ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე რამდენიმე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 26-დან 24 მომჩივნის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა/ეფექტური გამოძიების ნაკლებობა) ორივე ასპექტი დაირღვა. 14 მომჩივნის მიმართ მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) დაირღვა. 11 მომჩივნის მიმართ მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება) დაირღვა“, - ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ 38-ე მუხლი (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო საშუალების უზრუნველყოფა) არ დარღვეულა.

„საქმე ეხებოდა პოლიციის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მთავრობის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციის დაშლას. დაახლოებით 12 000 ადამიანისგან შემდგარი პროტესტი, რომელსაც დაახლოებით 5 000 პოლიციელი აკონტროლებდა, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის ერთ-ერთი ცნობილი წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა. მომჩივნები (ერთის გარდა) ან აქციის მონაწილეები იყვნენ, ან ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ. უმეტესობამ სახელმწიფო ორგანოების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღო“, - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილების თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უკვე ხუთწელიწადნახევარზე მეტხანს გრძელდება, მას ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება არ მოჰყოლია. ასევე, მომჩივნების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ დასკვნების გამოტანა არ მომხდარა და არც იმ სახელმწიფო აგენტების იდენტიფიკაცია მომხდარა, რომლებმაც ძალას გადაამეტეს ან გადამეტებული ძალის გამოყენების ბრძანება გასცეს“.

„ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ მომჩივნების დაზიანებები მათივე ქმედებების შედეგად გარდაუვალი იყო. როგორც ჩანს, პოლიციამ რეზინის ტყვიები ხალხის კონტროლის ზოგად იარაღად გამოიყენა. მომჩივანი ჟურნალისტებისთვის აქციის გაშუქებაში ხელის შეშლა პროპორციული და გამართლებული არ ყოფილა“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილების მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დემონსტრაციის დაშლის სურვილის გარკვეული გამართლება არსებობდა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ აქცია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა და ზოგიერთ დემონსტრანტს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ დაშლის ფორმა გამართლებული არ ყოფილა“.

„უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული იქნა გაუმართლებელი დონის ძალა, რამაც მომჩივნებსა და სხვა პირებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში