ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის პროგრამების კურსდამთავრებულთა (Alumni) ქსელს ქმნის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 30-წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება, რომელზეც წარმომადგენლობამ ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას სხვადასხვა ევროპული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ესწრებოდნენ, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მზარდი საგანმანათლებლო და კულტურული კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„აღინიშნა, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს განვითარების, სტაბილურობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერის შედეგია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, დამსწრეებს მიმართა და 30-წლიანი გზის შესახებ ისაუბრა - 1990-იანი წლების ჰუმანიტარული დახმარებიდან დღევანდელ მრავალმხრივ თანამშრომლობამდე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ინტეგრაციას, ინსტიტუციურ რეფორმებს, მშვიდობის მშენებლობასა და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

ევროკავშირის ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საგანმანათლებლო მობილობის გავლენასა და ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნის მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ოცდაათი წლის განმავლობაში, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას – როგორც კარგ, ისე რთულ დროს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ: საქართველო ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. მოვუწოდებ თითოეულ ქართველს, შეინარჩუნოს იმედი, რადგან თქვენი მომავალი ევროპაშია – და ჩვენ ამ გზას ერთად გავაგრძელებთ“,- განაცხადა ჰერჩისკიმ.

„ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო–ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერებისკენ. ქსელი გააერთიანებს გაცვლითი პროგრამების ყოფილ მონაწილეებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს და მიზნად ისახავს დინამიკური პლატფორმის შექმნას ცოდნის გაზიარებისთვის, თანამშრომლობის ხელშეწყობისა და იმ საერთო ღირებულებების განმტკიცებისთვის, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ