შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი აღმოჩნდა გაუგებრობაში, რადგან აქციაში გაიარა, როგორც თვითონ ამბობს, შემთხვევით აღმოჩნდა იქ, დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა - ასე რომ, ნუ შეაფერხებენ სხვების გადაადგილებას

აგერ, ვნახეთ ცოტა ხნის წინ გერმანიის ელჩი აღმოჩნდა გაუგებრობაში იმის გამო, რომ გაიარა აქციაში. როგორც თვითონ ამბობს, შემთხვევით აღმოჩნდა იქ, დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა და ამხელა საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ასე რომ, ნუ შეაფერხებენ სხვების გადაადგილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეკრება-მანიფესტაციის წესის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი პროექტი სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტთან, ისე სტრასბურგის პრაქტიკასთან.

„რაიმე სამართლებრივი წუნი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით, იგივე შეეხება მოქალაქეების გადაადგილებისთვის შეფერხების არ შექმნას. აქაც შეტყობინების წესი დღესაც არსებობს ყველა ასეთ შეკრებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, თუკი ამგვარი შეკრება ხელს უშლის ან შეაფერხებს მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვანაირი გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია - თუკი მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც არ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა გზა არ უნდა იკეტებოდეს და ამაზე კარგია, რომ შეთანხმდა მთლიანად საზოგადოება, მათ შორის, ის ადამიანები, ვინც აქციებში არიან ჩართულები, ამ მხრივ კანონს ემორჩილებიან და არის სრული გაგება, თუ რა სტანდარტი უნდა მოქმედებდეს, იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებსაც - თუკი არ არის საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. ხელოვნურად არ უნდა მოხდეს გადაკეტვა.

ვისაც უნდა რაიმე პროტესტის გამოხატვა, ამისთვის აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმის გარეშე, რომ არ შეაფერხოს სხვა მოქალაქეების უფლებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს. ამ მიმართულებით ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ კიდევ ერთხელ ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

დგინდება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს.

აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა