ზურაბ სიხარულიძე - თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ

თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ, - ასე ეხმაურება ნარკოლოგი, პარტია „ფედერალისტების" წევრი ზურაბ სიხარულიძე 9 დეკემბერს, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს.

მისი თქმით, აღნიშნული „ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს".

„აბა, მივიღეთ ახალი „სუპერ ინოვაციური“ კანონიც — ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების რეესტრის და საერთო ბაზის შექმნა. ბრწყინვალე იდეაა, ნამდვილად: ფსიქიატრიას და ნარკოლოგიას ბოლომდე დაანგრევს, თან ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ისე უხეშად დაარღვევს, რომ სანახაობა გამოდის.

გამოიცანით აბა: რომელ „ცივილიზებულ“ ქვეყანას აქვს ასეთი კანონი? არა, მართლა, ნუ გაგიკვირდებათ, გვაქვს კიდევ ერთი გზა, რომ ადამიანები საერთოდ დააფრთხონ ექიმებისგან. თუ აქამდე სტიგმის გადალახვა მაინც შეიძლებოდა და ფსიქიატრთან მისვლა ოდნავ იყო შესაძლებელი, ახლა ამასაც სპობენ", - წერს ზურაბ სიხარულიძე.

შეგახსენებთ, 9 დეკემბერს, პარლამენტმა, მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლის ძირითადი სიახლე არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ასეთი ბაზის შექმნის ინიციატივით პარლამენტს ჯერ კიდევ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა