თეონა აქუბარდია - „სამთავრობო ქალაქის“ აშენების გეგმით ხელისუფლება გაურბის პროტესტს, ისე როგორც დამატებითი ფულის შოვნა სურს, რაც შეეხება ენგურს მიღმა საბაჟო ტერმინალის აშენებას, ეს მოსკოვთან ფარული გარიგებების ეჭვებს ზრდის

ენგურს მიღმა საბაჟო ტერმინალის აშენება, მოსკოვსა და თბილისს შორის ფარული გარიგებების ეჭვის ალბათობას ზრდის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, გალის რაიონში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, საბაჟო ტერმინალის აშენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება და კრემლი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ დე იურედაც მოაქციოს საკუთარი გავლენის ქვეშ.

„საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის საზღვარი თუ არსებობს ფსოუზე, მათ სურთ ამ საზღვრის ენგურზე, გალის რაიონში გადმოტანა. თვითონ გენერალური დირექტორი, რომელიც საუბრობს ამ ჰაბის შესახებ, ამბობს, რომ ეს ტერმინალი აშენდა რუსული და აფხაზური კერძო ინვესტიციით და რომ ეს სჭირდება მათ სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს, რომ სანქციების თავიდან აცილების რეჟიმში იყოს ჩართული და რომ ტვირთები სავარაუდოდ შეიძლება იყოს ირანიდან, ინდოეთიდან, მათ შორის, ახსენებენ სომხეთსა და აზერბაიჯანს და რომ საქართველოს მოქალაქეები ტრაილერებით იქ ვერ შევლენ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

კითხვაზე, რა აძლევს მას იმის ვარაუდის საფუძველს, რომ რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე საბაჟო ტერმინალის მშენებლობის გეგმის განხორციელებაში თბილისის თანხმობა აქვს, რის ეჭვიც აქუბარდიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშიც გამოთქვა, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამის თქმის საფუძველს, პირველ რიგში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების დუმილი აძლევს.

„პირველ რიგში, მათ დუმილი, მათ შორის, ამ ტერმინალთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გუშინ დაარღვია ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. მეორე, რაც მაძლევს ამ საფუძველს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ახორციელებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ამ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაც იდგა სწორედ მათ მხარდაჭერაზე, დღეს საერთაშორისო პარტნიორები, დასავლეთი, არის სრულიად იზოლირებული, მათ გააკეთეს ისე, რომ საქართველო ჩამოაშორეს ამ დასავლურ სივრცეს და დაარტყეს, მათ შორის, არაღიარების პოლიტიკას და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, როდესაც შენს ქვეყანას ოფიციალური დოკუმენტით, არალეგიტიმური პარლამენტის, წულუკიანის ღალატის კომისიის, დასკვნის თანახმად, აბრალებ ომის დაწყებას, ამით ხელ-ფეხს უხსნი იმ ზეწოლის განხორციელებას, რომელსაც რუსეთი 2008 წლის ომის შემდეგ ჟენევაში ახორციელებს საქართველოზე, რაც ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმების შესახებ არის, რომ ჩვენ ავიღოთ ვალდებულება, რომ თავს არ დავესხმებით ცხინვალსა და აფხაზეთს და არა რუსეთს, რომელიც რეალურად არის ამ ომში ფიგურანტი, ამას ითხოვს რუსეთი დიდი ხანია. ჩვენ ცალმხრივად გვქონდა საერთაშორისო ვალდებულება აღებული, რომ ომით არ დავიბრუნებდით ტერიტორიებს, მაგრამ რუსეთი ამბობს, რომ ამას ხელი უნდა მოვაწეროთ აფხაზეთთან და ცხინვალთან. მაშინ, როდესაც დასავლელი პარტნიორები აღარ გყავს, მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ერთიანობა არ გაქვს და კიდევ უფრო დასუსტებულია ქვეყანა და მაშინ, როდესაც რუსეთს მიეცა კიდევ ერთი კოზირი ომის დაწყების რუსული ვერსიის გამართლებისა, თვალს ხუჭავ იმაზე, რომ გალში ტერმინალი შენდება და აბსოლუტურად რუსული გავლენის ობიექტად აქცევ მთლიანად საქართველოს, ეს, რა თქმა უნდა, ფარული გარიგებების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის, მით უფრო, როდესაც ჩვენ ეს ვნახეთ გახსნილ ფრენებთან დაკავშირებით, ამიტომ ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და კრემლი აუცილებლად გააძლიერებს ზეწოლას, რომ საბოლოოდ მიიყვანოს ეს ყველაფერი ისე, რომ თან ფული გააკეთოს და თან სამ სახელმწიფოდ დაშლილი საქართველო დააბრუნოს თავისი გავლენის სფეროში არა დე ფაქტო, არამედ, მათ შორის, დე იურედ. მთავარი რაც ამას ხელს უშლის არის ხალხის წინააღმდეგობა“,- განაცხადა აქუბარდიამ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ყოფილი „არსენალის მთაზე“ „სამთავრობო ქალაქის“ აშენების ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს და ამასთან, გაურბის იმ პროტესტს, რომელსაც რეპრესიული კანონებითაც კი ვერაფერი მოუხერხა.

„მე მახსენდება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ანალოგიური ინიციატივა და ქუთაისში აშენებული პარლამენტი, ისევე, როგორც მთავრობის სახლი, შესაბამისად, ახალი არაფერი არ არის, მიჰყვებიან იგივე გზას, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ატყუებენ, რომ თითქოს ებრძვიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს უკავშირდება იმ კომფორტს, რომელიც მათ ვერ შეიქმნეს იმ რეპრესიული კანონებით, რომლებიც, მათ შორის, გუშინ მიიღეს. ხელისუფლება გაურბის აქციის მონაწილეებს, ისევე, როგორც მას სურს დამატებითი ფულის შოვნა. როდესაც კობახიძე გამოდის და განათლების რეფორმის სურვილში ფუთავს იმას, რომ ჭავჭავაძეზე არსებული უნივერსიტეტის რიგი შენობები უნდა გაიყიდოს, ეს, რა თქმა უნდა, ფულის სურვილს უკავშირდება, ისევე როგორც ისტორიული პარლამენტის შენობის გაყიდვაც არც თუ ისე პატარა ფულს მოუტანს მათ. ასე რომ, აქ არის, ერთი მხრივ, სიხარბე და ფული და მეორე მხრივ, გაქცევა იმ პროტესტისგან, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გასულები არიან კონსტიტუციური სივრციდან. ეს არის ავტორიტარიზმის ახალი ფურცელი, რითაც ისინი ემსგავსებიან მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთპარტიული პარლამენტი რუსთაველზე ვერ მუშაობს კარგად და სხვა ტერიტორიაზე უკეთესად იმუშავებს ?! ხომ გასაგებია, რომ აქ არის ფულის გაკეთების მცდელობა და მათ შორის, იმ სიმბოლოების მოშლა, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ჰქონდა,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა