გრიგოლ გეგელია - მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს კვლავაც გააჩნია ყველა შესაძლებლობა, სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ, თუ ის ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს

მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს კვლავაც გააჩნია ყველა შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ, თუ ის ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს - ევროკავშირი მზად არის, ისაუბროს რეალურ ინტეგრაციაზე, თუ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც გეგელია აღნიშნავს, ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია „ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული, ბოდვაა“.

„ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნდა და კვლავაც გააჩნია ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და გაატარებს ყველა იმ რეფორმას, რაზეც ამ ბოლო წლებში ყოფილა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და მოხდება ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება. შესაბამისად, ნებისმიერი პროპაგანდისტული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული ევროინტეგრაცია, ეს არის სრული ბოდვა და მეტი არაფერი.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვისმენთ, რომ ევროპული კავშირი მზად არის, ისაუბროს რეალურ ინტეგრაციაზე და შემდგომ ნაბიჯებზე, იმ შემთხვევაში თუ შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან.

ამიტომაც, კარი ჩარაზულია კობახიძის მიერ. რუსულმა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეჩერებულიყო საქართველოს ევროატლანტიკური სვლა. ამის შედეგად, ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არის დასრულებული და სომხეთი არნახულ სიმაღლეებს აღწევს საერთაშორისო ასპარეზზე. ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს საკითხი არც კი არის შეტანილი განხილვის დღის წესრიგში, როდესაც სომხეთი დელეგაციით იმყოფება ადგილზე, საკუთარი ეროვნული ინტერესების ლობირების მიზნით“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, „მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“.

„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო განიცდის ისეთ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორსაც არც ერთ სხვა ქვეყანა. ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვაგვარად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ მართლები არ არიან, თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ“, - აღნიშნა მარტა კოსმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება.

„ნამდვილად, ნამდვილად იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, თქვენი ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ