სად დაკარგეს კაცო ამხელა ღობე? სად წავიდა? ღობე რომ გადაჭრეს და მავთულით მიაბეს... მშურს, ამ ბიჭების და ამ გოგოების გვერდით რომ არ ვზივარ, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ავთანდილ სურმანიძის ადვოკატმა ნანა ფარჩუკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხვა ადვოკატებთან ერთად შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
„ბრალდების მხარე მათ ხელისუფლებისადმი აგრესიულად განწყობილს უწოდებს... მშურს, მათ ადგილას რომ არ ვარ. ამ ადამიანებს ისტორია გმირებად შეაფასებს.
სწორად შეგვირჩიეთ ფრაზები, საღად მოაზროვნე და პროტესტით განწყობილი ადამიანები გვიწოდეთ...
იქ ვიდექი მეც, თუ ჯგუფურობაზეა საუბარი, 120 000-იანი ჯგუფი იყო, თუ აზროვნებით ჯგუფურობაა, მეც მათ შორის ვარ",- განაცხადა ფარჩუკაშვილმა.
ადვოკატის თქმით, პაატა ბურჭულაძის და პოლიტიკოსებების მოწოდება მხოლოდ იქვე მგდომ ხალხს შეიძლებოდა გაეგო.
„სად დაკარგეს კაცო ამხელა ღობე? სად წავიდა? ღობე რომ გადაჭრეს და მავთულით მიაბეს...
თქვენი საქმე აუცილებლად დაინგრევა, როცა ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე მაგალითად, ისეთი ემოციური ადამიანი ვარ, ყველა გამოსვლაზე ტაშს ვუკრავდი, ეს ადამიანი [ავთანდილ სურმანიძე] კიდევ, მშვიდად იდგა აქციაზე, ის სპეცრაზმელების წინ იდგა, იმდენად მშვიდად და არაფერს აკეთებდა, უმოქმედობის გამო თუ დასჯით. მას შემდეგ, რაც წყლის ჭავლი წყალს ისვრის, ის ქურთუკს იფარებს სახეზე, მერე დაბლა იხრება და დაბლა დახრილზე, გაბრაზებულზე იღებს რაღაცას, ისეთი პატარაა ის რაღაც, ვერ ვიტყვით, ეს გირჩია, კამფეტი თუ რა, გაბრაზებული ამ რაღაცას წყალს ესვრის, ეს არის ყველაფერი, რაც მან "ჩაიდინა". ის უდანაშაულოა, ამავე სასამართლოში და ამავე დარბაზში უნდა დადგინდეს მისი უდანაშაულობა. მშურს რომ ამ ბიჭების და ამ გოგოების გვერდით არ ვზივარ",- განაცხადა ფარჩუკაშვილმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალესანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.