკანდალი არ არსებობს. თქვენი ტელევიზიები დავიდა იქამდე, რომ „თუთიყუშებს დასცვივდა ბუმბულები“. თქვენ პასუხობთ ამას, ძალიან ღარიბად გამოიყურება თქვენი სკანდალის აწევის ეს იაფფასიანი მცდელობა. BBC და თქვენ ერთ დონეზე ხართ“, - მიმართ კობახიძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ